მასალები, რომლებიც ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა “ქართულ სიტყვას” მოაწოდა, სკანდალურია. მეტიც, საქმე შეიძლება, ისე წავიდეს, რომ “კოკა-კოლას” ქართველი მაგნატი თემურ ჭყონია 15 წლით გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ალეკო ალადაშვილი ამტკიცებს, რომ ჭყონიამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა - სხვისი ქონება უკანონოდ მიითვისა, ამასთან, დოკუმენტები გააყალბა და თუ საქართველოში სამართალს ვერ იპოვის, დასახმარებლად თურქულ მხარეს მიმართავს და ჭყონიას თურქი სამართალდამცავები მიხედავენ. საერთოდ, ჭყონიას წინააღმდეგ მამხილებელი მასალების არსებობა უცხო არაა - კულუარებში დღემდე საუბრობენ ე.წ. თურქულ კრედიტზე, თუმცა ამ საქმით არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა.
- მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, თემურ ჭყონია მუდმივი განსჯის, ასე ვთქვათ, საგანია. რატომ?
- იმიტომ, რომ მუდმივად ვიღაცას “აგდებს” და სხვის ქონებას ითვისებს. ეტყობა, ყველაფერი ეს სისხლში აქვს და ბიზნესში წარმატებას ასე მიაღწია - თურქები გადააგდო, სახელმწიფო კრედიტი შეარჩინეს. იმ საქმის გარდა, რომელიც მე მაქვს, როგორც ვიცი, ფინანსურ პოლიციაში სხვა საქმეებიც არის.
- ბატონო ალეკო, თქვენი საქმე კონკრეტულად რას ეხება?
- ეს საოცარი საქმეა - 1995 წლის 30 ოქტომბერს რეგისტრაციაში გატარდა სააქციო საზოგადოება “ექსპორტ-იმპორტ ბანკი”, რომლის დამფუძნებლებიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი ტურგაი იეტიში, შვეიცარიის მოქალაქეები - დოგან ერბეკი და ვერნერ მეტცი, თემურ ჭყონია და კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო. ტურგაი იეტიში და ერბეკი წილის 25-25 პროცენტს ფლობდნენ, მეტცი კი, - 15, ესე იგი, სულ 65 პროცენტის მფლობელები იყვნენ.
- დანარჩენი 25 პროცენტის მფლობელი ვინ იყო?
- სხვადასხვა თანამშრომელი. იმხანად თემურ ჭყონია, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, ბანკში სულ 9 პროცენტს ფლობდა.
- სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ჭყონიას უცხოელი პარტნიორებიც იყვნენ?
- დიახ... თანდათან შენატანი გაიზარდა და სამივე უცხოელის წილმა, თანხობრივად, მილიონ სამასი ათას ლარს მიაღწია.
1999 წლის 21 დეკემბერს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ალი ტურგაი იეტიში, დოგან ერბეკი და ვერნერ მეტცი არ ესწრებოდნენ, რადგან მათთვის ამ სხდომის შესახებ არ უცნობებიათ. სხდომაზე, კანონის უხეში დარღვევით, მიიღეს გადაწყვეტილება სს “ექსპორტ-იმპორტ ბანკის” სააქციო საზოგადოება “დისკონტ ბანკ”-თან შერწყმის თაობაზე.
- სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა რეალურად ჩატარდა?
- არა, უბრალოდ, ყალბი ოქმი გაფორმდა, რომ სხდომა თითქოს ჩატარდა. ამ საბუთს ხელს თემურ ჭყონია და ნოტარიუსი აწერენ, არადა, ჩამოთვლილი უნდა იყოს, თუ ვინ ესწრებოდა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას, საბუთზე მათი ხელმოწერებიც უნდა არსებობდეს. მოკლედ, ყალბი დოკუმენტი შეადგინეს, რომ სხდომას თითქოს ესწრებოდა აქციონერები, რომლებიც ფლობდნენ ხმის უფლების მქონე აქციების 75%-ზე მეტს და ეს მაშინ, როცა აქციათა 65% პროცენტის მფლობელები ამ კრებას არ დასწრებიან... დასკვნა მკითხველისთვის მიმინდვია.
- ბატონო ალეკო, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის, როგორც თქვენ ამბობთ, გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია?
- აბა, რა?! “ექსპორტ-იმპორტ ბანკისა” და “დისკონტ ბანკის” შერწყმით ბანკი “აბრეშუმის გზა” ჩამოყალიბდა.
- ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა?
- სამი უცხოელი დამფუძნებელი ბანკ “აბრეშუმის გზის” დამფუძნებელთა სიაში არ აღმოჩნდა, ანუ ჭყონიამ სამივე პარტნიორი “მოტეხა”.
- “დისკონტ ბანკის” დამფუძნებელი ვინ იყო?
- თუ არ ვცდები, გიორგი რამიშვილი.
- “ზარალა”?
- დიახ, რომელსაც ჭყონიამ დაუმალა, რომ აქციების 65% სხვები ფლობდნენ.
- ჭყონიას ეს, ასე ვთქვათ, მაქინაცია რისთვის აწყობდა?
- რისთვის და, - წილები მიითვისა და თავისი წილი 25-პროცენტამდე გაზარდა... უცხოელებს ერთი თეთრიც არ მისცა. მოკლედ, ალი ტურგაი იეტიშმა სასამართლოს მიმართა.
- როდის?
- “ვარდების რევოლუციამდე”.
- სასამართლოში დავა სამოქალაქო იყო თუ სისხლის სამართლის?
- სამოქალაქო. სხვათა შორის, თავიდან მხოლოდ ალი ტურგაი იეტიში დავობდა, რადგან დანარჩენი ორი უცხოელის ადგილმდებარეობა ცნობილი არ იყო.
- ალი ტურგაი იეტიში სასამართლოსგან კონკრეტულად რას ითხოვდა?
- ჩვენ, დივიდენდთან ერთად, მოვითხოვეთ 700 ათასი ლარის ანაზღაურება, თუმცა ქალაქის სასამართლომ თემურ ჭყონიას 500 ათასის გადახდა დააკისრა. ეს მოხდა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ.
- ეს თანხა ჭყონიამ გადაიხადა?
- არა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, სადაც ჭყონიას “პატრონები” გამოუჩნდნენ და, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება გააუქმა.
- თქვენ საპასუხო ნაბიჯი აღარ გადადგით?
- რა თქმა უნდა, გადავდგით - უზენაეს სასამართლოს მივმართეთ, რომელმაც სააპელაციოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, რაც თითქმის 6 წელი გრძელდებოდა. ჭყონიამ რა გზას აღარ მიმართა... ისიც ვიცი, ვინ ეხმარებოდა.
- მაინც, ვინ?
- კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ... ბოლო-ბოლო, 500 ათასი 250 ათასამდე ჩამოიყვანეს. პარალელურად, საქმე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში შევიტანეთ და გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ, რადგან ჭყონიამ სხვისი ქონება მიითვისა. სიმართლე გითხრათ, ამ გზით წასვლა არ გვინდოდა, მაგრამ გვაიძულა.
- სასამართლომ ზარალი 250 ათასამდე რის საფუძველზე ჩამოიყვანა?
- რის და, - თითქოს 500000 გადახის მტკიცებულებები არ არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში, ბანკის ამონაწერი გვქონდა... მოკლედ, ალი ტურგაი იეტიშმა 250 ათასი მიიღო. სხვათა შორის, თემურ ჭყონიას ამ 250 ათასის გადახდა არ გაუსაჩივრებია - ალბათ, უთხრეს, გეყოფაო. ვგრძნობდით, სასამართლოც უხერხულობაში იყო - საქმის განხილვის დასრულებიდან 9 თვის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება. წარმოიდგინეთ, რა წნეხის ქვეშ იყვნენ მოსამართლეები და მაინც გაბედეს ჭყონიას საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, თანხის შემცირებით.
- ბატონო ალეკო, იმ “ნაციონალების” დასახელებისგან თავს რატომ იკავებთ, ვინც, თქვენი ეჭვით, თემურ ჭყონიას მფარველობდნენ?
- როგორც გადმოცემით ვიცი, ადეიშვილი მფარველობდა. სხვათა შორის, არსებობდა საშიშროება, რომ როგორც იტყვიან, “მშრალზე” დავეტოვებინეთ, მაგრამ იმდენად აშკარა იყო ჭყონიას უკანონო ქმედებები, რომ ამდენი ვერ გაბედეს... ისე, არსებობს წერილი, სადაც თემურ ჭყონია ჩადენილ დანაშაულს, პრაქტიკულად, აღიარებს, ანუ წერს, ასე აქციონერთა ინტერესებიდან გამომდინარე მოვიქეციო. რა ინტერესებზეა ლაპარაკი? - სამ ადამიანს 65 პროცენტი წაართვეს და თვითონ გადაინაწილეს. ეს აქციონერთა კი არა, თავისი ინტერესები იყო!
- ფინანსურ პოლიციაში გამოძიება დასრულდა?
- ფინანსურში გვეუბნებოდნენ, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ჭყონიას დღესვე დავიჭერთო.
- ესე იგი, ეს დასაჭერი საქმეა?
- აბა, რა - ლაპარაკი სხვისი ქონების მითვისებაზეა, რომელიც 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოკლედ, ფინანსურში ეს მასალები იდო და აღარც მახსოვს, რამდენი გამომძიებელი შეიცვალა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ამ საქმისადმი ინტერესი ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა თვითონ გამოიჩინა და აქტიური გამოძიება დაიწყო. საქმე, პრაქტიკულად, გამოძიებულია, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, ისევ ვიღაც ჩაერია და გაჩერდა.
საგულისხმოა, რომ გამოძიებას თემურ ჭყონია არ დაუკითხავს.
- საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ჭყონიას მფარველები ახალ ხელისუფლებაშიც ჰყავს?
- ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, დიდი მონდომება იყო, მაგრამ ყველაფერი გაჩერდა. საჩივარს საჩივარზე ვწერთ, განცხადებით სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსაც მივმართეთ, ახალ პროკურორს, გიორგი ბადაშვილსაც მივწერე, მანამდე - არჩილ კბილაშვილსაც... ბოლოს და ბოლოს, ის მაინც ამიხსნან, ჭყონიას რატომ არ კითხავენ! ჭყონიას არდაკითხვის არგუმენტად, იცით, რა მოჰყავთ?
- რა?
- ჯერ უცხოელები უნდა დავკითხოთო. ვეუბნები, კაცო, ჭყონია აქ გყავთ და ჯერ ეგ დაკითხეთ-მეთქი... ალი ტურგაი იეტიშმა, რომელიც თურქეთში მსხვილი ბიზნესმენია, მითხრა, საქართველოში ვერ ჩამოვალ, რადგან ჭყონიას დიდი გავლენა აქვს და რაღაცას მომიწყობსო.
- ეს როდის გითხრათ?
- როცა სამოქალაქო დავა დავიწყეთ... ალი ტურგაი იეტიში თანახმაა, ქართველი გამომძიებელი თურქეთში ჩავიდეს და იქ დაკითხოს.
- გამოძიება ამაზე დაგთანხმდათ?
- თურქეთში გამომძიებელი რომ გააგზავნონ, ჯერ ხომ ჭყონია უნდა დაკითხონ? მოკლედ, ეს საქმე ანეგდოტია! ისიც უბედურებაა, რომ წინა ხელისუფლებამ დაზარალებული, როგორც ასეთი, მოსპო - კოდექსში სიტყვა “დაზარალებული” ნახსენებია, მაგრამ საქმეში, პრაქტიკულად, მოწმის სტატუსით გადის, ანუ მხარე არაა და არც უფლებები აქვს... თურქეთთან, სისხლის სამართლის საქმეებზე, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და შუამდგომლობა დავაყენე, რომ თურქეთის კომპეტენტურ ორგანოს მიმართონ ალი ტუგაი იეტიშის და დოგან ერბეკის დაკითხვის თხოვნით, მაგრამ უარი მითხრეს, მხარე არ ხართო. დაზარალებულის უფლებები ახალ ხელისუფლებას უნდა აღედგინა, მაგრამ პარლამენტი ამ საქმეს ჭიმავს და არ მესმის, რატომ.
სხვათა შორის, თემურ ჭყონია დამემუქრა.
- რას ნიშნავს, დაგემუქრათ?
- წერილი გამოაქვეყნა, ალადაშვილს ყბას მოვუნგრევო.
- მოგინგრიათ?
- (იცინის) მონგრევა მორევაზეა!.. ვიბრძვი და ვნახოთ, რა შედეგი დადგება.
- ამასობაში თემურ ჭყონიამ ყბა მართლა რომ მოგინგრიოთ?
- ხომ გეუბნებით, მონგრევა მორევაზეა.
- ხომ შეიძლება, მოგერიოთ?
- ეგ კიდევ საკითხავია, ვიბრძვი და არ მოვეშვები! მისი კომენტარი ამ თემაზე მისივე ინტელექტზე მეტყველებს. თუკი მართალია, რატომ გაურბის ამ საკითხზე საუბარს? მზად ვარ, ღია ეთერშიც შევხვდე. თუ შეგიძლიათ, მიშუამდგომლეთ მასთან, კი ბატონო, თუ გამოძიებას არ უნდა, ჭყონიას პასუხისგებაში მიცემა, ამ შემთხვევაში დაზარალებულებს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი. სხვათა შორის, ჭყონიას ყოფილმა პარტნიორებმა წერილი მინისტრთა კაბინეტს გამოუგზავნეს.
- როდის?
- 2013 წლის გაზაფხულზე, მაგრამ ამ წერილს პრემიერ-მინისტრამდე ვინ მიიტანდა - დაბლოკეს და საქმე ისევ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნეს. არადა, იმედი მქონდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ საქმეს ეშველებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, ანუ თუ საზღვარგარეთ უცხოელი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დანაშაულს ჩაიდენს. კოდექსში ანალოგიური მუხლი, როგორც ვიცი, თურქეთსაც აქვს. ჰოდა, ცოტა ხანს კიდევ ვუყურებ და მერე, თურქეთის სახელმწიფოს მივმართავ, რომ ჭყონიას წინააღმდეგ საქმე აღძრას და მერე, ნახოს, თურქეთში რაც მოუვა.
- რა მოუვა?
- პასუხისგებაში მისცემენ.
- ანუ, თურქეთის პოლიციამ თემურ ჭყონია შეიძლება, დაიჭიროს?
- დიახ, რადგან მან მძიმე დანაშაული ჩაიდინა თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ
- დანაშაულს დამტკიცება უნდა!
- აი, ბატონო, გაყალბებული საბუთაბი, საბანკო ამონაწერები, ჭყონიას ხელმოწერილი აღიარებითი წერილი საიდანაც ყველაფერი ნათლად ჩანს...