თარგამაძის ლოგიკა

თარგამაძის ლოგიკა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მკაცრად აკრიტიკებს. თარგამაძე ნუკრი ქანთარიას „პოლიტიკურ ბეცს“ უწოდებს, ირაკლი ღარიბაშვილს „უნიათოს, უვიცსა და მშიშარას“, ბიძინა ივანიშვილს „გაბღენძილს“, გიორგი მარგველაშვილს „მონას“, ხოლო კახი კალაძეზე ფიქრობს, რომ „მას სახელისუფლებო ბერკეტები რომ ჰქონდეს, რუსებს საქართველოს მონად ჩააბარებდა“.

თუ რატომ „ამკობს“ აღნიშნული ეპითეტებით გივი თარგამაძე ქვეყნის პირველ პირებს? ამას ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც for.ge-მ მასთან ჩაწერა:

პრეზიდენტი წლიური მოხსენებით, პარლამენტის წინაშე წარდგება. რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას უმცირესობა?

- ძალიან რთული სათქმელია ის, თუ რა უნდა მოვისმინოთ პრეზიდენტისგან. მარგველაშვილის ერთადერთი აქტივობა თურქეთსა და აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტები იყო. ნიშნის მოგებით და დაცინვით არ ვამბობ, მაგრამ ისეთი აქტივობები არ მახსოვს, რაზეც შეიძლება, ქვეყნის პირველმა პირმა ილაპარაკოს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ შემთხვევაში, არ ვიცი, გიორგი მარგველაშვილი რას იტყვის, რადგან ხელისუფლებას მისი ადგილი განსაზღვრული არც გუნდში აქვს და არც ქვეყანაში. იქნებ, მისგან მოვისმინოთ გეგმა - როგორც ქვეყნის მიმართულებით, ასევე შიდა პარტიულ გეგმებზე.

თუმცა, პრეზიდენტი კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებს და მისგან, რა ტიპის აქტივობას ითხოვთ?

- საქართველოში იგივე მოდელი მოქმედებს, რაც პრეზიდენტ კაჩინსკის დროს პოლონეთში იყო და შეგიძლიათ ეს შეადაროთ. მხოლოდ იმაზე არ არის ლაპარაკი, მას კანონი რითი აღჭურავს. აქ საუბარი ელემენტარულ თვისებებზეა, მაგრამ როცა პრემიერისა და სხვა ჩინოვნიკების მუშაობის რეჟიმს ერთი ადამიანი განსაზღვრავს, ისინი მონები არიან. კაჩინსკი კი, არავის მონა არ იქნებოდა. როცა გიორგი მარგველაშვილი ირჩეოდა, წინასწარ ყველამ იცოდა, რომ ის მონა უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მისგან განსაკუთრებულ აქტივობებს არ უნდა ველოდოთ.

პრეზიდენტს აკრიტიკებთ, მაგრამ თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი წინამორბედის მსგავსად, ფსიოზამდე ვერ დავა...

- სააკაშვილი სხვა მოდელით საქმიანობდა, მაგრამ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც შეიძლება, თვეები გავიდეს და ვერავინ მიხვდეს, რომ ის არსებობს. კონსტიტუციით, მას წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს. შესაბამისად, მას ბევრად მეტი ვიზიტი უნდა ჰქონოდა. ასევე, მას პოლიტიკურ პროცესებზე გამოკვეთილი პოზიციას უნდა ჰქონდეს და მხოლოდ იმას არ უნდა ამბობდეს, რომ ევროპული განვითარების გზაზე მყარად ვდაგავართ და ამავე დროს, რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა.

რუსეთი ახსენეთ და გკითხავთ, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმება. დეტალები უცნობია, მაგრამ ამ საკითხზე, მარტში, პრაღაში აბაშიძე-კარასინი ისაუბრებენ. ამ შეხვედრისგან, რას უნდა ველოდოთ?

