„კარგი პარტია საარჩევნო დაპირებებს არ აასრულებს“

„კარგი პარტია საარჩევნო დაპირებებს არ აასრულებს“

ყოფილი პარლამენტარი, ყოფილი ვიცე–პრემიერი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, – რომან გოცირიძე რამდენიმეწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ საჯარო სივრცეში ბრუნდება. „ეკონომიკური განვითარების ცენტრი“,– ასე ჰქვია საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც მან ახლახან დააფუძნა.

For.ge რომან გოცირიძეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ესაუბრა და ისიც გაარკვია, თუ რისი თქმისგან შეიკავა მან თავი 7 წლის წინ, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე უარმა მოუწია.

ბატონო რომან, 6 წელზე მეტი არ ჩანდით საჯარო სივრცეში და არ ურთიერთობდით მედიასთან. რატომ გადაწყვიტეთ გააქტიურება დღეს?

- ნახევრად სიმართლის თქმას მერჩივნა, არაფერი მეთქვა. როცა ხარ ჩინოვნიკი, საკუთარი პოზიციას ობიექტურად ვერ გამოხატავ. საჯარო ფიგურა არც ჩემი ბოლო სამსახურიდან გამომდინარე ვიყავი. სწორედ, ამიტომ შევწყვიტე საზოგადოებრივი აქტიურობა.

მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ვიყავი პოლიტიკაში - პარლამენტში, მთავრობაში, ეროვნულ ბანკში - ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი ეკონომიკური შეხედულებები პოლიტიკური ვალდებულებებით და ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის წევრობით განპირობებული კონიუნქტურით არ ყოფილიყო დატვირთული. ამიტომ პოლიტიკური გუნდის წევრები ხშირად მსაყვედურობდნენ, რომ არ ვიცი პოლიტიკური გუნდური ცხოვრების წესისადმი ანგარიშის გაწევა. რაც იმას ნიშნავს, რომ, როცა საჭიროა, უნდა მოიტყუო, იმოქმედო პოლიტიკური მიზანშეწონილობით და კანონიც კი დაარღვიო. ეს არასდროს გამიკეთებია, ამიტომ, გულზე არ ვეხატებოდი არც ერთი მთავრობის და პარლამენტის წევრთა უმრავლესობას. ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში დღეს ვარ - აბსოლუტურად თავისუფალი ყველანაირი გავლენისგან, პოლიტიკური კონიუნქტურისგან.

პოლიტიკოსის სამოქალაქო სექტორში გადასვლა დღეს ერთგვარ ტენდენციადაც კი იქცა, თქვენ რა მიზნით შექმენითეკონომიკური განვითარების ცენტრი“?

- მოღვაწეობა სამოქალაქო სექტორიდან დავიწყე, რუსთაველის საზოგადოებაში ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, შემდეგ იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო ფრონტი“, რომელიც მოგვიანებით პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაკეთდა. ასევე ვმუშაობდი მედიაშიც. არასდროს დამავიწყდება გაზეთ „თბილისთან“ თანამშრომლობა. იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებში ყოფნას ოფიციოზი არაფორმალურ ცხოვრებას უწოდებდა. აი, აქედან მოვედი პოლიტიკაში. ახლა კი პოლიტიკიდან ვბრუნდები აქვე - გამოცდილებით და ტვირთის გარეშე. დღეს არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც ჩემდამი რამე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ხელების სისუფთავეზე, გულის სიწრფელეზე... ენთუზიაზმი არ დამკლებია, გამოცდილება კი მომემატა.

