საქართველო და თურქეთი ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ

საქართველო და თურქეთი ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ

ქართველმა და თურქმა ჯარისკაცებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის სამშვიდობო ძალთა მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. AFP-ს ცნობით, საქართველომ ამ მისიაში შეიძლება დაახლოებით 100 ჯარისკაცი გააგზავნოს, მაშინ როდესაც თურქეთის პოტენციური კონტრიბუცია უფრო მოკრძალებულია. როგორც AFP -ს ერთ-ერთმა თურქმა ჩინოვნიკმა ანონიმურად უთხრა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა წერილი მისწერა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუს. „ევროკავშირის წერილი ანკარას კონკრეტულად სამხედროებს არ სთხოვს, მაგრამ მასში თურქეთისგან გარკვეული „კონტრიბუციის“ სურვილია გამოთქმული. „ჩვენ ვსწავლობთ ახლა, რისი გაკეთება შეგვიძლია“, თქვა ჩინოვნიკმა“. 

თავდაპირველად ევროკავშირის ძალები 500 სამხედრო მოსამასახურით განისაზღვრა, მაგრამ ახლა ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. და ადგილზე უკვე მარტში განთავსდეს. ევროკავშირის ძალების მხარდაჭერა შეუძლია საფრანგეთის 1600 კაციან კონტიგენტს და 5000 სამხედროს აფრიკული კავშირის ძალებიდან, რომლებიც უკვე არიან ქვეყანაში და მიზნად ისახავენ იქ ძალადობის შეჩერებას: 

„მზადყოფნის მომენტიდან ევროკავშირის ძალებს მხოლოდ ექვსი თვე ექნებათ უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის, ამიტომ „ხელშესახებ შედეგებს ძალიან მალე უნდა მიაღწიონ“, განაცხადა პრესკონფერენციაზე შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ფილიპ პონტიემ. „ჩვენი მიზანია, ჩვენს სამოქმედო არეალში შევქმნათ ერთგვარი უსაფრთხო სამოთხე ([დედაქალაქ] ბანგის შეზღუდულ არეალში, სადაც ადამიანები თავს დაცულად იგრძნობენ“, თქვა მან."    

საქართველომ ევროკავშირის კიდევ ერთ სამშვიდობო მისიას სიმბოლური კონტრიბუცია შესთავაზა: ორი ჯარისკაცი მალიში. მაგრამ მაშინ როდესაც, ქართველი ჩინოვნიკები წარსულში ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მათი წვლილი ევროკავშირის სამხედრო მისიებში შემოიფარგლებოდა „(სამხედრო) ექსპერტების და მრჩევლების შეთავაზებით და არა სამხედრო პერსონალის გაგზავნით“, მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეიძლება სახიფათო იყოს. Wall Street Journal წერს: 

„მისიის საბრძოლო წესები კვლავ განხილვის პროცესშია. გენერალმა პონტიემ განაცხადა, რომ ეს მოითხოვს „ძალიან დელიკატურ ბალანსს“ ევროკავშირის პოლიტიკურ მგრძნობელობას და გზამკვლევებს და ადგილზე არსებულ საჭიროებებს შორის. მაგრამ ის მოითხოვს „ქმედებებში მაქსიმალურ თავისუფლებას“ ძალებისათვის, განაცხადა მან. ევროკავშირის დიპლომატები ამბობენ, რომ სამოქმედო მანდატში შეიძლება გათვალისიწნებული იყოს ერთგვარი მოქნილობა, იმისთვის, რომ სამხედროებმა ეფექტურად დაიცვან მათი პროტექციის ქვეშ მყოფი მოქალაქეები და არ ისხდნენ უმოქმედოდ მათზე ძალადობრივი თავდასხმების შემთხვევაში, თუკი მსგავსი თავდასხმა მათი ოფიციალური სამოქმედო არეალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მოხდება."        

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დეკემბერში განაცხადა, რომ მალის მისიაში მონაწილეობა კვლავ განხილვის პროცესშია და განმარტა ის, თუ რაში მდგომარეობს საქართველოს ინტერესი ევროკავშირის სამხედრო მისიებში. „საერთაშორისო ოპერაციებით ორი მიზეზის გამო ვართ დაინტერესებული. პირველი არის ის, რომ ჩვენ თანასწორი კონტრიბუტორები ვართ საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოებისა და ასევე ვიღებთ უდიდეს სამხედრო გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას“. 

ქართველი ჩინოვნიკები კომენტარს არ აკეთებენ მათი სამხედროების შესაძლო გაგზავნაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 100 ჯარისკაცი საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მისი 1600 კაციანი წვლილი ავღანეთის ოპერაციაში სულ უფრო არაპოპულარული ხდება. 


foreignpress.ge