ე.წ. “ფიქტიური დასაქმების საქმეზე”, ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ბრალად ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, ხოლო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ყოფილ მინისტრებს ე.წ. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ბრალი გასული წლის მაისში წაუყენა. საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თავს უდანაშაულოდ თვლის და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, ქუთაისის სასამართლო მიჩნეული იყო დაბალ ღობედ, სადაც გარანტირებული ჰქონდათ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობა და განაჩენი.
For.ge.ზურაბ ჭიაბერაშვილს ესაუბრა.
სასამართლოს გადაწყვტილებით, თქვენ ჯარიმის სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაგეკისრათ. ელოდებოდით სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას?
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს არის უკანონო გადაწეყვეტილება. გარდა პოლიტიკური მოტივებისა, ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ სხვას ვერაფერს ვერ ვხედავთ. თავს უდანაშაულოდ ვთვლი. ასევე მიმაჩნია, რომ არც ვანო მერაბიშვილის მიმართ არ დასტურდება ის განაჩენი, რაც მოსამართლემ გამოაცხადა. ჩვენ ვიცოდით კიდეც, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ძალიან დიდი ზეწოლა სასამართლოზე და ბუნებრივია, ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო. პრაქტიკულად, წინასწარ ვიცოდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა, დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა.
შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ განაჩენს, როგორც ვანო მერაბიშვილის, ისე ჩემს ნაწილში. ამავრდოულად, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რაც 21 მაისს აღმკვეთი ღონისძიებით შეგვეფარდა მე და ვანო მერაბიშვილს ეს სტარსბურგში გვაქვს გასაჩივრებული და ამას ბოლომდე მივიყვანთ. დასკვნით სიტყავაში ადვოკატმა ოთარ კახიძემ ძალიან კარგად ახსნა რატომ შეირჩა თავის დროზე ქუთაისი, იმ ადგილად სადაც ეს პროცესი უნდა ჩატარებული.
თავისთავად, შეიძლებოდა ამ პროცესის თბილისში გამართვა. მაგრამ იმის გამო, რომ ქუთაისში მათ პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდათ გამამტყუნებელი განაჩენი, იმთავითვე საქმე ქუთაისში იქნა წამოღებული. რის შედეგადაც, თავის დროზე სრულიად უკანონოდ მალხაზ გურულისა და დავით ახალბედაშვილის წყვილმა ვანო მერაბიშვილი დატოვა წინასწარპატიმრობაში. მე მომისაჯეს გირაო და ახლაც იგივე გაიმეორეს. მერაბიშვილს მიუსაჯეს პატიმრობა, მე - ფულადი ჯარიმა.
აბსოლუტურად პოლიტიკური საქმეა და ვინც თვითონ ესწრებოდა პროცესს და იცის საქმე, დაადასტურებს, რომ სამართლებლივად შეუძლებელი იყო დამდგარიყო ეს განაჩენი. თუმცა, სამოტივაციო ნაწილს ჯერ არ გავცნობილვარ და უნდა ვნახო რითი იხელმძღვანელა მოსამართლემ. ჩემთვის წარმოუდგენელია რითი დაასაბუთა ეს გადაწყვეტილება.
თქვენს ნაწილში სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა. ანუ ფულის გაფლანგვა გადაკავლიფიცირდა როგორც სამსახურეობრივი გულგრილობა. თუ სასამართლოზე იყო ზეწოლა, მაშინ რითი ხსნით თქვენს ნაწილში ბრალის გადაკვალიფიცირებას?
- ძალიან მარტივია, რატომ შეცვალა მოსამართლემ კვალიფიკაცია. პროკურატურის დაკვეთა იყო ვანო მერაბიშვილის დაჭერა. ჩემზე ეთქვათ, რომ ამ კაცს ფული არ გაუფლანგავს და აბსოლუტურად უდანაშაულოა, ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა. აქედან გამომდინარე, რაღაცა ფორმით მეც უნდა დამდებოდა ბრალი. სწორედ ამასთან გვქვს საქმე, რომ ჩემი ბრალი გადაკვალიფიცირდა გულგრილობაზე.
სრულიად გაუგებარია, როგორ არის შესაძლებელი, რომ მინისტრს, რომლის ქვეშაც არის სოციალური მომსახურეობის სააგენტო, ბრალი გადაუკვალიფიცირო და დამნაშავედ და ბოროტმოქმედად გამოიყვანო პრემიერ-მინისტრი, რომელსაც უშაუალო კავშირი სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან არ აქვს.