დღეს სამოქალაქო სექტორი ძლიერია და ეს ძალიან კარგია. ამ სფეროს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ. სამოქალაქო სექტორს პლუსებთან ერთად მინუსებიც ჰქონდა, წლების განმავლობაში ის კვებავდა პოლიტიკურ პარტიებს. ექსპერტები პოლიტიკური პარტიების სახეები ხდებოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, „თავისუფლების ინსტიტუტი“ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და სხვადასხვა დარგის ექსპერტები „ქართული ოცნებისთვის“. ამით კი სამოქალაქო სექტორის ერთგვარი დაკნინება ხდებოდა, მაგრამ დევს მოჭრილი თავების ნაცვლად ახალი და უფრო მეტი თავი ამოეზარდა და სამოქალაქო სექტორში დღეს საკმაოდ კარგი „თავები“ იზრდებიან. განსაკუთრებით მისასალმებელია მათი მუშაობა სამართლებრივი და ადამიანის უფლებების კუთხით, შედარებით სუსტია ეკონომიკური მიმართულება.

ჩემი მომავალი საქმიანობა, სწორედ, გარკვეული დეფიციტის შევსების მიზნით ავირჩიე. მე არ ვარ ბიზნესმენის ნატურა, საჯარო მენეჯმენტის სფეროში უფრო ვხედავ თავს. ამიტომ ყველასთვის ღიაა ჩვენი ორგანიზაციის კარი. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მოტივი საიმისოდ, რომ არ ვიყოთ ობიექტურები - არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნით, არავინ გვაფინანსებს და ჩვენს ორგანიზაციაში მუსიკას არავინ უკვეთს.

რა არის თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი სათქმელი?

- ეკონომიკურ ცხოვრებაში არ შეიძლება მოდუნება და კომპეტენციის შესუსტება. ქვეყანას უნდა ჰქონდეს გამართული ეკონომიკური პროგრამები. ყველაფერი უნდა იყოს მეცნიერულად და კომპეტენტურად დასაბუთებული. ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კომპეტენტურ საექსპერტო დასკვნას და საზოგადოებასთან მუდმივ ურთიერთობას. ჩვენ ვიქნებით მრჩეველი თუ მეგობარი ყველასთვის, ეს იქნება მედია, პარლამენტი, მთავრობა თუ არასამთავრობო სექტორი. რჩევაც და კრიტიკაც არის საქმე. საქმეა შექებაც და მხარდაჭერაც. შესაქებს შევაქებთ, გასაკრიტიკებელს – გავაკრიტიკებთ.

ამბობთ, რომ იქნებით ყველას მრჩეველი, თუმცა მანამდე, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე, იყავით მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი. კმაყოფილი ხართ იმ დროს წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკით?

- მთავარი დამსახურება იყო ის, რომ ქვეყანაში დაიწყო ლიბერალური პოლიტიკის წარმოება, რომელმაც საქართველოს შეუქმნა დადებითი საერთაშორისო იმიჯი და გამოიწვია ინვესტიციის ბუმი. განხორციელდა ქვეყნის კაპიტალიზაცია - ის, რაც ღირდა 1 ლარი, გახდა მილიონი ლარი. მანამდე 1 ლარადაც არავის უნდოდა, ვთქვათ, მეტალურგიური ქარხანა, ჭიათურის მაღარო, ჰესები... შეცდომა კი იყო სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება – ეკონომიკისთვის საჭირო პროექტების ავკარგიანობას წყვეტდა არა ბაზარი, არამედ, გარკვეული ადამიანების მიერ დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ხშირად ახლდა შეცდომები. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ლიბერალური პოლიტიკის პარალელურად წარმოებული ანტილიბერალური ქმედებები - სახელმწიფოს უხეში ჩარევა ბიზნესში და ლიბერალიზმისგან შორს მდგომი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება. მაგალითად, იგივე ვაუჩერების დარიგება, წინასაარჩევნოდ შექმნილი დასაქმების პროგრამები. დაპირება, რომ ხალხს 1000-1000 ლარს დაურიგებდნენ.

ათასი ლარის დარიგება არ დასცალდანაციონალურ მოძრაობას“ - საპარლამენტო არჩევნების წაგების გამო.

