„ტრამპს ჩინეთთან შუბლით შეჯახება აშკარად არ უნდა“

„ტრამპს ჩინეთთან შუბლით შეჯახება აშკარად არ უნდა“

დონალდ ტრამპი ჩინეთთან ურთიერთობის ახალი ფურცლის გადაშლას აპირებს. მისი სურვილია, პრეზიდენტობის პირველ ას დღეში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს შეხვდეს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ტრამპი არჩევნებში პირველად გამარჯვების შემდეგ ტაივანის ლიდერს ესაუბრა ტელეფონით და ამით ჩინეთთან დაპირისპირების ფაზა გააღრმავა.

Wall Street Journal-ის ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ თანამდებობის მეორედ დაკავების შემდეგ ჩინეთში ვიზიტის გამართვა სურს.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო უფრო დაცული იყოს, - ასეთნაირად შეაფასა დონალდ ტრამპმა ძინპინთან შემდგარი სატელეფონო საუბარი და აღარ გახსენებია თავისი ამას წინანდელი მუქარა ჩინურ იმპორტზე მკვეთრი ტარიფების დაწესების შესახებ. თავის მხრივ, ოფიციალური პეკინიც მზად არის, გააძლიეროს დიალოგი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ჩინეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ- ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირები ორივე სახელმწიფოსთვის მომგებიანია და არავინ არ უნდა სცადოს კონფრონტაციის პროვოცირება.

აშკარაა, ტრამპმა გადააფასა ჩინეთთან ურთიერთობა და ამის მიზეზიც იოლად მისახვედრია. ამერიკას არ სურს ჩინეთი კიდევ უფრო დაუახლოვდეს რუსეთს და აშშ-ის ორმა მეტოქემ გააძლიეროს ერთმანეთი. ამიტომაც ტრამპი ცდილობს ამერიკა-ჩინეთს შორის სტრატეგიული მეტოქეობის დასრულებას. მართალია, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები ბევრ ინტერესებში წინააღმდეგობრივია, მათ შორის, ჩინეთის მზარდი სამხედრო შესაძლებლობების, სავაჭრო დაძაბულობის, ასევე, ტაივანის კუთხით, არც კორონა პერიოდი უნდა დავივიწყოთ, როცა ამერიკა ჩინეთს ადანაშაულებდა პანდემიის გავრცელებაში და მაშინ დაძაბულობამ პიკს მიაღწია, მაგრამ დღეს ტრამპის ადმინისტრაცია მეორე პოლიტიკურ პოლუსად ქცეულ ჩინეთს სწორუფლებიან პარტნიორობას სთავაზობს.

ჩინეთის მიმართ დათბობის პოლიტიკა არ გამორიცხავს ტრამპის მიერ პოზიციების დაცვას იქ, სადაც ჩინეთის ინტერესები ეჯახება ამერიკის ინტერესებს. კერძოდ, ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთი მართავს პანამის არხს და ამერიკულ გემებს სასიკ ტარიფებს უწესებს. თუმცა ამერიკელებს ეს არხი არ მიუციათ ჩინეთისთვის, ეს არხი პანამას გადასცეს და უკანვე დაიბრუნებენ კიდეც.

ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გემოვნებას იმეორებს ტრამპი ჩინეთთან მიმართებით.

რამდენად შესაძლებელია ჩინეთსა და ამერიკას შორის დაბალანსებული ვაჭრობის დაწყება და ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლა?

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რთული სათქმელია, როგორ აეწყობა აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა. ჩვენ გვახსოვს ირანთან ურთიერთობა როგორ უნდოდა ტრამპს, მაგრამ რითი დამთავრდა ეს წამოწყება?! როგორ უნდოდა ჩრდილო კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ ინთან ურთიერთობა, მაგრამ არც ეს დამთავრდა ისე, როგორც საჭიროა. ფაქტია, ჩინეთმა იმხელა ძალა მოკრიფა, არა მარტო ეკონომიკური მდგომარეობით, არამედ ხელოვნური ტექნოლოგიების სფეროში ჩინეთი დღეს ლიდერია, მას ჰყავს ვეებერთელა ადამიანური რესურსი, 250 მილიონზე მეტი ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის კარგად განათლებული ადამიანი, რაც ამერიკას ნამდვილად არ ჰყავს.

