დასაქმება გინდათ? საჯარო სამსახურში არსებულ ყველა ვაკანსიას ერთ საიტზე ნახავთ. საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე დარეგისტრირებით გაიმარტივებთ სამსახურის ძებნის რთულ პროცესსაც. ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება ონლაინაა შესაძლებელი.
აღნიშნული წესით სამსახურის მაძიებელი 25 წლის ნიკო საკუთარ გამოცდილებასა და თავს დამტყდარ უსამართლობას გვიზიარებს, როგორც ის აღნიშნავს, არ არსებობს სრულყოფილი მონაცემები იმის თაობაზე, თუ რა შედეგით მთავრდება საჯარო უწყებების მიერ ჩატარებული კონკურსები. ორგანიზაციები აქვეყნებენ კონკურსის შედეგად შერჩეული პირის სახელსა და გვარს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა კონკურსი. ,,ბოლო ერთი წლის მანძილზე HR.GOV.GE-ს მეშვეობით განაცხადი რამდენიმე ვაკანსიაზე გავაკეთე. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, მიუხედავად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა, გასაუბრების ეტაპამდეც ვერ ვაღწევდი. გამონაკლისია, შემოსავლების სამსახური, სადაც გასაუბრებაზე მიმიწვიეს პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტში გამოცხადებულ ვაკანსიაზე. ინტერვიუ მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კომისიის სხვა წევრების პასიურობის ფონზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ 3-4 კითხვა დამისვა. პასუხები კი ინტერესის გარეშე მოისმინა და დამემშვიდობა. ჩემი ვარაუდით, კომისიის წევრთა მხრიდან ინტერესის არარსებობა განპირობებული იყო იმით, რომ ამ ვაკანსიაზე კადრი უკვე შერჩეული ჰყავდათ. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის წევრი იყო პირი, რომლის თანამდებობაზეც ვაკანსია იყო გამოცხადებული’’ - ამბობს სამსახურის მაძიებელი 25 წლის ნიკო.
მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩვენ დავუკავშირდით შემოსავლების სამსახურს. საინტერესო უნდა ყოფილიყო მათი შეფასება კონკურსანტის მიერ გასავლელი პროცედურებისა და თანამდებობაზე დანიშნული პირის შესაძლებლობის შესახებ. მათი თქმით, კონკურსის პროცედურები უზრუნველყოფს თითოეული მონაწილის თანასწორობას: ,,ყველა აპლიკანტს აქვს უფლება საერთო წესის საფუძველზე კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. თითოეული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ინფორმაცია პროცედურების შესახებ მითითებულია. პროცედურა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ტიპებს: აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა, სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება, გასაუბრება’’ - ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე გაცემულ დოკუმენტში. მათივე თქმით, გასაუბრების დროს დასმული კითხვები არის კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია არის კეთილგანწყობილი და ფსიქოლოგიურად არ მანიპულირებს.
კითხვით მივმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. შესაძლებელია თუ არა საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი, რომლის თანამდებობაზე კონკურსის პერიოდში ვაკანსიაა გამოცხადებული და არჩევდეს კადრს თავისი დეპარტამენტისთვის? იურისტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის წევრი შეიძლება იყოს მოწვეული პირი, ამავე დროს იმყოფებოდეს რომელიმე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ან არც მუშაობდეს. ,,ეს საკითხი ჩანასახშივე პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, სამომავლოდ რაღაც კუთხით შესაძლებელია დავის საფუძველი გახდეს. მსგავსი ტიპის შემთხვევის შესახებ მე ჯერ ინფორმაცია არ მომსვლია, თუმცა, შესაძლებელია, დასაშვებია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი, რომლის თანამდებობაზეც გამოცხადებული იყოს ვაკანსია და თავად არჩევდეს კონკურსანტებს. გააჩნია სამართლებრივი აქტების შინაარსს, რითაც აღნიშნულ უწყებაში განისაზღვრება კომისიის ჩატარების წესი და როგორ ხდება კადრების არჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა’’- აღნიშნავს იურისტი ლაშა ჩალაძე.
