პურზე ფასის შენარჩუნება ძალიან გართულდა, მწარმოებლებმა გადასახადის ცვლილება მოითხოვეს

პურზე ფასის შენარჩუნება ძალიან გართულდა, მწარმოებლებმა გადასახადის ცვლილება მოითხოვეს

პურის მწარმოებელთა ნაწილი ფქვილზე საიმპორტო გადასახადის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის გაძვირებას არ გამორიცხავენ. ამის მიზეზი ისაა, რომ .. სოციალური ფქვილის ფასი გაიზარდა და ახლა 54 ლარის ფარგლებშია. ეს კი უკვე იმ ზღვარზე მეტია, რასაც მეპურეები ფასის შენარჩუნების პირობად ასახელებდნენ.

თუ ვითარება არ შეიცვლება, ქარხნებს პურის გაძვირება მოუწევთ. საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 2-3 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, პურის მწარმოებელ კომპანიებს უჭირთ სოციალური დანიშნულების პროდუქტზე ძველი ფასის შენარჩუნება.

მეპურეები ვითხოვთ, რომ იმპორტის გადასახადი, რომელიც დაწესებულია (ეს არის დროებითი გადასახადი) შეჩერდეს, რათა გვქონდეს იმის საშუალება, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. ეს იქნება იმის საშუალება, რომ ხელმისაწვდომობა გვქონდეს იმ ფქვილზე, რითიც შესაძლებელია, შევინარჩუნოთ პურზე არსებული ფასი.

ჯერჯერობით მაღაზიებში პურის ფასი არ შეცვლილა. ვცდილობთ, ეს შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე ფასმა მოიმატა. მოლოდინის რეჟიმში ვართ, კომუნიკაცია შედგება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს და ალბათ რაღაც დასკვნებს გამოვიტანთ, იმიტომ რომ აქ არის როგორც მეხორბლეთა ინტერესი, ასევე ფქვილის მწარმოებლების ინტერესიც და, რა თქმა უნდა, მცხობელთა ინტერესები.

შეთანხმების მიხედვით, პირველი ხარისხის პურის ცხობისთვის 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 52 ლარზე უნდა შენარჩუნებულიყო. ბოლო პერიოდში იყო 50 ლარიც, 51 ლარიც, მაგრამ დღეს 54 ლარია. ამას ემატება სატრანსპორტო გადასახადი და ფასი 55 ლარამდე იზრდება. ჩვენ უკვე კალკულაციაში ვეღარ ვეტევით“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

სამინისტროთან შეხვედრის და საკითხის მხარეებთან განხილვის წინააღმდეგი არ არის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა, თუმცა ამბობს, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემცირება იმ მოცემულობის წინაშე დააყენებს ფერმერებსა და წისქვილკომბინატებს, რომლის წინაშეც ისინი საიმპორტო გადასახადის შემოღებამდე იდგნენ. იმ შემთხვევაში, თუ საიმპორტო გადასახადი შემცირდება ან გაუქმდება, შესაძლოა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აღმოჩნდეს.

გამეორდება 2021 და 2022 წელი, როდესაც რუსეთიდან პირდაპირ მოდიოდა ფქვილი პურის ქარხანაში, მარაგები კი ძალიან მცირე იყო, იმიტომ რომ ფქვილის შენახვის ვადა ძალიან მცირეა და ინფრასტრუქტურაც არ არის შესაბამისი. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ხორბლის მარაგებთან მიმართებით შეიქმნას პრობლემა. ჩვენ პრიორიტეტში ყოველთვის უნდა გვქონდეს ხორბლის მარაგების თემა. შემდეგ მოდის უკვე ფასი, ვინაიდან ხორბალი თუ არაა, ფასზე ლაპარაკი არც შეიძლება, - განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ფერმერ ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, ფქვილზე დაწესებულ საიმპორტო გადასახადთან მიმართებით ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა იყოს ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით მიღებული. მისი ინფორმაციით, ფერმერების მდგომარეობა არც დღეს არის სახარბიელო, რადგან ხორბალს ისევ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად აბარებენ. თუ საიმპორტო გადასახადი დაკორექტირდება, შესაძლოა, ფერმერებს აღარც ჰქონდეთ მოტივაცია ხორბლის ფართობები გააშენონ, რაზეც მუშაობა ბოლო წლებია აქტიურად მიდის. ბენიაიძის შეფასებით, ეს ფერმერებისთვის დიდი დარტყმა იქნება.

მთავრობამ ბოლოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება 2024 წლის 27 აგვისტოს გამოიცა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტზე გადასახადი 250 ლარია. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარს შეადგეს.