აშკარად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ხელისუფლება სანამ გრძნობს, რომ მისი პოზიციები ძლიერია ჩადის ამგვარ უკანონობას. მაგრამ არა მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. ძალიან აშკარაა პოლიტიკური დევნა. განვითარება თუ გვინდა, საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დამთავრდეს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ზის და უნდა იჯდეს კიდევაც. მაშინ ვთქვი კიდევაც, რომ მან წინასწარ გამოაცხადა ეს განაჩენი. ამიტომ, გასაკვირი არაფერი არაა.
თუმცა მერაბიშვილი ასევე ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენ არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო...
- რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ სხვა სასამართლოებსაც. იმის მიუხედავად, რომ სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე არის მალხაზ გურული, სწორედ ის ადამიანი რომლის მეშვეობით პროკურატურა ქუთაისში ალაგებდა ამ საქმეებს, ჩვენ ყველა ინსტანცია უნდა გავიარაოთ, მათ შორის - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ინსტანცია. ყველა პროცედურას გავივლით. ის, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ ვანო მერაბიშვილი ნებისმიერი ხერხით იჯდეს ციხეში, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მათ შორის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაც იყო აბსოლუტურად უკნანონო, რაც გასაჩივრებულია სტრასბურგის სასამართლოში.
პროკურორი ნათია სონღულაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიიღო. თუ თვლით, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არ იკვეთებოდა დანაშაული, მაშინ რა აზრი აქვს სააპელაცი წესით გადაწყვეტილებას, სტრასბურგისთვის ემზადებით?
- მიზანმიმართულად სტრასბურგისთვის არ ვამზადებთ საქმეს. ამიტომაც ვამბობ, რომ ჯერ უნდა წავიკითხოთ სამოტივაციო ნაწილი, რითი ასაბუთებს მოსამართლე. ჩვენი აზრით, ის, რომ ეს განაჩენი დასაბუთდეს, ამის მტკიცებულება და მასალები საქმეში არ არსებობს.
სასამართლოს პარალელურად შეკრებილი იყო მოქალაქეები, რომლებიც თქვენს გასამართლებას ითხოვდნენ...
- როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელისუფლება გეგმავდა ხალხის მობილიზებას ქუთაისის მერიის და გუბერნიის სამსახურების მეშვეობით, მაგრამ რკინიგზის სადგურთან დაახლოებით 10-12 კაცი მოგროვდა. ისინი უშუალოდ სიახლოვეს არ გამოჩენილან. სასმართლოში და ასევე დარბაზში ასეულობით ჩვენი მხარდამჭერი იმყოფებოდა.
თუ ელოდებით ახალ საქმეს თქვენს წინააღმდეგ?
- სიმართლე გითხრათ, ჩემს მიმართ არ ველოდები. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად ჩემს აქტიურობაზე. აქ ადამიანები სამიზნე ხდებიან იმის მიხედვით, პოლიტიკურად ვინ აქტიურობს. არ ვაპირებ განზე გაწევას. დღევანდელი მდგომარეობით ნაკლებად ველოდები, მაგრამ ვანო მერაბიშვილის მიმართ ველოდები, რომ იქნება ახალი ბრალდებები. იმ პირობებში როდესაც ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის დაპირებას, ერთად-ერთი გამოსავალი აქვთ საზოგადოება დაარწმუნონ, პერიოდულად უმტკიცონ, რა მონსტრები და დემონები იყვნენ ისინი ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ.
პოლიტიკური აქტივობა ახსენეთ. როგორი სახის აქტივობას აპირებთ, თვითმმართველობის არჩევნებში ხომ არ გეგმავთ მონაწილეობის მიღებას?
- ამ მომენტში ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოსა და, ამავე დროს, სამდივნის წევრი. ეს არის ჩვენი პარტიის მმართველი ორგანოები. ამ ფორმით ვაგრძლებ მუშაობას, ვაფიქსირებ პარტიის და პირადად ჩემს პოზიციებს ამა თუ იმ საკითხზე, რაც ნიშნავს პოლიტიკურ მოღვაწეობას.
უშუალოდ რაიმე არჩევით თანამდებობაზე ვიყრი თუ არა კენჭს, ამაზე სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია. თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. პოლიტიკური ცხოვრება ნიშნავს, რომ პარტიამ და მისმა ცალკეულმა წევრებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ამ საკითხზე არ მეცალა. დღეს გავიგე, რომ არ მომიწევს წლების გატარება ციხეში.