ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს მსახურებას, მშვიდობის შენარჩუნებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ისინი, ვინც ცდილობენ პროტესტის გაღვივებას და არეულობას, ემსახურებიან გარე ძალების ინტერესებს.
„ყველა საერთაშორისო ფორმატში ჩვენ ვეცდებით მთავარი რეალობის გახმოვანებას, რომ ბოლო წლებში, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია იყო აშშ-ში და ომი დაიწყო რუსეთმა უკრაინაში, აქ მთავარი ინტერესი იყო საქართველო დაჩაგრულიყო, საქართველოს აგენტურა დაჰპატრონებოდა და მათი ხელმძღვანელობით ომში ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა. ამის არ დაშვების გამო, ვიღაცები სანქციების მუქარით, შანტაჟით და ა.შ. ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დაჩაგვრას. მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ისინი, რომლებიც ვითომ რაღაც პროტესტებს აღვივებენ და ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს იგონებენ ამისთვის, ემსახურებიან სხვა გარე ძალების ინტერესებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს მსახურებას, მშვიდობის შენარჩუნებას. ამ პირობებში მოვახერხეთ ევროპაში პირველ ადგილზე ვყოფილიყავით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო და დეოკუპაციის გზაზე არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ამ ქვეყანას დააზიანებს. მხოლოდ მშვიდობით მოვახერხებთ ჩვენ შერიგებას, გაერთიანებას. ჩვენი ხალხების შერიგებაა ის გზა და არა ომი, რომლისკენაც ისინი მოგვიწოდებენ. ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების მიმართ და ამ გზიდან საქართველო არასდროს გადაუხვევს. ეკონომიკური განვითარებით, შერიგებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით და ევროპისკენ ღირსეული სვლით მოვახერხებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ“, - განაცხადა მდინარაძემ.