- სირცხვილის გრძნობას იწვევს ის, რომ გზად, პუტინმა ერთი სიტყვა გადმოაფურთხა და ამაზე სახელისუფლებო გუნდში მთელი აღტყინება ატყდა. კიდევ უფრო სასირცხვილოა ის, რომ მარგველაშვილი და ღარიბაშვილი ერთმანეთს ეცილებიან - ვინ უნდა წავიდეს მოსკოვში. ეს ყველაფერი სახალხოდ ხდება... პარტიაში მაინც გაარკვიონ. წარმომადგენლობითი ფუნქცია პრეზიდენტს აქვს, ამასთანავე, პრემიერის პუტინთან შეხვედრა კიდევ უფრო დამაზარებელი იქნება, რადგან მან ისიც ვერ ჩამოაყალიბა თუ რა საკითხებზე უნდა იყოს საუბარი, განსხვავებით მარგველაშვილისგან. კიდევ უფრო საზიზღარი კალაძის პოზიცია იყო, რომლის განცხადებიდანაც, ლამის, ის გამომდინარეობდა, რომ რუსებს იქეთ ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რომ მათ უხეშად ვექცეოდით. მართალი გითხრათ, რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებაში, ყველაზე ამაზრზენი პოზიცია კალაძეს აქვს. მას სახელისუფლებო ბერკეტები რომ ჰქონდეს, რუსებს ქვეყანას მონად ჩააბარებდა. თუ კალაძეზე ბერლუსკონის გავლენაა, მან უნდა იცოდეს, რომ ბერლუსკუნი იტალიის პრემიერი იყო და ის ამ ყველაფრის სანაცვლოდ, ევრაზიულ კავშირში არ შედიოდა.

თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომგივი თარგამაძის მსგავსად, უკრაინაშიდესანტსვერ ჩასხავენ...

- კითხვები ახლა მაინც აღარ უნდა არსებობდეს და ვისაც სინდისი აქვს უნდა მიხვდეს, მაშინ თავიდან თუ რის აცილებას ვცდილობდით. სწორედ იმის, სანამდეც უკრაინა ახლა მივიდა. პრეტენზიებს არ მივიღებ! როცა არჩევნებზე დაშვების უფლება ვერ მივიღეთ, უკრაინა დავტოვეთ, მაგრამ მცდელობა გვქონდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულიყო. პრეტენზიებს იმ ადამიანებისგან არ მივიღებ, რომელთა პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის და ამასთანავე, მზად არიან იანუკოვიჩი აღიარონ.

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე განცხადება მიიღო. მათ შორის, ბოლო რეზოლუციაში თქვენი ტექსტიც იყო გათვალისწინებული. მმართველი ძალისრუსულ პროექტადშერაცხვას, ისევ რატომ ცდილობთ?

- ბოლო განცხადებაში ჩვენი ტექსტი გამოკვეთილად არ იყო ასახული. ტექსტში რუსეთი, როგორც საფრთხე არ ჩაწერეს, იმის გამო, რომ ამ იდიოტურ ვითარებაში რუსეთს ვასიამოვნოთ. ხელისუფლება ენის მოჩლექვით ლაპარაკობს და საფრთხეა იმის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხი მოიხნას. ისეთმა პოლიტიკურმა ბეცმა, როგორიც ქანთარიაა თქვა, რომ თურმე, რუსებთან ჩაი რომ დალიონ, ესეც მისასალმებელი იქნება. გარწმუნებთ, რომ ასეთი ერთი ჩაის დალევა იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ოკუპაცია პრობლემად აღარ არსებობს. შესაბამისად, არც სხვისთვის იქნება. როცა პარლამენტში ასეთი იდიოტები ჰყავთ, მაშინ ხელისუფლებაში ერთი მაინც უნდა აცნობიერებდეს, რაზეა ლაპარაკი.

რუსეთთან მიმართებაში, „ნაციონალური მოძრაობისაგრესიულმა პოლიტიკამ რა მოიტანა? დავით ბერძენიშვილმა for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან უნდა იყოს პრინციპული და კორექტული, მაგრამ წინა ხელისუფლება იყო არაპრინციპული და არაკორექტული, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა...

- იმ ადამიანებს, რომელთაც პუტინთან ჩაის სმა სურთ, ჩვენი პოლიტიკა აგრესიულად ეჩვენებათ, მაგრამ დავით ბერძნიშვილისთვის ჩვენი პოლიტიკა აგრესიული იქნება, რადგან მისი ძმა ლევან ბერძენიშვილი რუსებს არათუ ენის მოჩლექვით ელაპარაკებოდა, არამედ რუსეთის საელჩოს მესამედ მდივანს ანგარიშს აბარებდა. ჩვენი პოლიტიკა პრაგმატული იყო, რომელიც მკვეთრ პოზიციას ემყარებოდა, რაც კრემლთან ჭრის. ამის მაგალითია, საქართველოდან რუსების ბაზების გაყვანა. სანამ ლაპარაკი დათმობებზე იყო, ეს პროცესი არ დამთავრადა. რუსეთთან მიმართებაში ნებისმიერი კეთილი ნების ჟესტი გამოხატვა, საფრთხეს შეიცავს, რომ ისინი ძალადობას მიმართავენ, რადგან მათ ეს როგორც სისუსტე ისე ესმით და სურთ, ტანკით გადაგიარონ. რუსეთთან დაკავშირებით, პოზიცია უნდა იყოს არა აჟიტირეული და მაამებლური, არამედ ხისტი. არ ვთვლი, რომ რუსეთთან მიმართებაში რაიმე შეცდომა დავუშვით.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლას, როგორ აფასებთმოქალაქისდაფუძნებას?

- პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობას აკონტროლებს, მაგრამ ისე, რომ მას არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. აღმოჩნდა, რომ „მოქალაქეც“ მხოლოდ სახელია, რადგან საწყალმა ბიჭმა (გიორგი საბანაძეს გულისხმობს) არაფერი იცოდა, რაც კითხეს. ივანიშვილის ადგილზე ამ ორგანიზაციას „ორმაგ მოქალაქეს“ დავარქმევდი, რადგან ის ჯიუტად საფრანგეთის მოქალაქეობას არ თმობს და მესმის რატომაც. გაბღენძილობის მიუხედავად, ივანიშვილი ხედავს, ქვეყანა თუ რა დღეშია და იცის, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი თავზე დაემხობა, ბოლო ნავსაყუდელი კი ურჩევნია საფრანგეთში ჰქონდეს. ივანიშვილი დავალებებს გასცემს, უნიათო მთავრობა კი, მას შეასრულებს და ჭეშმარიტება იქნება ის, რასაც „მოქალაქე“ იტყვის. ყოველგვარი ფულის გაცემის და პრობლემების მოგვარების გარეშე, „მოქალაქე“ იტყვის, რომ ყველაფერი კარგად არის და პირში ჩალაგამოვლებულმა ხალხმა, მათ უბრალოდ ტაში უნდა დაუკრას.

როგორც თქვენ გიკრავდნენ?

- ასე გვიკრავდნენ? ხუთშვილიანი მამა მეუბნებოდა თუ როგორ დავეხმარეთ ჩვენ და რა ხდება დღეს. შეიძლება, გადამეტება იყო, მაგრამ ხალხი მალე მიხვდება, თუ რა ხდება ქვეყანაში. როგორც პრეზიდენტი, ასევე თითოეული ჩინოვნიკი ხალთან კონტაქტში იყო.

თუმცა, პრეზიდენტიც და ჩინოვნიკებიც რეალობას მოწყვეტილნი იყვნენ. მხარდასაჭერ ადგილებზე კი, ხალხი ყვითელი ავტობუსებით მიგყავდათ...