 - შეიძლება დაერიგებინათ კიდეც, რომ გაემარჯვათ. საზოგადოებაში კი ლიბერალიზმად იქნა აღქმული ბევრი ის შეცდომა, რომელიც იმ პერიოდის ეკონომიკურ პოლიტიკაში შეიმჩნეოდა. კერძო ბიზნესის ჩანაცვლება ხდებოდა მთავრობის მიერ. ბიზნესის დაწუნებულ პროექტებს ხელისუფლება ახორციელებდა, ამიტომ არც უნდა გაგვიკვირდეს, ახლა ძროხები თუ დარბიან ანაკლიაში.

„ლიბერალი“ სალანძღავი სიტყვა გახადეს, ლიბერალების არათანმიმდევრული პოლიტიკის გამო. ამიტომ, უფრო სასიამოვნოდ ჟღერს, თუ იტყვი, სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის მიმდევარი ვარო.

მოქმედი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან რა შენიშვნები გაქვთ?

- შეცდომაა ზედმეტი აპელირება სოციალურ პროექტებზე. ბიუჯეტში უამრავი სოციალური პროგრამაა, რომლის დაფინანსების რეალური წყარო საეჭვოა. ეს ყველაფერი ფინანსდება სესხებიდან - დიდი ოდენობით საგარეო და საშინაო ვალს ვიღებთ. მოგვცემენ კი ყოველთვის ამ ვალს? ასევე შეცდომაა გარკვეული პროგრამების - ყურძნის, ციტრუსის ჩაბარების სუბსიდირება. ჯერ კიდევ არასტაბილური შემოსავლების პირობებში, სტაბილურად მზარდი ხარჯები ფინანსდება. 126 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუჯეტის სახელფასო ფონდი. მიმაჩნია, რომ მინისტრებისთვის ხელფასების ჩამოჭრა არ იყო მართებული. მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს ყველა რანგის ჩინოვნიკს, მაგრამ ჩინოვნიკების რაოდენობა უნდა იყოს მცირე. ხარჯვითი პოლიტიკა არის ძალიან ხელგაშლილი. ამგვარმა პოლიტიკამ რა უყო საბერძნეთს და კვიპროსს, კარგად დავინახეთ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სოციალურ პოპულიზმთან, საარჩევნო პროგრამები საერთოდ უნდა დავივიწყოთ, უნდა ვთქვათ, მოგატყუეთ, ხალხო. ხალხმაც უნდა ისწავლოს, რომ საარჩევნო პროგრამა არის ბლეფი. ნებისმიერი პარტიის საარჩევნო პროგრამის შესრულების შემთხვევაში, საქართველოში ეკონომიკური კრახი იქნებოდა. ჩემი აზრით, კარგი პარტია ის არის, რომელიც საარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს.

ეს საკმაოდ სკანდალური განცხადებაა, საზოგადოებისთვის ამის თქმას პარტიები, ალბათ, ვერც გაბედავენ.

- მაგრამ, ეს კარგია პარტიისთვის – არ შეასრულებს საარჩევნო დაპირებებს და გააკეთებს იმას, რაც სჭირდება ქვეყანას. მართალია, ასეთ პარტიას მეორედ არ აირჩევენ, მაგრამ თუ ის საარჩევნო ტყუილების შესრულებას იმიტომ მოინდომებს, რომ კიდევ ერთხელ აირჩიონ, არ იქნება კარგი პარტია. ყველაზე კარგი ვარიანტი განათლების და პასუხისმგებლობის დონის ამაღლებაა, როცა მოსახლეობა თავს არ მოიტყუებს და პარტიები არჩევნებისთვის ძალიან არ იცრუებენ. ეს არის ევროპული დემოკრატიისთვის დამახასიათებელი სურათი. „მესამე ეშელონის“ ქვეყნებში კი არჩევნების ტყუილის გარეშე მოგება შეუძლებელია.

ბატონო რომან, არაერთხელ გაუსვით ხაზი, რომ თქვენი ორგანიზაცია იქნება ობიექტური, ნეიტრალური, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ამით საზოგადოებისთვის იმის მტკიცებას ხომ არ ცდილობთ, რომნაციონალურ მოძრაობასთანასოცირებული ორგანიზაცია არ იქნებით?

­- „ნაციონალურ მოძრაობის“ კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ვიყავი. შემდეგ ეროვნულ ბანკში წავედი. ბანკიდან წამოსვლის შემდეგ პარტიული არ ვყოფილვარ. „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში ვიყავი, როდესაც მქონდა წონა, როცა ვიყავი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, ასვე მაშინ, როცა ეროვნულ ბანკს ვხელმძღვანელობდი. როდესაც გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებდი და რიგითი ჩინოვნიკი გავხდი, ბუნებრივია, ვერც პასუხისმგებლობას გავიზიარებდი. ჩემი გარიყულობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. წინა ხელისუფლების დროს კარგი რაც იყო, ყველა ხედავს. რეფორმატორების ხიბლის შედეგი იყო ბათუმში წარმოებული მშენებლობა და ამას ხაზს ვერავინ გადაუსვამს. დანაშაულებთან, რომლებიც შემდეგ გამოვლინდა, მე არავითარი შეხება არ მაქვს და, სამწუხაროდ, შეიძლება, ბევრი რამ არც ვიცოდე.

2007 წელს ეროვნული ბანკიდან ვადაზე ადრე წასვლა პოლიტიკური ვითარებისთვის ანგარიშის გაწევად შეაფასეთ. მაშინ ცნობილი ფრაზაც მოიხმეთ და განაცხადეთ, რომროდესაც ბევრი გაქვს სათქმელი, სჯობს, არაფერი თქვა“. წლები გავიდა და იქნებ ახლა გვითხრათ, რა ვერ თქვით მაშინ?

- იმ დროს ყველას სურდა ეროვნული ბანკის ხელში ჩაგდება. პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა მოახერხა, რომ ლექსო ალექსიშვილი შემოეყვანა ეროვნული ბანკის საბჭოში. სპეციალურად გაიყვანეს საბჭოს ერთი წევრი. მე ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ამ დროს ჩემი საბჭოს ერთ-ერთ წევრს ეუბნებიან, მრჩევლად გადადი, ალექსიშვილს პოსტი გამოუთავისუფლე, მერე გოცირიძე რომ ჩავანაცვლოთო. ასეთი ღია ბრძოლა იყო მთავრობიდან. პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესაც ჰქონდა სურვილი ემართა ეს პოსტი. ძალოვნებს უნდოდათ, რომ ეროვნული ბანკი ყოფილიყო ისეთი, როგორიც მერე გახდა - გამოეყენებინათ არასასურველი პირების გასაკოტრებლად. ყველას უნდოდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელში ჩაგდება. იმ დროს ეროვნული ბანკი ერთადერთი უწყება იყო, სადაც „ოდეერი“ არ იყო. დამხვდა და გავათავისუფლე – ვუთხარი, წადი სახლში-მეთქი.

დღეს რამდენად თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან ეროვნული ბანკი?

- მგონია, რომ ეროვნულ ბანკში არ ხდება ცუდი პროცესი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებს არ ვგულისხმობ. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ნორმალურად თანამშრომლობენ და არ მგონია, რომ ბანკის პრეზიდენტის „ნაციონალების“ გუნდის ყოფილი წევრობა ამ პროცესს ხელს უშლიდეს.

ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასთანმოქალაქესთანთუ აპირებთ თანამშრომლობას.

- ივანიშვილს არ ვიცნობ, მასთან არანაირი შეხება ან შეხვედრა არ მქონია. თუმცა, ვითანამშრომლებთ ყველასთან. თუ რჩევას გვკითხავენ, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ ვითანამშრომლებთ. ნებისმიერ პარტიას დავეხმარებით, თუ ჩვენი რჩევა დასჭირდებათ ეკონომიკური პროგრამების შემუშავებაში. ვაცხადებ, რომ დღეს არ მაქვს არავითარი პოლიტიკური სიმპათია. პოლიტიკაში 20 წლის ყოფნის შემდეგ მოვიშორე ტვირთი, რომელიც ადამიანს ტენდენციურობისკენ უბიძგებს.