ყოფილი პრემიერმინისტრი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს

ყოფილი პრემიერმინისტრი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ივანე მერაბიშვილი ორშაბათს კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მერაბიშვილი ყველაზე მაღალი რანგის ჩინოვნიკია,რომელიც გასამართლდა ეგრეთ წოდებული პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის სერიაში, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლას მოჰყვა. 

ბატონი მერაბიშვილი, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც ვანოს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირეა. მათი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა და ხელისუფლბას ჩამოაშორა. ივანიშვილი პრემიერმინისტრი გახდა, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადადგა. 

სააკაშვილის მთავრობის ათზე მეტი სხვა მინისტრი და მაღალჩინოსანი აღმოჩნდა მსგავსი სამართლებრივი დევნის ობიექტი სხვადასხვა ბრალდებების საფუძველზე. „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული საქმეების წარმოება ლეგიტიმური ძალისხმევაა და მიმართულია იქითკენ, რომ ყოფილმა ჩინოვნიკებმა პასუხი აგონ კორუფციისა და სხვა დანაშულებებისათვის, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური შურისძიების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. 

ოქტომბერში, საქართველოს პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელი ბაჩანა ახალაია ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლეს. საქმე ციხის ბუნტის დროს შვიდი ადამიანის მოკვლას უკავშირდებოდა. მას სამი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბ-ნი ახალაია, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც ბაჩოს, თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებადაც მუშაობდა. და საქართველოში მისი ეშინოდათ. 

მერაბიშვილი რჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წამყვან ლიდერად, სააკაშვილთან ერთად, რომელმაც პრეზიდენტის ოფისი ნოემბერში დატოვა, მაქსიმალური, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ. 

ორშაბათს, ქუთაისში, მოსამართლის მიერ გამოქვეყნებული ვერდიქტის თანახმად, მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი 2012 წლის არჩევნებამდე ხმების მოსყიდვის მიზნით შექმნილი სქემის გამო გამოუტანეს. გამტყუნდა მერაბიშვილის საქმეში თანაბრალდებული, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელსაც ასევე ედებოდა ბრალი ხმების მოსყიდვის სქემაში მონაწილეობისათვის, და მას დაეკისრა დაახლოებით 29,000 დოლარის გადახდა ჯარიმის სახით. 

ბ-ნი ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები არ გამორიცხავდნენ გამოძიების დაწყებას არც სააკაშვილის წინააღმდეგ, და მის დაპატიმრებას ოფისის დატოვების შემდეგ. სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ რაც მისი პარტია დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან. 

ბ-ნი სააკაშვილი დღეს ლექციებს კითხულობს ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში, ასევე განაგრძობს საჯარო აქტივობას, გამოჩნდა რა უკრაინის დედაქლაქ კიევში, სადაც მხარი დაუჭირა ანტისამთავრობო დემონსტრანტებს, რომლებიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაყენებას ცდილობენ; ასევე დაესწრო მიუნჰენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციას. 

ყოფილ პრემიერმინისტრ მერაბიშვილს წაყენებული აქვს ბრალი სხვა საქმეებშიც, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდება ეხება 2011 წლის მაისში პოლიტიკური ოპონენტების საპროტესტო აქციის დასაშლელად ბრძანების გაცემას გადამეტებული ძალის გამოყენებაზე. ის ყველა საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რასაც ორშაბათის ვერდიქტის გამოქვეყნების შემდეგ ხაზი გაუსვა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც:

„მე უდანაშაულო ვარ, ისევე როგორც უდანაშაულოა ვანო მერაბიშვილი“, თქვა ჭიაბერაშვილმა სასამართლოს სხდომის დარბაზში. „ბევრჯერ ვთქვი, რომ სასამართლოზე მთავრობის მხრიდან იყო დიდი ზეწოლა. ახლა ჩვენ ამ ზეწოლის შედეგს ვხედავთ“. 

თუმცა, ქართველი ჩინოვნიკები, ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის არსებობას უარყოფენ. „ეს მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესია“, უთხრა ჟურნალისტებს ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. „ყველა მოქალაქე თანაბარია კანონის წინაშე, და არ აქვს მნიშვნელობა წარსულში ვის რა თანამდებობა ეკავა“.

foreignpress.ge