ეს არის მარაზმი, როდესაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ, როგორ აჩერებს ქურთუკით ქალბატონი პოლიციელს და შემდეგ სახეში ურტყამს და ამბობენ, რომ ეს მოგონილი ამბავია, ნანახის საწინააღმდეგოდ მიდიან. ანუ ერთია, რას ვუყურებთ და მეორეა თურმე სხვა სიმართლე, მოდელირებული სიმართლე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეში არსებულ ვიდეო მტკიცებულებასთან დაკავშირებული სპეკულაციებით საკითხით დაინტერესდა.
მისი თქმით, მტკიცებულებები პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ.
„მზია ამაღლობელის მიმართ პირდაპირ ეთერში მტკიცებულება შექმნა თავად მზია ამაღლობელმა. დიდი იდენტიფიცირება არ სჭირდება ნიღბის გარეშეა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თავდამსხმელები არ არიან დაკავებულები არის მიუღებელი, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში მოძალადეები იყვნენ ნიღბებით და მათი იდენტიფიცირება რთულია. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოწმეები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რაც საქმის გამოძიებას აფერხებს.