მერაბიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიესაჯა, ჭიაბერაშილს კი 50-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილს წელიწადნახევრით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ე.წ. დასაქმების პროგრამის საქმეზე ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჰქონდათ წაყენებული. პროკურატურა მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში, თანხის მითვისება-გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდა. გარდა ამისა, გამოძიება ყოფილ პრემიერ-მინისტრს კვარიათში მდებარე აგარაკის უკანონო მისაკუთრებას ედავებოდა.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ არასაპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი და საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.
„სწორედ დღევანდელი ხელისუფლება უყენებდა მომაკვდინებელ ბრალდებებს ვანო მერაბიშვილსაც და წინა ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს. დღევანდელი ხელისუფლება მათ ნებისმეირ ქმედებას წარმოაჩენდა, როგორც სადიზმს, როგორც ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვას. ამ ფონზე, როდესაც არა მარტო ვანო მერაბიშვილის, არამედ სხვა პირების მიმართ ვიღებთ ასეთ განაჩენს, ეს პირველ რიგში, მათ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში და საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ ეს ადამიანები, ან ტყუილად იქადნიდნენ, ან რაღაცა ტიპის თამაშებში არიან შესულები...“, - განაცხადა „მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ.
რატომ ჭიანურდება გამოძიების პროცესი და რატომ ვერ დადგა საბოლოო განაჩენი ვერც ერთი ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, ამ თემაზე ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.
ბატონო კახა, 5-წლიანი სასჯელი, განსაკუთრებით იმ ფონზე, რა პოლიტიკური ბრალდებებიც ისმოდა დღვანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, მერაბიშვილის მიმართ, საკმაოდ ლმობიერად გამოიყურება. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასება, რომ შესაძლოა ხელისუფლება რაღაც თამაშშია შესული?
- შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ნაცმოძრაობამ“ რამდენიმე პოლიტიკოსი გაწირა და ეს შეთანხმებულად მოხდა. როდესაც მთელი პროცესები, რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, სამართლიანობის აღდგენის ამ ნაწილში, შემოიფარგლება რამდენიმე პოლიტიკოსის მიმართ, თუნდაც, ლმობიერი სასჯელით და რამდენიმე ეპიზოდის გამოძიებით, არ მგონია, საკმარისი იყოს საზოგადოების კითხვებზე პასუხის გასაცემად.
ჩვენ ვხედავთ პროცესებს, როდესაც ახალაია მიცემული იყო პასუხისმგებლობაში და საბოლოოდ ვნახეთ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ერთ ეპიზოდში - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთით შემოიფარგლა პროკურატურა და მას შემდეგ აღარ გაგვიგია პროკურატურის აქტიურობა ახალაიასთან მიმართებაში.
ვნახეთ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ქონების მითვისების ნაწილში გამოტანილი სასჯელი, მაგრამ საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდა სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში.
იმასაც ვხედავთ, რომ პროკურატურის ბოლო ბრიფინგები ეძღვნება მეგის ქარდავას ბრალის დამძიმებას, რომელიც მიმალვაშია. ფაქტობრივად, იკვეთება სურათი, რომ ახალაიას, მერაბიშვილსა და გაქცეულ მეგის ქარდავაზე ხდება აპელირება, რომ, თითქოს, ის სისტემური დანაშული, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში, ამ სამი ადამიანის მხრიდან იყო წარმოშობილი.
თანაც, ამ სამი ადამიანიდან სისტემურ დანაშაულს თუ ედავებიან ვინმეს, მხოლოდ მეგის ქარდავას - ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მიმართ მხოლოდ ეპიზოდური ბრალია წაყენებული სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით.
პასუხგაუცემელია კითხვები საზოგადოების მხრიდან რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით. მეტიც, ჩვენ გვესმის საქართველოს მმართველი ელიტის მხრიდან, „თქვენ ხართ ბანდიტები“, „თქვენ არ დაგელაპარაკებით“, „ კითხვებზე პასუხს არ იმსახურებთ“, მაგრამ ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში იმისათვის, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა ყოფილიყო, მხოლოდ და მხოლოდ, „ნაცმოძრაობა“.
როგორ ფიქრობთ, რომელი დანაშაულების გამოძიება შეიძლებოდა ამ პერიოდში?
