მსოფლიო ტრამპი-პუტინის შეხვედრის მოლოდინშია

მსოფლიო ტრამპი-პუტინის შეხვედრის მოლოდინშია

დონალდ ტრამპი მოვალეობის შესრულებას შეუდგა და ხმაურიანი გადაწყვეტილებები მიიღო. აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შესაფასებლად საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეაჩერა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის საგარეო დახმარებაზე პასუხისმგებელმა ყველა ხელმძღვანელმა პირმა უნდა შეაჩეროს ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა უცხო ქვეყნების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტრაქტორებისთვის მანამდე, სანამ არ შეფასდება, თუ რამდენად თანხვედრაშია აღნიშნული პროგრამები აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდეტნმა პირველივე სამუშაო დღეს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული 1 500 ადამიანი შეიწყალა და ჯო ბაიდენის მიერ დანიშნული ოთხი მაღალჩინოსანი დაუყოვნებლივ თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ახლა პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირების შესრულების მოლოდინშია მსოფლიო. ტრამპი ამბობს, რომ წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შეაფასებენ, რომლის მოგებასაც აანონსებს, არამედ ომებით, რომლებსაც მისი გუნდი დაასრულებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩაერთვებიან. დონალდ ტრამპის განმარტებით, მისი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება, როგორც მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამივე ეტაპის განხორციელებაში დარწმუნებული არ არის, მაგრამ ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს როგორც კი მოლაპარაკებები დაიწყება.

„შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს მზადდება. ვეცდებით, რომ უკრაინისა და რუსეთის ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. მოგეხსენებათ, უკრაინისა და რუსეთის ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო. ვფიქრობ, რომ უკრაინის პრეზიდენტს კონფლიქტის დასრულების შეთანხმება სურს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის მზადყოფნას აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.

„გვესმის მისი განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროა მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების მიზნით ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, მსგავს დამოკიდებულებას მივესალმებით და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავებას ვულოცავთ. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან უკრაინის კონფლიქტის შესახებ დიალოგისთვის ღია ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრაა, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ გვითქვამს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ამ ეტაპაზე რთულია კონკრეტული ვადების დასახელება როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ უკრაინამ, ისევე როგორც რუსეთმა იცის, რომ რაღაცის დათმობა მოუწევთ, რაც ცხადია, რომ საომარი კონფლიქტის მოგვარების პროცესის ნაწილია. სამწუხაროდ, ასეთია კონფლიქტების ისტორია.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს.

„უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება. ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ეს საგარეო პოლიტიკის სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სურვული არ აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც გამოაცხადა ბუნდოვანი გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ საფრთხის პირობებში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მეტი ახალგაზრდა მოხალისის მობილიზების შესახებ. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრთხის ზრდა საფრანგეთს იძულებულს ხდის, ადაპტირდეს. მაკრონმა ევროპას „სტრატეგიული გამოღვიძებისკენ“ მოუწოდა.

„მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება. დღეს გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას მივცეთ საშუალება, ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციიდან ჩაერთოს. ხვალინდელი გამოწვევა, როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, იქნება უკრაინისთვის გარანტიების მიცემა, რომ მის ტერიტორიაზე ომი აღარ დაბრუნდება, ისევე როგორც ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ბლოგერი და ანალიტიკოსი ლუკა ეხვაია ამბობს, რომ ევროპამ დაინახა ის დიდი რისკი, რომ ტრამპმა თავისი ფოკუსი გადაიტანოს სხვადასხვა რეგიონზე. შესაბამისად, უკრაინაში ომის გახანგრძლივება და ტრამპის ადმინისტრაციის თავით ჩარგვა კონტინენტის საქმეებში და უკრაინის ომში ევროპის ინტერესში შედის.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტრამპს უწევს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული ფატალური გეოპოლიტიკური შეცდომების გამოსწორება. რაც შეეხება კონფლიქტებს, უკრაინასთან მიმართებით დღეს ყველა აცნობიერებს, რომ ერთ დღეში ყველაფერი არ გადაიჭრება. უფრო მეტიც, ბევრი სკეპტიკურად უყურებს იმ იდეას, რომ ეს თვისობრივი სიახლე და მოლაპარაკებებში სიახლე პირველი 100 დღის მანძილზე შეიძლება შემოგვთავაზონ.

ტრამპს აქვს ორი ალტერნატივა. ერთი არის ის, რომ დათანხმდეს პუტინის მოთხოვნებს, ეს მკაფიოა, მას უკრაინის ნეიტრალიტეტი უნდა და მისი ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმა. მეორე მოთხოვნა არის უკვე დაპყრობილი ხუთივე ოლქის აღიარება. ეს არის პირველი და მარტივი გზა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ტრამპი არ დაუშვებს, არის ასევე მეორე ალტერნატივა. ეს არის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაძვრა, მცდელობები, რომ კომპრომისები გამოინახოს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს არ ნიშნავს ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტას“, - აცხადებს ლუკა ეხვაია.