„რატომღაც დასავლეთში საქართველო უფროსი აინტერესებთ, ვიდრე ტრამპის განცხადებები გრენლანდიაზე, კანადასა და პანამაზე“

„რატომღაც დასავლეთში საქართველო უფროსი აინტერესებთ, ვიდრე ტრამპის განცხადებები გრენლანდიაზე, კანადასა და პანამაზე“

როგორ აპირებს დონალდ ტრამპი ამერიკისთვის დიდების დაბრუნებას (Make America Great Again), ამის კონტურები უკვე გამოიკვეთა. ტრამპი სერიოზულად განიხილავს კანადის, გრენლანდიისა და პანამის არხის აშშ-სთან მიერთებას და ამისთვის ეკონომიკური ძალის გამოყენებას მოიაზრებს.

მან მესიჯი გაუგზავნა კანადელებს, როცა სოციალურ ქსელში რუკები გამოაქვეყნა, სადაც კანადა ამერიკის ნაწილია და 51-ე შტატს წარმოადგენს. ტრამპის აზრით, კანადა აშშ-სთან რომ გაერთიანებულიყო, ტარიფები არ იქნებოდა, გადასახადები დაიწევდა.

მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს, - ასე გამოეხმაურა კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ტრამპის განზრახვას. სხვათა შორის, ეს ის ჯასტინ ტრუდოა, რომელთან შეხვედრისას ტრამპმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იხუმრა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ კანადა დიდი შვიდეულის წევრია და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა გააჩნია, ტრამპს, ალბათ, გაუჭირდება თავისი გეგმის სისრულეში მოყვანა.

ტრამპის თვალსაწიერში მოექცა, ასევე, მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული გრენლანდია, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან აშშ-ს გრენლანდიაზე აქვს 1951 წელს დაფუძნებული სამხედრო საჰაერო ბაზა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცივი ომის დროს. ტრამპს სურს გრენლანდიის ყიდვა, რომელიც დანიის კუთვნილებაშია. შესაბამისად, დანიის პრემიერი მკაფიოდ უხსნის ტრამპს, რომ გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს და ეს კუნძული არ იყიდება. ამის მიუხედავად, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აშშ-ის კონგრესში დაიწყეს მუშაობა დანიის სამეფოსგან გრენლანდიის გამოსყიდვის თაობაზე. 7 იანვარს, როცა ტრამპი გრენლანდიაზე საუბრობდა, მისი ვაჟი - დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიის დედაქალაქში კერძო თვითმფრინავით ეშვებოდა.

გაიტანს თუ არა ტრამპი გრენლანდიას, ეს თავად გრენლანდილების სურვილსა და დანიის სამეფოს თანხმობაზე იქნება დამოკიდებული. ტრამპს კი ერთი მყარი მოთხოვნა აქვს, რომ დანიამ უნდა დათმოს გრენლანდია, რადგან ის ამერიკელებს თავისუფალი სამყაროს დასაცავად სჭირდებათ.

კიდევ ერთი ტერიტორია, რომელზეც ტრამპი კონტროლის აღდგენას აპირებს, პანამის არხია. ტრამპი ამ არხს აშშ-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ქონებას უწოდებს, რომელიც, ტრამპის თქმით, პრეზიდენტმა კარტერმა ერთ დოლარად მისცა პანამას და სისულელე ჩაიდინა. პანამის პრეზიდენტი არ აპირებს ტრამპისთვის ამ არხის დათმობას, რაზეც აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ცინიკური პასუხი აქვს -ვნახოთ. პარალელურად, ტრამპი აქვეყნებს პანამის არხის ფოტოს აშშ-ის დროშის ფონზე, სიტყვებით: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის არხში.

პოლიტიკური, ისტორიული და იურიდიული თვალსაზრისით, რამდენად გამართლებულია ტრამპის გეგმები კანადის, გრენლანდიისა და პანამის არხთან მიმართებით?! ხომ არ წაახალისებს ტრამპის ამბიციური გეგმები რუსეთს ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის აღდგენის თვალსაზრისით?!

ტრამპის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ ამართლებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის განცხადებას კანადის, გრენლანდიის, პანამის არხის მიერთების შესახებ, ვინაიდან ეს განცხადებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. ნიკა ჩიტაძის თქმით, გრენლანდია არის ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის დანიას და სარგებლობს ფართო თვითმმართველობით, ამდენად, დანიის და გრენლანდიის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი, უფრო სწორად, არც უნდა დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში, რადგან 1944 წლიდან დაკანონდა, რომ გრენლანდიაზე ვრცელდება დანიის სუვერენიტეტი.

გრენლანდიის პრემიერმა განაცხადა კიდეც, რომ გრენლანდია არ იყიდება. დანიის მეფესა და დანიის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრაც შედგა. იმედია, ტრამპის ეს სურვილი არ განხორციელდება, დანიელებს ამერიკასთან შეერთება არ უნდათ, რადგან დანიაში არანაკლები ცხოვრების დონეა, ვიდრე ამერიკაში. დანია ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, გრენლანდიის მოსახლეობა 40 ათასია, ეს ყველაზე დიდი კუნძულია მსოფლიოში, მაგრამ გრენლანდიელებს არ გამოუთქვამთ ამერიკასთან შეერთების სურვილი. ისე, სამართლებრივად, გრენლანდია ეკუთვნის დანიას, მაგრამ გეოგრაფიული თვალსაზრისით - ჩრდილოეთ ამერიკას, -აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, იგივე ეხება კანადას, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრია, კანადის მოსახლეობასაც არ სურს აშშ-სთან გაერთიანება, მექსიკის ყურეს რომ დაარქვან ამერიკის ყურე, ესეც მიუღებელია.

პანამის არხთან დაკავშირებით კი, ცხადია, ეს არხი პანამას ეკუთვნის, თუმცა შესაძლოა, იჯარით გადასცენ პანამის არხი ამერიკელებს, რაღაც მოლაპარაკება შედგეს, რადგან 1914 წელს პანამის არხი გაიყვანეს ამერიკელებმა, ამერიკელები მუშაობდნენ ამ არხზე, რათა მიმოსვლა ატლანტის და წყნარ ოკეანეებს შორის შემცირებულიყო.

ამდენად, ნიკა ჩიტაძის აზრით, ისტორიული და საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ამერიკას არ აქვს უფლება, ზეწოლა განახორციელოს ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე, რადგან კანადა ისტორიულად აშშ-ს არასდროს ეკუთვნოდა. ეს ტერიტორია 1498 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა გეოგრაფმა ჯონ კაბოტმა. მოგვიანებით აქ შეიქმნა ინგლისური და ფრანგული დასახლებები. ეს ტერიტორია 1763 წლიდან, როცა ინგლისმა დაამარცხა საფრანგეთი, ეკუთვნის ბრიტანეთს და 1931 წელს ბრიტანეთმა კანადას მიანიჭა დამოუკიდებლობა. თუმცა კანადაში ოფიციალურად და ფორმალურად ბრიტანეთის მონარქი ითვლება სახელმწიფოს მეთაურად.

რაც შეეხება გრენლანდიას, ეს ტერიტორია ნორვეგიელებმა აღმოაჩინეს, შემდგომში იქ დანიის სუვერენიტეტი გავრცელდა, 1846-48 წლებში ამერიკამ ისედაც დაიპყრო მექსიკის ტერიტორიის 50% - ტეხასის შტატი, კალიფორნია, ეს ტერიტორია თავის დროზე მექსიკას ეკუთვნოდა, მანამდე ესპანეთის იმპერიას, უფრო ადრე მაიას ტომები და აცტეკები ცხოვრობდნენ.

ტრამპის ეს განცხადებები არც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე აისახება დადებითად, არც ნატოს მდგრადობაზე, რადგან დანიაც ნატოს წევრი ქვეყანაა და კანადაც. აღნიშნულით შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა. როდესაც პუტინმა შესთავაზა ტრამპს შეხვედრა, გამორიცხული არ არის, პუტინი სთავაზობდეს ტრამპს გავლენის სფეროების გადანაწილებას, რომ რუსეთი არ ჩაერევა ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებში, თვალს დახუჭავს და შეიძლება დაუჭიროს კიდეც მხარი გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის ქმედებებს, მაგრამ ამერიკამ უნდა შეამციროს უკრაინის დახმარება და არ ჩაერიოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებში. შეიძლება, რუსეთმა ხელი მოითბოს ამ ყველაფრით, თუკი გამწვავდება ურთიერთბები დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. მით უმეტეს, კანადა ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრია, ამიტომ კანადის გამო ამერიკას შესაძლოა, ბრიტანეთთანაც მოუვიდეს კონფლიქტი, რადგან ფორმალურად ბრიტანეთის მონარქი ჩარლზ მესამე დღეს არის კანადის სახელმწიფოს მეთაური. შესაძლოა, ტრამპის ეს განცხადება გულისხმობს ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებას კანადაზე, კერძოდ, კანადურ პროდუქციაზე ტარიფებს გაზრდის ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ საბოლოოდ კონგრესმა უნდა დართოს ნებართვა ამერიკის პრეზიდენტს, რომ პრეზიდენტმა ომი დაიწყოს. იმედია, ტრამპის ხელში ომამდე საქმე არ მივა. თუ ტრამპს მართლაც ექნება ტერიტორიების დაპყრობის სურვილი, შესაძლოა, იმპიჩმენტიც მოუწყონ, მათ შორის, თანაპარტიელებმაც, რადგან როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიო იცვლება, მონოგრაფიები დაწერილია იმაზე, რომ საერთაშორისო სამართალი და წესრიგი შეიცვლება. თავის დროზე ჰელსინკის ცნობილი ხელშეკრულების ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო, საბჭოთა კავშირი ხედავდა, რომ ძალიან სუსტებოდა და, არიქა, ის წითელი ხაზები მაინც შევინარჩუნოთ, რაც სსრკ-მ მოიპოვა სტალინის დროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგო. ამიტომ თვითონვე იყვნენ ინიციატორნი ამ წესრიგის, რომელიც ახლა თვალსა და ხელს შუა იმსხვრევა მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც მონოპოლარული გახდა მსოფლიო, რაც გაეროს წესდების დარღვევით ამერიკამ ჩაატარა არაერთი ოპერაცია, პატიოსანმა ამერიკელმა მეცნიერებმა დაწერეს, როგორც ჩანს, საერთაშორისო სამართალზე დამყარებული წესრიგი იცვლება ამერიკის წესრიგითო, ანუ მსოფლიომ უნდა იცხოვროს იმ წესრიგით, რომელსაც ვაშინგტონი აწესებს და არა საერთაშორისო წესრიგით. ეს კარგს არაფერს მოიტანს.

