გიტარა, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი “პროდუქტი”

გიტარა, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი “პროდუქტი”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის სამომხმარებლო კალათაში, 295 დასახელების პროდუქტია, მათ შორის, მუსიკალური ინსტრუმენტი გიტარაცაა შესული, რასაც საზოგადოებისა და ეკონომიკის ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. გიტარის გარდა, სამომხმარებლო კალათაში აღმოჩნდახინკალი - სახინკლეში”, “ლუდი - ბარში”, ქსეროასლის გადაღება, ნოტარიუსის მომსახურება”, ბრტყელტუჩა, ყავისსერვიზიდა ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი... და მაინც, რატომ არის გიტარა სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთი?

 

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - სამომხმარებლო კალათა ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტების ერთობლიობაა, ანუ სასურსათო კალათაში კვების პროდუქტები შედის და არა - სასურსათო საქონელი. 

- ბატონო ირაკლი, სამომხმარებლო კალათის ფასის დადგენა როგორ და რამდენ ქალაქში ხდება?

- ფასის დადგენა საქართველოს 5 ქალაქში ხდება. სამომხმარებლო კალათა იძლევა საფუძველს, დაითვალოს ქვეყანაში ინფლაცია, ანუ რამდენად გაიზარდა, ან შემცირდა ინფლაციური პროცესი.

- ეს ხუთი ქალაქი რომელია, ან რა კრიტერიუმითაა შერჩეული?

- შერჩევა სისდიდის მიხედვით ხდება, ანუ სამომხმარებლო კალათის ფასის დადგენა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და გორში ხდება.

- სამომხმარებლო ფასებ რამდენ ჯგუფად იყოფა?

- სამომხმარებლო ფასებში 12 ჯგუფი შედის, თუმცა ქვეყნის ყველა ბაზარი მომხმარებლების რაღაც თავისებურებით გამოირჩევა: სადღაც შეიძლება, წიწიბურა იყო დიდ მოხმარებაში, მეორეგან კი, შეიძლება, საერთოდ არ იყოს წიწიბურა სამომხმარებლო კალათაში, ანუ პროდუქტები სასაქონლო ჯგუფში ადგილობრივი მოხმარების სტრუქტურის გათვალისწინებით შედის.

საქართველოში, სამომხმარებლო კალათაში 400 დასახელების პროდუქტია მოთავსებული. ამ კალათის გადახედვა პერიოდულად უნდა მოხდეს, რადგან ადამიანების ქცევა და მოხმარების სტრუქტურა იცვლება და ეს ნორმალური პროცესია, თუმცა არ ვიცი, გიტარა და ყავის “სერვიზი” სამომხმარებლო კალათაში რატომ შეიტანეს. ისე, ჩამონათვალში ბრტყელტუჩაცაა... ჩემთვის გაურკვეველია, ინფლაციის პროცესის განსაზღვრისას, გიტარის ფასის ცვლილება რამდენად მნიშვნელოვანია... ისე, არ მგონია, რომ ამ საკითხზე აქტიური დისკუსია უნდა გაიმართოს. საერთოდ, სამომხმარებლო კალათას ჯანდაცვის სტატისტიკის დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფი ადგენს, რომელიც კონსულტაციებს გადის ჯანდაცვის შესაბამის უწყებებთან...

 

არც ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძე იცის, თუ რა კრიტერიუმებით სარგებლობ სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც სამომხმარებლო კალათაში ესა თუ ის პროდუქტი შეაქვს:

- რაც შეეხება გიტარას და ყავის “სერვიზს”, ძალიან კარგია სამომხმარებლო კალათაში ამ ნივთების არსებობა, მაგრამ აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. როცა ხელისუფლება და სტატისტიკური სამსახური პროდუქციის ნუსხას აყალიბებენ, ამოსავალი წერტილი აუცილებლობა და რიგითობა უნდა იყოს. დღეს საქართველოს იმის აუცილებლობა და საჭიროება არ აქვს, რომ სამომხმარებლო კალათაში გიტარა და ყავის “სერვიზი” ჰქონდეს. სამაგიეროდ, აქვს აუცილებლობა, ჰქონდეს უფრო მეტად სასიცოცხლო დატვირთვის პროდუქტები. ამასთან, აუცილებელია, რომ კვებითი რაციონის ოპტიმიზაცია მოხდეს. ისე, გიტარა და ყავის “სერვიზი” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას სიმბოლურად დაემთხვა.

- რას გულისხმობთ?

- განაცხადა, პროცესებსა თუ მოვლენებს იუმორით უნდა შევხედოთო და ცხოვრება გავიმარტივოთო. ივანიშვილის ეს ნათქვამი სტატისტიკის სამსახურმა და ეკონომიკურმა გუნდმა ეტყობა, პირდაპირ გაიგეს და ამიტომ შეიტანეს კალათაში გიტარა და ყავის “სერვიზი”.

- სამომხმარებლო კალათაში, ასევე, შეტანილია ხინკალი - სახინკლეში, ლუდი - ბარში, ხაჭაპური და ყავა - კაფეში. ეს რაღას ნიშნავს?

- ამას აქვს ახსნა - მაგალითად, ხინკლის შინ მომზადების დანახარჯი, ენერგეტიკული და კალორიული ღირებულება გაცილებით მეტია. სახლის  ხინკალი სახინკლისას ჯობია, მაგრამ არცთუ იშვიათად, გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, ადამიანებს უწევთ გარკვეული ხარჯების გაწევა, მათ შორის, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად პირველი რიგის ამოცანაა ხინკლის საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მირთმევა...

- სამომხმარებლო კალათას ვინ ადგენს?

- სამომხმარებლო კალათის შედგენა კომპლექსური სამუშაო და გადაწყვეტილება უსერიოზულესი კვლევითა და მასშტაბურობის გათვალისწინებით მიიღება. კალათის შედგენაში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული, პირველ რიგში, - ეკონომიკის სამინისტრო და სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი, რომელიც გარკვეული კვლევებისა და მეცნიერული მიდგომების საფუძველზე, სასაქონლო და სერვისების ჯგუფების კლასიფიცირებას ახდენს, რაც სასურსათო კალათასა თუ საარსებო მინიმუმზე აისახება. სახელმწიფო სტრუქტურებიდან მნიშვნელოვანი როლი ჯანდაცვის სამინისტროსაც უკავია - მისი რეკომენდაციები გადამწყვეტია როგორც მეთოდიკის დაანგარიშების, ასევე, კალორიულობისა და ენერგეტიკული ღირებულებების განსაზღვრისას. მიჭირს იმის თქმა, ხინკლის საზოგადოებრივი კვების ობიექტში მირთმევა, გიტარა, ქსეროასლების გადაღება და სანოტარო მომსახურება სამომხმარებლო კალათაში ვისი რეკომენდაციით მოხვდა.

 

მაინც, რა კრიტერიუმებით განსაზღვრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის სამომხმარებლო კალათა? - “ქართული სიტყვა სტატისტიკის ეროვნული შეფასების სამმართველოს უფროსს, ლევან ქარსაულიძეს ესაუბრა:

 

- ბატონო ლევან, 2014 წლის სამომხმარებლო კალათაში მოხვდა გიტარა, ყავის სერვიზი, ხინკალი - სახინკლეში და ლუდი - ბარში. ეგებ, განმიმარტოთ, როგორ მოხვდა გიტარა სამომხმარებლო კალათაში?

- მან, ვისაც უჩნდება შეკითხვა, თუ რატომ მოხვდა გიტარა სამომხმარებლო კალათაში, არ იცის სამომხმარებლო კალათის შინაარსი. სამომხმარებლო კალათა მხოლოდ სურსათსა და საარსებო მინიმუმზე, ანუ იმ პროდუქტებზე არაა გამიზნული, რომლებიც მხოლოდ სასურსათო და მინიმალური  საზრდოობისთვის გამოიყენება. სამომხმარებლო კალათაში სურსათი მხოლოდ ერთი ჯგუფია, თერთმეტი ჯგუფი კი, - სხვა დანარჩენი საქონელი, რომელსაც საშუალო მომხმარებელი იძენს.

- ქართული სიტყვა ეკონომიკის ორ ექსპერტს ესაუბრა და ორივეს გაუჩნდა შეკითხვა, თუ როგორ მოხდა სამომხმარებლო კალათაში გიტარა... ეს მეც მაინტერესებს... 

- ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებსაც უჩნდებათ შეკითხვა, თუ როგორ მოხვდა გიტარა სამომხმარებლო კალათაში, ექსპერტის სტატუსს ატარებენ. ექსპერტის სტატუსი აქვთ და უკვირთ, გიტარა კალათაში რატომ მოხვდა?!   

სამომხმარებლო კალათა იმას ნიშნავს, თუ რას შეიძენს საშუალო მომხმარებელი. სამომხმარებლო ფასების ინდექსი ფასების დონის განსასაზღვრად გამოიყენება. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს საარსებო მინიმუმის კალათაა. საარსებო მინიმუმის კალათაში, ბუნებრივია, ვერ მოხვდებოდა გიტარა, ვერც - ყავის “სერვიზი” და ვერც სხვა დანარჩენი. ამას არაფერი აქვს საერთო ფასების ინდექსთან. ეს არის სამომხმარებლო კალათა, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში ფასების დონის განსასაზღვრად და ეს კალათა ეფუძნება საერთაშორისო კლასიფიკატორს, რომელშიც 12 ძირითადი ჯგუფია. აქედან პირველი არის სურსათი, მეორე - ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. დანარჩენი ჯგუფები კი არასასურსათო პროდუქტებს აერთიანებენ. ერთ-ერთი ქვეჯგუფი რესტორნებისა და კაფეების მომსახურებაა, სადაც შედის ეს “ხინკალი - სახინკლეში, ხაჭაპური - კაფეში და ყავა - კაფეში”.

- როგორ დგება სამომხმარებლო კალათის შედგენა?

- ჯერ ის დგინდება, ოჯახები რაზე ხარჯავენ თანხას და რა დანახარჯები მიდის ზემოხსენებულ თითოეულ ჯგუფზე. ამის დადგენა შიდა მეურნეობების კვლევით ხდება. შემდეგ, ყველაფერი ეს ერთიანდება, შედეგებს ეროვნული ანგარიშების სამმართველო აჯამებს და შედეგს ფასების სამმართველოს აწვდის. ფასების დონის განსასაზღვრად კი, ხდება საქონელწარმომადგენლების შერჩევა თითოეული ჯგუფისთვის. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დახარჯული თანხაც ოჯახის ხარჯია. ფასების ცვლილება რომ ავსახოთ, საჭიროა, დავაკვირდეთ, თუ როგორ შეიცვალა ფასი იმ ნივთზე, რომელზეც ხარჯი იქნა გაწეული. მუსიკალური ინსტრუმენტების ქვეჯგუფში საქონელწარმომადგენლად შეირჩა გიტარა, ანუ ჩვენ ხომ ვერ ჩავრთავდით “ბალალაიკას"“ ან ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოში იშვიათად იყიდება? გიტარა მუსიკალური ინსტრუმენტების ისეთი საქონელწარმომადგენელია, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ფართოდ მოხმარებადია. თითქმის არ მეგულება ოჯახი, სადაც გიტარა არ არის, ან გიტარასთან რამე შეხება არ აქვს: გიტარა, ან რომელიმე ინსტრუმენტი 10-დან 6 ოჯახში მაინც იქნება. აქედან გამომდინარე, ხარჯი მუსიკალურ ინსტრუმენტებზე საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საჭიროდ ჩავთალეთ, მუსიკალური ინსტრუმენტების ქვეჯგუფზე შეგვერჩია რომელიმე საქონელწარმომადგენელი და მის ფასზე დაკვირვება მოგვეხდინა. ასეთი აღმოჩნდა გიტარა. ეს იყო და ეს. აქ გასაკვირი, საგანგაშო და საკამათო არაფერია.