შემოსავლების სამსახურში ჩვენ კითხვას თუ ვინ ადგენდა კომისიის შემადგენლობას? მათ უწყებაში მიღებული წესების მიხედვით შესაძლებელია თუ არა კონკურსიის წევრი იყოს პირი, რომლის თანამდებობაზე კონკურსის პერიოდში ვაკანსიაა გამოცხადებული და პირი სამსახურიდანაა გათავისუფლებული შემდეგნაირად გვიპასუხეს: ,,შემოსავლების სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს მხოლოდ იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ტესტირება’’.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში 2012 წლის 29 ივნისს ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსის გამოცხადება სავალდებულო გახდა. უკვე დანიშნულ დროებითი მოვალეობის შემსრულებელთათვის კი ბოლო ვადად 2014 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. სწორედ ამიტომაც საჯარო სამსახურის ვებგვერდზე 2013 წლის ბოლომდე საჯარო უწყებების მიერ უამრავი ვაკანტური ადგილი გამოცხადდა. HR.Gov.Ge-ის ადმინისტრატორის თქმით, 2013 წლის განმავლობაში საიტზე დამსაქმებლების მიერ თვის განმავლობაში საშუალოდ 686 ახალი ვაკანსია განთავსდა. აღნიშნული საიტის მომხმარებლების რიცხვი კი ამ დროისთვის 130 813 აღწევს.
ნიკოს თქმით, საჯარო უწყებებში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარება, HR-მენეჯმენტის კომპონენტთან ერთად ეთიკურ ასპექტსაც შეიცავს. ,,მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს კანონმდებლობა შეიცვალა და სახელმწიფო ორგანიზაციებს ვაკანსიების შევსება კონკურსის წესით დაევალათ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი მაინც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ პირი უკონკურსოდ, 3 თვიდან 1 წლამდე ვადით, ე.წ. მოვალეობის შემსრულებლების სტატუსით დასაქმდეს. ეთიკის საკითხიც სწორედ ამ დროს იჩენს თავს. მოდის დრო და მოვალეობის შემსრულებლის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება. ასეთ დროს კი დიდია ალბათობა, რომ ორგანიზაციამ უპირატესობა მიანიჭოს ისეთ კადრს, რომელსაც ამ პოზიციაზე უკვე ნამუშევარი აქვს, უკვე იცნობს საქმიანობის სპეციფიკას, ორგანიზაციულ კულტურას, ერთი სიტყვით, სხვა აპლიკანტებთან შედარებით, ფლობს შეუდარებლად დიდ კონკურენტულ უპირატესობას’’ - ამბობს ის. ასევე ამატებს იმასაც, რომ მოვალეობის შემსრულებლად დასაქმებულ კადრს, შესაძლოა, ორგანიზაციასთან აკავშირებდეს არა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები, არამედ პირადი ნაცნობობა ხელმძღვანელობასთან.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად განცხადების ფორმით მივმართეთ რამდენიმე უწყებას: საქალაქო სასამართლოს, შემოსავლების სამსახურსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს. მიღებული ინფორმაცია ერთგვაროვანია, როგორც აღნიშნულ უწყებებში ამბობენ მათთან ვაკანტურ თანამდებობაზე მონაცემების გაგზავნის შანსი ეძლევა ყველა დაინტერესებულ პირს, კომისია კი ირჩევს სასურველს. ,,თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შანსი აქვს ნებისმიერ კვალიფიციურ იურისტს, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, ამავე უწყებაში მუშაობს თუ არა’’ - ვკითხულობთ საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.
დავინტერესდით, როგორ ხდებოდა ჩვენ მიერ ზემოჩამოთვლილ უწყებებში ახალი კადრის არჩევა, კონკურსზე რამდენად უპირატესი იყო პირი სხვა კონკურსანტებზე, რომელიც მანამდეც მუშაობდა ამ უწყებაში ან იყო მოვალეობის შემსრულებელი.