ახლა, როდესაც წარმოუდგენელი რამ ხდება, ომია უკრაინაში და დარღვეულია ყველა წესები რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, დღის წესრიგში მართლაც დადგეს გრენლანდიის ამერიკასთან გაერთიანება - არაა გამორიცხული. მით უმეტეს, ახლა რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს გრენლანდიაში. ილონ მასკმა და სხვებმა გრენლანდიის მცირერიცხოვან მოსახლეობას შეიძლება ისეთი შეთავაზება გაუკეთონ და შეუსრულონ კიდეც, რომ ხალხი დათანხმდეს აშშ-სთან გაერთიანებას. ისედაც ამერიკის უძლიერესი ბაზა დგას გრენლანდიაში უკვე 80 წლის განმავლობაში. ამ ფონზე სასაცილო იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება -ამას ამერიკა ვერ შეძლებს, ევროპა ძალიან ძლიერია. სინამდვილეში, ევროპა ძალიან სუსტია, ევროპაში არ ჰყავთ რეალური არმია, მეტ-ნაკლებად პოლონეთს და ფინეთს ჰყავს, მაგრამ ესეც არაფერია და დათვლილია კიდეც, რომ ისეთ ბრძოლაში, როგორშიც ახლა უკრაინაა, ისინი ერთ დღესაც ვერ გაძლებენ ამერიკის გარეშე, -აცხადებს პეტრე მამრაძე.

რაც შეეხება კანადას, ანალიტიკოსის თქმით, ამ ქვეყნის ულტრალიბერალურ პრემიერს ამოეწურა ვადა და გადადგა, რომელიც თავისი ჰიპერლიბერალური საქციელით მთელ მსოფლიოს აცვიფრებდა. ასე რომ, პროცესები დაწყებულია და მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგები პროგნოზირებას ვეღარ ბედავენ. მსოფლიო შედის უაღესად დინამიკურ, ტურბულენტურ ეპოქაში, სადაც ბევრი რამ გახდა შესაძლებელი. ძველი წესრიგი იმსხვრეოდა და დაიმსხვრა კიდეც. გრენლანდია დღეს დანიის მეურვეობის ქვეშაა, დანია კი ნატოს წევრი ქვეყანაა. ამდენად, ტრამპის განცხადება გრენლანდიის მიერთების შესახებ, ცხადია, როგორ სკანდალსაც გამოიწვევდა, ამ დროს რატომღაც დასავლეთში საქართველო უფროსი აინტერესებთ, ვიდრე ტრამპის განცხადებები გრენლანდიაზე, კანადასა და პანამაზე. მთელი მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენაა, სადაც არაფერიც არ ხდება სინამდვილეში.

 

ლევკოთეა დანიის პრემიერი რომ ტრამპს უხსნის, გრენლანდია გრენლანდიელებისააო და ტრაპმი მაინც თავისას მიერეკება, მაგაზე ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა. :)
რუსს ეკითხებიან,
- სსრკ-ს ეროვნებებიდან ყველაზე დებილი რომელიაო?
- ქართველიო.
- საიდან ასკვნიო?
- ერთხელ, მე, ჩემი ცოლი და ქართველი კაცი მატარებლის კუპით ვმგზავრობდით სამი დღე და ღამე. მთელი სამი დღე-ღამე ამ ქართველს ვუხსნიდი, რომ ეგ ქალი შენი კი არა, ჩემი ცოლია მეთქი. ვერაფერი გავაგებინე, ისეთი დებილი იყოო.
:))
2 საათის უკან