ლადო ბოჟაძე: ევროსაბჭოს მისიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ ოპოზიციაზე და ვუთხარით, რომ ეს არაა პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიცია ცდილობს არ ცნოს არჩევნების შედეგები იმიტომ, რომ დამარცხდა

ლადო ბოჟაძე: ევროსაბჭოს მისიის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ ოპოზიციაზე და ვუთხარით, რომ ეს არაა პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიცია ცდილობს არ ცნოს არჩევნების შედეგები იმიტომ, რომ დამარცხდა

ჩვენ ვესაუბრეთ ოპოზიციაზე და ვუთხარით, რომ ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიცია ცდილობს არ ცნოს არჩევნების შედეგები იმიტომ, რომ დამარცხდა. არ შემოვიდეს პარლამენტში იმიტომ, რომ დამარცხდა და ამით გარკვეული ლეგიტიმურობის საკითხის დაყენება სურდეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ, ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის ვიზიტთან დაკავშირებით.

მას წამყვანმა საქართველოში ვიზიტის დაწყებამდე, ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზთან დაკავშირებით ჰკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.

ლადო ბოჟაძის თქმით, აღნიშნული შინაარსის პრესრელიზი პრევენციულ ხასიათს ატარებს, რათა მისიას თავიდან აერიდებინა ოპოზიციისგან ბულინგი.

„ალბათ საჭირო გახდა იმისთვის, რომ თავი დაეცვათ ოპოზიციისგან, ოპოზიციის ბულინგისგან, რადგან ლეგიტიმაციის საკითხები საერთოდ არ განიხილება. მათ შორის უკვე 25 ნოემბრის შემდეგ, როცა პარლამენტის პირველი სხდომა შედგა, როცა დავამტკიცეთ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და სამთავრობო პროგრამა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ განვიხილავთ, რომ ნებისმიერი ვიზიტი ჩვენ ლეგიტიმაციას გვმატებს ან პირიქით. იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია ჩვენ მოგვცა ქართველმა ხალხმა. 54%-მა დაგვიჭირა მხარი, ამიტომ ჩვენ ლეგიტიმურები ვართ და სულაც არ არის ზარი, ვიზიტი, „ტვიტი“ თუ პოსტი ჩვენი ლეგიტიმაციის ან არალეგიტიმაციის საფუძველი. თუმცა თავად მომხსენებლები, რომ ასე ფრთხილობენ ოპოზიციის განწყობებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ის ადამიანები ჩამოვიდნენ სახელმწიფოში, რომელიც 26-ე წევრია უკვე ევროპის საბჭოს წევრია, აქვს საკუთარი ვალდებულებები განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და დღეს, როცა შედგა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს კოლეგებთან იქაც იყო საუბარი იმ ვალდებულებებზე, რომელიც ჩვენ ევროსაბჭოსთან მიმართებაში გვაქვს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ გზაზე და პერსპექტივაზე, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას. და მთავარი, ჩვენ ვესაუბრეთ ოპოზიციაზე და ვუთხარით, რომ ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც ოპოზიცია ცდილობს არ ცნოს არჩევნების შედეგები იმიტომ, რომ დამარცხდა. არ შემოვიდეს პარლამენტში იმიტომ, რომ დამარცხდა და ამით გარკვეული ლეგიტიმურობის საკითხის დაყენება სურდეთ“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.