- კი ბატონო, ამას ვაღიარებ. საკმარისი საჯარო განხილვები არ გვქონდა, მაგრამ ადგილებზე, ხალხთან ურთიერთობა ინტენსიური იყო. მარგველაშილი რეგიონებში, ვინმეს უნახავს? აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც თურმე, ახალი, დიდი ზვიგენი უყიდია და ახალი გასართობი ჰქონია. ასევე არაფერს ვამბობ ირაკლი ღარიბაშილზე, რომლის საგარეო ვიზიტებზეც სირცხვილით დაიწვები. ღარიბაშვილი სრულიად სტერილური ადამიანია, რომელსაც არაფერზე არანაირი ცოდნა არ გააჩნია. იგივე შეიძლება ივანიშვილზეც ითქვას, მაგრამ მას გარკვეული ინსტინქტები მაინც აქვს. ქვეყანაში წარმოუდგენელი უცოდინრობაა. თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კორუფციის სქემა დავდეთ და ამის გამო, დედოფლისწყაროდან ჩამოყვანილი ხალხი დაგვიპირისპირეს, რომლებიც ჩემს სახლთან მოდიან და ფულს მთხოვენ. თუ დანაშაული გვაქვს ჩადენილი, არ ურჩევნიათ, ეს საქმეები პროკურატურას გადასცენ და თავად საქმეს მიხედონ? პრემიერი ჩემი მეზობელია და „ზონა ნიუსმა“ მის სახლთან აქცია რომ გამართა, ადგილზე დედოფლისწყაროელები მიიყვანეს. ეს მარაზმი არ არის? კაცი პრემიერია და ვინ იცავს? პრობლემა არ მაქვს, თუ სურთ, მოსეშვილზე კარავი დადონ და იქ ისხდნენ, რამდენი ხანიც უნდათ, მაგრამ პრემიერს „ზონა ნიუსის“ მიტინგის როგორ უნდა ეშინოდეს? გარდა იმისა, რომ ღარიბაშვილი უნიათო და უვიცია, ის მშიშარაც აღმოჩნდა.

თქვენს ბიზნესინტერესებზე ეკა ბესელიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თქვენს სახელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 85 მლნ ლარამდე მიიღეს...

- ეკა ბესელიამ სრული იდიოტობა თქვა. უცებ, ბესელიას გონება გაუნათდა და თქვა, რომ კომპანიებმა 85 მილიონი ლარი იშოვეს. მას ხომ არ „ძმარავს“? ბესელიას წარმოუდგენია, რამდენია 85 მლნ ლარი?

თქვენი ძმა უცნაური სახელის მქონე კომპანიას - „პაულშულრუნდიროგრუპსფლობს?

- ჩემი ძმა არქიტექტორია, მას თავისი საპროექტო აქვს და იმის თქმა, რომ მილიონი ბრუნვა აქვს, სრული სისულელეა. კარგია, რომ ჩემი ძმა თავისი პროფესიით მუშაობს და მან ასფალტის დაგება არ დაიწყო. ის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა.

რამდენ პროცენტიანი წილის მფლობელია?

- ეს ზუსტად, არ ვიცი, მაგრამ მე რას მედავებიან, კონკრეტული ხომ უნდა გვითხრან? ბრალად, რა მედება?

ბესელიამ განაცხადა, რომ თქვენმა ძმამ აღნიშნული ფირმა 2003 წელის 20 ნოემბერს დააფუძნა და სავარუდოდ, ის თქვენს თანამდებობას იყენებდა...

- ჩემს ძმას საპროექტო სულ ჰქონდა, მაგრამ დანაშაული რა არის, რას მედავებიან?

და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ნაციონალების განცხადებებს იუმორით შეხვდენენ. შესაბამისად, თუ ყოფილი პრემიერი ჩვენს ინტერვიუს წაიკითხავს, როგორ გგონიათ, გაიცინებს?

- ადამიანს, რომელსაც „შედი ქალო ბუტკაში“ იუმორზე ეცინება, სასაცილო მისი იუმორია. ალბათ, ამ ინტერვიუზე ივანიშვილი არ გაიცინებს და პირიქით, ვინმეს დაავალებს კიდევ უფრო კარგად მომისმინონ და მიყურადონ. ამის პრობლემა კი, არ მაქვს. პირობას გაძლევთ, რომ ხშირად მოგაწვდით ინფორმაციას - ჯანყარაშვილი-თამაზაშვილი-ღარიბაშვილის კლანზე, თუ როგორ ჭამენ ფულს და თუ როგორ ეუფლებიან სხვადასხვა სექტორს.