2013 წლის დეკემბრის თვეში გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, რომლითაც ვითხოვდით სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში’’ შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე: დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ფონდების მოძიების სპეციალისტი, საქმისწარმოების სამსახურის უფროსი, საქმისწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კონკურსის შემდეგ ვაკანტური ადგილის შესაბამისად დანიშნულ იმ პირთა რიცხვს, რომელიც მანამდეც მუშაობდა ამ უწყებაში ან იყო მოვალეობის შემსრულებელი. სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან’’ მივიღეთ შემდეგნაირი პასუხი: ,,სულ შემოვიდა 467 განაცხადი, ამათგან, 5 ვაკანტურ თანამდებობაზე კომისიის გადაწყვეტილებით აირჩიეს ამავე თანამდებობების მოვალეობის შემსრულებლები. ხოლო ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე (ფონდების მოძიების სპეციალისტი) კომისიამ ვერ შეარჩია ახალი კადრი. აღნიშნულ თანამდებობაზე მოგვიანებით, დამატებითი განხილვის ფარგლებში აიყვანეს ახალი კადრი, ამჟამად, ფონდის გრანტების მოძიების კოორდინატორი’’ - ვკითხულობთ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ მიერ მოწოდებულ განცხადებაში.
2013 წლის დეკემბრის თვეში საქალაქო სასამართლოშიც შევიტანეთ განცხადება ამავე წლის ივნისსა და ივლისის თვეში გამოცხადებული ვაკანტური ადგილების საერთო რაოდენობისა და კონკურსის შემდეგ ვაკანტურ ადილებზე დანიშნული იმ პირების საერთო რაოდენობის დადგენის მიზნით, რომლებიც მანამდეც იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები ან სტაჟიორები.
მივიღეთ პასუხი, რომლის მიხედვითაც 2013 წლის ივლისის თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლოში კონკურსი გამოცხადდა 17 ვაკანსიაზე, საჯარო სამსახურის ბიუროში კი 1500 აპლიკაცია შევიდა. ივლისის თვეში გამოცხადდა 76 ვაკანსია და განაცხადი გააკეთა 1956 აპლიკანტმა. საბოლოოდ კი, ყველა ვაკანტური ადგილი შეივსო ერთის გარდა. ,,რაც შეეხება თქვენს მოთხოვნას, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ აპლიკანტის შესახებ, რომლებიც იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები ან სტაჟიორები, გაცნობებთ, რომ აპლიკანტთა რანჟირებას, სასამართლოს თანამშრომლებისა და სტაჟიორების მიხედვით, საჯარო სამსახურის ბიუროს, აპლიკანტთა რეგისტრაციის პროგრამა, არ ახორციელებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა. თუმცა, აქვე გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის დროს უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ან პრაქტიკა საერთო სასამართლოების სისტემაში’’ - ვკითხულობთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწერილ წერილში.
ის ფაქტი, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებენ ის პიროვნებები, რომლებიც მანამდეც იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებულები, პრობლემას არ წარმოადგენს. ,,რა თქმა უნდა, კონკურსის ჩატარებისას არჩევანი კეთდება გამოცდილ ადამიანზე, თუმცა, აქ პრობლემად შეიძლება გამოიკვეთოს ის, რომ კონკურსის შედეგად გამოვლინდეს ბევრად უფრო კვალიფიციური და მცოდნე კადრი, მაგრამ უპირატესობა მიანიჭონ პირს, რომელიც ადრეც მუშაობდა უწყებაში და ამან გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს’’ - ამბობს ,,საია’’-ს იურისტი ლაშა ჩალაძე. მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზე იმის ვალდებულება, რომ რომელიმე უწყებამ ან საჯარო დაწესებულებამ რაიმე სტატისტიკა აწარმოოს მსგავსი სახით, არ არსებობს.
დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში: ჰქონდათ თუ არა აქამდე აღნიშნულ საკითხზე კვლევა ჩატარებული და აპირებდნენ თუ არა მომავალში რაიმე სახით ანგარიშის მომზადებას.
2012 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ჩაატარა კვლევა ,,საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ’’, სადაც საუბარია სამსახურში ახალი კადრის აყვანისას დაშვებულ უსამართლობებზე: ,,საანგარიშო პერიოდში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების საჯარო დაწესებულებებში თანამდებობაზე სულ 6557 მოხელე დაინიშნა. მათგან მხოლოდ 257 (4%) შეირჩა კონკურსის წესით. კონკურსის გარეშე სამსახურში ახალი თანამშრომლების აყვანა თვალსაჩინო მანკიერი ტენდენცია იყო, რომელიც, მცირე გამონაკლისების გარდა, ყველა საჯარო დაწესებულებას ახასიათებდა. ამ შეთხვევაში დაწესებულებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული პრობლემებით სარგებლობდნენ და თავს არიდებდნენ კონკურსის ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, თანამშრომლების ნათესაური, მეგობრული, პარტიული თუ სხვა დისკრიმინაციული ნიშნით აყვანის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა. კონკურსის ჩატარების დროსაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი გამოვლინდა. საკონკურსო კომისიებიც ხშირ შემთხვევაში არასათანადო კადრებით იყო დაკომპლექტებული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კონკურსის ობიექტურად ჩატარებასა და მის შედეგებს საეჭვოს ხდიდა’’ - ვკითხულობთ კვლევაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი გიგი ჩიხლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საინტერესოა ის ტენდენცია, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების შემდეგაც კანონის ფარგლებში, უწყებებში ახალი კადრის აყვანისას ხდება. კერძოდ ის, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე გამოცხადებულ ყოველ ვაკანსიაზე უამრავი აპლიკანტი, ზოგჯერ 1000-ზე მეტიც კი აგზავნის საკუთარ მონაცემებს, გადის გასაუბრებას, მაგრამ, საბოლოოდ, ადგილს ისევ მოვალეობის შემსრულებელი იკავებს, რომელმაც ეს ადგილი მაშინ დაიკავა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო სავალდებულო კადრის აყვანა კონკურსის წესით. ,,საინტერესო ტენდენციაა, სწორედ ახლა ვაკეთებთ ამ საკითხზე მცირე კვლევას და ვსწავლობთ სტატისტიკას, მოვალეობის შემსრულებლების რა პროცენტი იმარჯვებს შემდგომში ამავე უწყების მიერ გამოცხადებული ვაკანტურ თანამდებობაზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს საკმაოდ მაღალი პროცენტი იქნება’’ - აღნიშნავს გიგი ჩიხლაძე. მან ასევე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საქალაქო სასამართლოს მიერ მოწერილ პასუხზე. როგორც ის აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ უწყება არ აღრიცხავს იმ ადამიანების რიცხვს, თუ რა რაოდენობის ახალი კადრი აიყვანა და რამდენი დატოვა ისეთი, ვინც მანამდე მოვალეობის შემსრულებელი იყო, კანონდარღვევაა. ,,ყველა კანდიდატისთვის კონკურსი უნდა იყოს თანაბარი სამართლიანობის. ის ფაქტი, რომ პირი სამსახურში აიყვანო მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე მოვალეობის შემსრულებელი იყო და მეტი გამოცდილება აქვს - არ არის სამართლიანი. კონკურსი ზუსტად იმას ემსახურება, რომ ყველას მიეცეს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა’’ - ამბობს გიგა ჩიხლაძე.