ამდენად, ჩინეთთან შუბლით შეჯახება პირველ ეტაპზე ტრამპს აშკარად არ უნდა. ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები, განსხვავებით, ჩვენი ანტიეროვნული ძალებისგან, რომლებიც ერთ დღეს იტყვიან, ტრამპი პუტინის კაცია, მეორე დღეს იტყვიან, ტრამპი გვიშველის, მათთვის მნიშვნელობა არაფერს აქვს, ყველაფერს კადრულობენ, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ტრამპისა და ძინ პინის ურთიერთობას პერსპექტივა შეიძლება გააჩნდეს, თუკი ტრამპის ადმინისტრაციას არ ექნება სურვილი, ჩინურ პროდუქციაზე გაზარდოს ტარიფები. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა განვითარდეს იდეოლოგიური თუ გეოპოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად.

ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ჩინეთთან ამერიკის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა შეადგენს დაახლოებით 700 მილიარდ დოლარს, ანუ ორივე ქვეყანა ერთმანეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულია. შედარებისთვის, ჩინეთ-რუსეთს შორის ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია, ანუ ამერიკა ჩინეთისთვის ნომერ პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია. ამიტომ პირიქით უნდა მომხდარიყო, წესით, აშშ უნდა შეეცადოს, თავის მხარეს გადაიბიროს ჩინეთი, რათა უფრო მეტად ინტეგრირდეს ჩინეთი საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოირიცხოს ჩინეთ- რუსეთს შორის მოსალოდნელი ალიანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ჩინეთისა და რუსეთის პოზიციების დაახლოება, მით უმეტეს, ბრიქსის შესაძლო გაძლიერების ფონზე ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

თავის დროზე, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, მისმა ადმინისტრაციამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩინეთთან გაამწვავა ურთიერთობა, რადგან ამის გამო ჩინეთს უფრო მეტი მოტივაცია გაუჩნდა, დაახლოებოდა რუსეთს. ასევე, პრობლემაა, რომ ჩინეთი და ინდოეთი რუსეთიდან სანქცირებული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ. რუსეთს ეს მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს. ტრამპი წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ ის არ არის პოლიტიკოსი, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ გაითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, თავდაცვის მდივნის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციებს. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მსოფლიო ახალი მოლოდინის რეჟიმში იქნება. იმედია, ამერიკა და ჩინეთი გამონახავენ საერთო ენას და შეძლებენ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთიბის გაგრძელებას, ხოლო ტრამპი ხელს აიღებს იმპერიალისტურ და ექსპანსიონისტურ განზრახვებზე, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ რუსეთია ყველაზე სახიფათო ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით და არა ჩინეთი. ცხადია, ჩინეთი ეკონომიკური მიმართულებითაა კონკურენტი, მაგრამ დასავლეთმა ჩნეთს მოტივაცია უნდა მისცეს, რომ ტექნოლოგიები განავითაროს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით. ეს იქნება ჯანსაღი კონკურენცია. მართალია, ჩინეთი რბილი ძალის მეშვეობით ზრდის თავის გავლენას მსოფლიოში, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩინეთი არ ახდენს არც ერთი ქვეყნის ტერიტორიის, ან მთლიანად ქვეყნის ოკუპაციას, რისი მცდელობაც რუსეთს გააჩნია. პირიქით, თვითონ ჩინეთს გააჩნია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ტაივანის, აღმოსავლეთ თურქისტანის, ნაწილობრივ, ჰონკონგისა და ტიბეტის სახით.

Gami ჰო, პოლიტიკოსები არიან: ვაშაძე, ხაზრაძე ბუაძე, მაჯგალაძე და ა.შ. პოლიტოლოგ- ექსპერტები: ხუხაშვილი, ძაბირაძე, ჩიტაძე, მაისაის და ა. შ.
54 წუთის უკან