- „ქართული ოცნება“ დღესაც მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება და ამის პარალელურად, სამართლებრივი შეფასება სისტემური დანაშაულის მიმართ არ მიმდინარეობს. ვგულისხმობ ციხეში არსებულ მდგომარეობას. ყველამ კარგად იცის, რომ ციხის უფროსის დონეზე ვერ გადაწყდებოდა სადისტური სისტემის შექმნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებაში. აქ მხოლოდ ციხის უფროსებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დონეზე გაჩერდა გამოძიება.
გვეუბნებოდნენ, რომ წლების განმავლობაში უკანონოდ გვისმენდნენ და გვითვალთვალებდნენ და ამ შემთხვევაში გამოძიებას არავინ გამოუვლენია, არც შემსრულებლები და არც დამკვეთები 9-წლიანი უკანონო თვალთვალისა და ამის შედეგად უკანონოდ გამწარებული ოჯახების მიმართ სამართლიანობის დადგომის თვალსაზრისით.
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პერიოდში გვიმტკიცებდა, რომ ფინანსური პოლიცია იყო შექმნილი რეკეტისთვის, ვხედავთ, რომ ფინანსური პოლიციის იმდროინდელი მესვეურები დღესაც კარგად გრძნობენ თავს და კარგად არიან წარმოდგენილი ახალ მთავრობაში.
ამ კუთხითაც არც ერთი საქმე არ არის სასამართლოში წარმართული, რომელიც ეხებოდა ბიზნესმენების გამწარებას. ვხედავთ, რომ არც ერთი საქმე არ არის სასამართლოში განსახილველად გადაცემული პროკურატურაში არსებული სისტემური დანაშაულის კუთხით, რაც გულისხმობს, რომ პროკურორები წინასწარი განზრახვით პასუხისგებაში უკანონოდ აძლევდნენ ხალხს, იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკური დაკვეთა იყო.
გახსოვთ, ალბათ, საზარელი კადრები სამეგრელოში, სადაც დაკავებულებს აიძულებდნენ, ტერაქტთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება მიეცათ - მათ მიმართ განხორციელდა სექსუალური ძალმომრეობა, ღირსების და პატივის შემლახავი მოქმედებებით. აქაც ვნახეთ, რომ გამოძიება შემოიფარგლა მხოლოდ იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემით, რომლებიც უშუალოდ ფირზე ჩანდნენ. თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას ვერ გაბედავდა პოლიციის ვერც ერთი ოფიცერი, რომ არ ყოფილიყო ასეთი მითითება ზემოდან.
ამ ყველაფერზე გვესმის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ სამართლებრივი შეფასება საერთოდ არ ყოფილა. როგორც აღვნიშნე, პროპკურატურის მთელი ყურადღება ეძღვნება მეგის ქარდავას, რომლის მიმართაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არჩევნების წაგების შემდეგ ორ თოქშოუში განაცხადა, რომ უკანონო მოსმენები, ციხეებში არსებული მდგომარეობა, კუდის ბობოქრობა უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მეგის ქარდავას, რომელიც გაქცეულია, სხვა შემთხვევებში კი, თურმე, წარმნოდგენაც არ ჰქონდა, რომ მსგავს დანაშაულს ჰქონდა ადგილი.
თუმცა საშუალო რგოლიდან გარკვეული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი მაინც დადგა...
- მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაში იქნენ მიცემული ბორჯომის პოლიციის უფროსი, თავის მოადგილეებთან ერთად, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო, ეს საქმეც დასრულდა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენით.
სულ ახლახან გორის რაიონულმა სასამართლომ წამების ბრალდებაში გაამართლა ქსნის კოლონიის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იდეა არის ერთი, რომ რამდენიმე ადამიანი სანახაობისთვის, ისიც მცირე სასჯელით, იყოს პასუხისგებაში მიცემული.
ეს იმ ადამიანებზეა საუბარი ვინც ნაციონალებმა „მიუგდეს“ ხელისუფლებას?
- არ მგონია, რომ „ეს დაიჭირეთ და ეს - არაო“ პირდაპირ ასეთი საუბარი ყოფილიყოს, მაგრამ როგორც ჩანს, თვითონ „ნაცმოძრაობაც“ იძულებული გახდა რომ ვიღაც-ვიღაცეებზე თვალი დაეხუჭა და ნაკლებად ელაპარაკა.