ვაკანსია ერთია, მაგრამ მისი დაკავებისას წარმოქმნილი პრობლემა უამრავი. 28 წლის თეა იმ კონკურსანტთაგანია, ვინც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებულ პრესამსახურის პრესმდივნის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილზე საკუთარი მონაცემები გააგზავნა. მისი თქმით, მან წარმატებით გაიარა პირველი ეტაპი, რაც საბუთების გადარჩევას მოიცავდა. ,,დამიბარეს გასაუბრებაზე, რომელსაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეც ესწრებოდა სხვა მოსამართლეებთან ერთად. გასაუბრების შემდეგ კი მითხრეს, რომ დამიკავშირდებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მეც სხვა კონკურსანტებთან ერთად დამიბარეს, ისევ ცალკ-ცალკე შეგვიყვანეს. მითხრეს, რომ თუ ჩემი სურვილიც იქნებოდა რეზერვში ჩამსვამდნენ, რადგან ადგილი, რომელზეც ვაკანსია იყო გამოცხადებული, დაკავებული იყო. ამ ადგილზე ამ ეტაპისთვის ახალი კადრის აყვანას არ აპირებდნენ. მომავალში ადგილი თუ გამოჩნდებოდა, დამიკავშირდებოდნენ, თან არა აღნიშნულ პოზიციაზე, არამედ რამე მსგავსი ვაკანსიისთვის’’ - ამბობს ის. თეამ რეზერვში ჩასმაზე უარი განაცხადა. შემდეგ დაინტერესდა სხვა ახალგაზრდების ბედით და როგორც მას განუცხადეს, ყველა დანარჩენი აპლიკანტიც იმავე პასუხით გაისტუმრეს. ,,მიკროავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, როცა გოგონა, რომელიც ჩემ შემდეგ შევიდა, ძალიან გაბრაზებული გამოვიდა შენობიდან და მანაც მითხრა, რომ რეზერვში ჩასმა შესთავაზეს. რა საჭირო იყო ადამიანებისს მეორედ დაბარება არ ვიცი, აღნიშნულის თქმა ტელეფონითაც შეიძლებოდა’’ - აღნიშნავს 28 წლის თეა.
საკითხის სანდოობის გადასამოწმებლად და ფაქტის შეფასებისთვის ჩვენ ისევ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს. მათი პასუხი კი შეფასებასაც კი არ შეიცავს. კითხვაზე პასუხიც არ მიგვიღია. ეს უბრალოდ მცირე კომენტარია ჩატარებული კონკურსის შესახებ: ,,რაც შეეხება 2013 წლის 14 ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებულ კონკურსს, გაცნობებთ, რომ ვაკანტური თანამდებობები დაიკავეს იმ პირებმა, რომლებიც კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩნენ გამარჯვებულ კანდიდატად’’.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი აღნიშნავს, რომ გასაუბრებაზე მისული პირისადმი მიდგომა ობიექტურად ხდება თუ სუბიექტურად, ზოგადად, სასამართლო პრაქტიკაშიც პრობლემურია და რთული სამტკიცებელია კონკურსის შედეგების სადავოდ გახდომის შემდეგ. ,,თუ პირს ხელთ არ გაქვს არსებითი მტკიცებულება, მყარი არგუმენტი, რომ კონკურსზე კანდიდატების არჩევა რაიმე სახის დარღვევით ან დისკრიმინაციით მოხდა. არასამართლიანად მოხდა ერთი კონკურსანტის მეორე კონკურსანტზე მჯობინება, რეალურად კი მეორე კანდიდატი უფრო კვალიფიციური იყო, ამის მტკიცება ძალიან რთულია. ეს პრობლემას წარმოადგენს კიდეც, თუმცა, პრობლემის აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო დონეზე გარკვეული რეგულაციების შექმნა შესაძლებელია, მაგრამ რამდენად შედეგიანი იქნება რაიმე სახის რეგულაცია, ამის დადგენა წინასწარ შეუძლებელია’’ - აღნიშნავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ლაშა ჩალაძე.
იხილეთ ახალგაზრდების მოსაზრება საჯარო უწყებებში დასაქმებაზე: