მრჩეველის ძირითადი მოვალეობა რჩევაა, - ეს ისე, როგორც იტყვიან, ცნობისთვის... აი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველის განცხადებას, რექტორი უნდა გადადგესო, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. უნივერსიტეტის ნაწილი ფიქრობს, რომ მრჩეველის ეს მოწოდება გადაჭარბებული იყო. ნაწილი კი თვლის, რომ მრჩეველი სწორად მოიქცა, რადგან რექტორი მის რჩევებს არ ითვალისწინებდა და იძულებული გახდა, საკუთარი აზრი საჯაროდ დაეფიქსირებინა.
უნივერსიტეტის რექტორის, ავთანდილ ღელეღუტაშვილის მრჩეველის, ელიზბარ ელიზბარაშვილის განცხადებით, ფიქრობდა, რა უფრო უპრიანი იქნებოდა - თავად გადამდგარიყო თუ რექტორისათვის მოეწოდებინა:
“ვიფიქრე, თუ მე გადავდგებდი, რა შეიძლება მომხდარიყო? მე, როგორც რექტორის მრჩეველი, ზუსტად და ზედმიწევნით ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, მაგრამ რექტორი ჩემს ყველა რჩევას იგნორს უკეთებდა და განათლების სამინისტროსთან ჩემთვის უცნობი კავშირებით მაფრთხილებდა, სამინისტროს ეს არ მოსწონს, ის არ მოსწონსო... ჩვენ ბომბებზე ვზვართ!”
მაინც, რა ბომბია ასეთი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში? - ამის გარკვევას “ქართული სიტყვა” შეეცადა.
ვნებათაღელვა მაშინ დაიწყო, როცა უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა 2013 წლის ნოემბერში სიტყვა მოსალოდნელ რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციაზე ჩამოაგდო. საერთოდ, 25 სტუდენტზე ერთი თანამშრომელია განსაზღვრული, თუმცა უნივერსიტეტის შტატებმა პიკს მიაღწია, ანუ თანამშრომელთა რაოდენობა ოთხჯერაა გაზრდილი. რეორგანიზაციისთვის შექმნილმა კომისიამ დეკემბრის ბოლომდე იმუშავა და, მისი დასკვნით, 51 თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აღმოჩნდა.
31 დეკემბერს, როცა ამ თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა ეწურებოდათ, კომისიის გვერდის ავლით, რექტორმა საჯარო სხდომაზე განუცხადა, რომ თოვლის პაპაა და არავის ათავისუფლებს! ამასთან, ორ და სამწლიანი ხელშეკრულებები სწორედ იმ თანამშრომლებს გაუფორმა, რომლებმაც კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს და გასათავისუფლებელთა სიაში მოჰყვნენ.
უნივერსიტეტში, შაბათ დღეს ჩატარებულმა “რესპუბლიკური პარტიის” რაიონულმა სხდომამ გარკვეული შეკითხვები გააჩინა - პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად რექტორი აირჩიეს, პარტიის კომიტეტისა და საბჭოს წევრები კი, უნივერსიტეტის თანამშრომლები გახდნენ.
საზოგადოებამ ეს “ნაცმოძრაობის” ჩანაცვლებად აღიქვა და ახმაურდა. გაჩნდა ბუნებრივი პროტესტი: რა ხდება - უნივერსიტეტი ცოდნის ტაძარია თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული უწყება? ამ ამბებიდან ორი დღის შემდეგ, რექტორმა პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
2013 წლის 8 ნოემბრის მერე, რაც უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს, არაფერი შეცვლილა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სისტემურმა დაპირისპირებამ ზენიტს მიაღწია და, საბოლოოდ, თავად მრჩეველი დაუპირისპირდა რექტორს.
“ყოველივე აქედან გამომდინარე, ბრალს ვდებ უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ავთანდილ ღელაღუტაშვილს ნეპოტიზმში, პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში, უნივერსიტეტისათვის ფინანსური ეკონომიის შესაძლებლობის დაკარგვაში, შტატების უზომოდ გაზრდაში, საუნივერსიტეტო სტრუქტურების მოუწესრიგებლობაში, ახალგაზრდებისთვის გზის ჩაკეტვაში, უნივერსიტეტის იმიჯის კიდევ უფრო შელახვაში, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსისა და შინაგანაწესის დარღვევაში. ასევე, ბრალს ვდებ, რომ არ არის სტუდენტების კონსტიტუციური უფლებისა და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის გარანტი.
აქედან გამომდინარე, რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან!“ - აცხადებს რექტორის მრჩეველი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშილი.
თუკი ზემოჩამოთვლილ ფაქტებს საღამოს, ანუ სამუშაო საათების მერე, რექტორის კაბინეტში გამართულ თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დავით ნაპირელისა და უნივერსიტეტის 3-4 თანამშრომლის “საიდუმლო სერობებს” დავუმატებთ და კულუარებში გავრცელებულ აზრსაც განვავრცობთ, რომ დეპუტატი უნივერსიტეტზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის კარგ შედეგს ვერ დავინახავთ!
და ყველაფერი ეს მაშინ ხდება, როცა უნივერსიტეტის 2 კორპუსი სახურავის გარეშეა თითქმის დარჩენილი და წვიმა ჩადის.
და ყველაფერი ეს მაშინ როცა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტით, თურმე, ბენდუქიძეა დაინტერესებული. უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მალე კახეთი ცოდნის ტაძრის გარეშე დარჩება.
ვნახოთ, რა მოხდება. იქნებ, ვინმემ ინებოს და მისი გადარჩენა შეძლოს. სხვათა შორის, წელს გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტმა, არსებობის განმავლობაში ყველაზე მცირე რაოდენობის - 230 სტუდენტი მიიღო, აქედან, უმრავლესობამ საბუთები უკვე სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადაიტანა...