თუ ვაუჩერი არ მიდის აბონენტთან, მაშინ აბონენტი უნდა მივიდეს ვაუჩერთან

თუ ვაუჩერი არ მიდის აბონენტთან, მაშინ აბონენტი უნდა მივიდეს ვაუჩერთან


რეგიონებში ვაუჩერების დარიგების პროცესმა დიდი არეულობა გამოიწვია. ზოგან ვაუჩერი არ მიდის აბონენტამდე, ზოგან პირიქით - აბონენტი ვერ მიდის ვაუჩერთან. ზოგიერთ სოფელში კი თითო აბონენტს მთავრობის საჩუქრიდან 1 ლარიც არ შეხვდა.

ახალი მემარჯვენეების ცნობით, რეგიონებში ოფიციალურად დარეგისტრირებული ოჯახების რაოდენობაზე ბევრად ნაკლები ვაუჩერები დაიბეჭდა, რის გამოც თითქმის ყველა რაიონში სერიოზული პრობლემები შეიქმნა. მემარჯვენეები ერთ-ერთ ასეთ მაგალითად წალენჯიხის რაიონს ასახელებენ, სადაც 7814 ოჯახია დარეგისტრირებული, თუმცა ენერგოვაუჩერი მხოლოდ 4765 ოჯახზე მივიდა.

წალნეჯიხის საკრებულოში ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლის დავით ბელქანიას განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ რაიონში გამრიცხველიანება ამ დრომდე არ დასრულებულა და ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები ჯერ კიდევ არ აქვთ. ბელქანიას განმარტებით, ის, ვისაც ინდივიდუალური მრიცხველი არ ჰქონდა, ოფიციალურ აბონენტად არ იყო დარეგისტრირებული, ამიტომ მათთვის ენერგოვაუჩერები აღარ გაანაწილეს.

“აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე ვიმსჯელეთ და ენერგოკომპანიისგან ვაუჩერების დამატებითი რაოდენობის გამოყოფა მოვითხოვეთ. საქმე ისაა, რომ მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრ რაიონში შეიქმნა და ყველგან იმაზე ნაკლები ვაუჩერია მისული, ვიდრე რეალურად მოსახლოება ცხოვრობს”, - განაცხადა წალენჯიხის საკრებულოს მემარჯვენეების წარმომადგენელმა.

თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. მაგალითად, კახეთის რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი 20-ლარიანი ენერგოვაუჩერების ნაცვლად, მხოლოდ 80 თეთრის ოდენობის შეღავათს იღებს. ამიტომაც რა გასაკვირია, რომ კონსერვატიული პარტია ენეგროვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს.

როგორც თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, ენეგროვაუჩერების დარიგება ხელისუფლების "გუნდური ტყუილი აღმოჩნდა”.

“კახეთის რაიონის ძალიან ბევრ სოფელში საბჭოური მრიცხველებია. ენეგკოკომპანიამ კი საერთო მრიცხველები დააყენა, რომელსაც 40-50 ოჯახი იყენებს. ვაუჩერებზე მისული მოსახლეობა გაწბილებული დარჩა, რადგან ერთ საერთო მრიცხველზე ერთი 20-ლარიანი ვაუჩერი გაიცა. გამოდის, რომ თითოეულ ოჯახს 80-თეთრიანი დახმარება გაუწიეს”, - განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა. მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობა კახეთის ძალიან ბევრ სოფელშია.

“კონკრეტული სოფლის მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანს დავასახელებ, სადაც თითქმის ყოველ საარჩევნო წელს მოსახლეობასთან შესახვედრად ვაუჩერიზაციის თანაავტორი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი ჩადის”, - განაცხადა მოსიაშვილმა.

მოკლედ, ვაუჩერების დარიგება რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და უკვე უამრავმა გადაუჩრელმა პრობლემამ იჩინა თავი. ეს კარგად იგრძო თავად მთავრობამაც და ენერგეტიკისა და ჯანდაცვისმინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართეს.

ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მოქალაქე, რომელიც დაუკავშირდება “ცხელ ხაზსს”, მონაცემთა საერთო ბაზაში გადამოწმდება და მას დამატებითი ვაუჩერი გაეგზავნება. მისივე თქმით, მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ კომპანია “თელასის” სერვის-ცენტრებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და დაწერონ განცხადება. “ვაუჩერის პრობლემა არ არის, ვაუჩერი ყველასთვის გვაქვს”, - აღნიშნა ხეთაგურმა. 

მინისტრის ცნობით, ვაუჩერების დარიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე 50%-ზე მეტია დარიგებული. ხეთაგურმა ასევე ისაუბრა ვაუჩერის გაჩუქების პროცედურაზეც და აღნიშნა, რომ ეს პროცესი საკმაოდ დაიხვეწა და გამარტივდა.

“ნებისმიერ პირს შესაძლებლობა აქვს გააჩუქოს ვაუჩერი იმ პირზე, რომელსაც უფრო სჭირდება; ამისთვის შეუძლია შეავსოს მონაცემები, თუ ვისზე აპირებს გაჩუქებას და არ არის აუცილებელი მივიდეს კომპანიის სერვის-ცენტრში. დასაჩუქრებული პირი თავად მივა კომპანიაში და დაარეგისტრირებს ამ ვაუჩერს თავის სახელზე”, - განმარტა მან. 

ანდრია ურუშაძემ კი ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით რეგიონებში არსებული ვითარება მიმოიხილა.მან მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს ყველა მოქალაქეს ვაუჩერის მიღებისა და გაჩუქების პროცესში.

მოქალაქეებს, რომლებსაც ამ დრომდე არ მიუღიათ 20-ლარიანი ენერგოვაუჩერი, შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 94 49 11; 94 34 98; 91 00 46 - დარეკონ.