შეხვედრაზე, მათ შორის საუბარი იყო ერთიანი ბაზის გაკეთებაზე, სადაც თავს მოვუყრით იმ მოსამართლეებს, პროკურორებს, შსს-ის წარმომადგენლებს, ცრუ მოწმეებს, მათ შორის პოლიციელების სახით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლთა სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ასევე განიხილეს ვერსიები ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, „რა ფორმით უნდა ჩატარდეს და როგორი ადმინისტრაციის პირობებში“.
„ბევრ საკითხზე იყო საუბარი და რიგ საკითხებზე მოხდა შეთანხმება. უბრალოდ დაგროვდა რაღაცები, გავიარეთ საკითხები და რაღაცებზე შევთანხმდით. ერთ-ერთი საკითხია, როცა დადგება მომენტი, ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე, რაც 26 ოქტომბერს და ეს არჩევნები მართლა იყოს თავისუფალი, სამართლიანი. ერთ-ერთი სამუშაო საკითხი იყო ეს და ვერსიები იყო განხილული. არსებობს რამდენიმე სამუშაო ვერსია, მათ შორის გაწერილი დოკუმენტის. დღეს საღამოს იქნება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ამ რაღაცებს გაივლიან. მიზანია, რომ რაღაცნაირად ყველანი ერთად შევთანხმდეთ ერთ ხედვაზე, თუ გამოვა, თუ არა, იარსებებს ორი ან სამი ვერსია, მაგაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. გარდა ამისა, საუბარი იყო მიმდინარე თვის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე, სადაც მიგვიწვიეს „ალდედან“, რომ წევრი პარტიები ჩავიდეთ და „ალდეს“ ფრაქციის სხდომაში მივიღოთ მონაწილეობა, მათ შორის პრეზენტაცია გავაკეთოთ. ერთი მხრივ, ვაჩვენოთ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული მასალები, მეორე მხრივ, არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მასალები ხალხის წამებაზე, პოლიტპატიმრებზე და ასე შემდეგ, რაზეც ვცდილობთ, კოორდინაციაში ვიყოთ პოლიტიკურ პარტიებთან.
საუბარი იყო საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც მასობრივად ათავისუფლებენ სამსახურებიდან, რა ტიპის გარანტიების, დაცვის მექანიზმები შეიძლება შევქმნათ მათთვის, თუ რამე რესურსი გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე საუბარი იყო, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით იმ მოსამართლეებს, პროკურორებს, შსს-ის წარმომადგენლებს, ცრუ მოწმეებს, მათ შორის პოლიციელების სახით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში. ამ ბაზაზე დაფუძნებით გვინდა რაღაცების გაკეთება, მაგრამ ჯერ ბაზის შეჯერება გვინდა. არჩევნებთან დაკავშირებით სულ მცირე, სამი განსხვავებული ხედვა არის, რომლებშიც მსგავსებებიცაა, მაგრამ რაღაცებში აცდენილია ერთმანეთს. საუბარია, რომ შეჯერდეს, ერთიანი ხედვა გამოვიდეს, თუ არადა იქნება სამი ხედვა. ვერ ვხედავ პრობლემას, რომ სამი სცენარი არსებობდეს. საუბარი არის იმაზე, რომ მომენტი როდესაც დადგება, მივალთ ახალ არჩევნებამდე, რა ფორმით უნდა ჩატარდეს ის, როგორი ადმინისტრაციის პირობებში, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს არჩევნები, რომ მართლა თავისუფალი, სამართლიანი იყოს. საუბარი არ არის, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, არჩევნებამდე მივდივართ პროტესტით და ამათი საერთაშორისო იზოლაციით, წნეხით შიგნიდან და გარედან. მანდ სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლთა შეხვედრას არ ესწრებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.