ნიშანდობლივია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბაჩო ახალაიას მიმართ „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, როგორც პარტიას, არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება - არ ვგულისხმობ ცალკეულ წარმომადგენლებს. ვხედავდით კიდეც, რომ საკაშვილი და მთელი „ნაცმოძრაობა“ ემიჯნებოდა ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას.
რაც შეეხება კონკრეტულად მერაბიშვილს, ვინაიდან საზოგადოებამ ძალიან კარგად აღიქვა ახალაიას მიმდინარე პროცესები, უბრალოდ, იძულებულები გახდნენ, რომ მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დაეყენებინათ.
თუმცა, არ მგონია, რომ უფრო მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ან პასუხისმგებლობა დასრულდეს სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენით.
სიმართლე გითხრათ, დღევანდელ პროცესებს რომ ვაკვირდები შთაბეჭდილება მექმნება, რომ სისტემურ დანაშაულზე საუბარი საერთოდ არ იქნება.
სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულმა განცხადებამ უკვე გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება. არსებობს მოლოდინი, რომ მსგავსი ქმედებები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გაზრდის?
- რაც შეეხება კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებს, მათ შორის გირგვლიანის საქმეს, კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ აქვე ისმის კითხვა, თუ დღეს აკეთებენ განცხადებებს ასფიქსიასთან დაკავშირებით, ერთი წლის განმავლობაში პროკურატურის ხელმძღვანელობა რატომ აანონსებდა, რომ ორ-სამ დღეში გირგვლიანის, ჟვანიას და ა.შ. საქმეებს გახსნიდა?! ეს ანონსები მაშინ საიდან მომდინარეობდა? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასფიქსიით გარდაცვალების შესახებ განცხადების ავტორი თავად გახლდათ მთავარი პროკურორი და თავად აკეთებდა ანონსებს, რომ გირგვლიანის საქმეს გახსნიდა. ამიტომ თავად უნდა ახსნას კბილაშვილმა რით იყო გამოწვეული განცხადებები თანამდებობაზე ყოფნის დროს და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ.
პოლიტიკური ამნისატია რომ გამოაცხადოს ხელისუფლებამ და თქვას, წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებს დანაშაულს ვპატიობთო, როგორ ფიქრობთ, უფრო პატიოსნად, წესების დაცვით თამაში არ გამოვიდოდა?
- ამის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან პოლიტიკური ამნისტია მათთვის წამგებიანი იქნება. როგორც ჩანს, როდესაც აცხადებდნენ, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის შემუშავებას აპირებდნენ, მაშინ მოსინჯეს სიტუაცია. როდესაც ამ იდეამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც ჩანს, ჩათვალეს გეზი აიღონ იმ მიმართულებით, რომ საბოლოოდ მაინც ამნისატია გამოვიდეს.
თუ ასე გაგრძელდა, ეს ალბათ, საზოგადოების მოტყუება გამოვიდოდა, რომელსაც გაცილებით უარესი რეზონანსი მოყვება...
- საზოგადოების მოტყუება-არმოტყუებაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ იცის ერთი ფორმულა - არჩევნებს იგებს არა ხალხის მხარდაჭერის მიხედვით, არამედ იმით, აქვს თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციში შესაბამისი რესურსი, ფინანსური რესურსი, თვითონ ითვლის თუ არა საარჩევნო ხმებს. როგორი საარჩევნო სისტემა მიიღოს და საარჩენო დავების როგორი რეგულირებები ჩადოს საარჩევნო კოდექსში.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან თავად უმრავლესობიოთ არის წარმოდგენილი პარლამენტში, დღეს უფრო საკუთარ თავზე ზრუნვითაა დაკავებული და სამწუხაროდ, კარგად იცის, რომ ხალხის ხმაზე არ არის დამოკიდებული მათი ხელისუფლებაში დარჩენა ან ხელისუფლებიდან წასვლა.
დღეს ხელისუფალს რომ ჰქონდეს გარანტია, საარჩევნო სისტემა იმდენად სამართლიანად არის აწყობილი, მათი გამარჯვება საზოგადოების განწყობასა და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, მერწმუნეთ, უფრო ანგარიშვალდებული იქნებოდა საზოგადოებასთან ეს ხელისუფლებაც, წინა ხელისუფლებაც და ა.შ.