Facebook-ი აჯანყებებში საკუთარ როლზე დუმს

Facebook-ი აჯანყებებში საკუთარ როლზე დუმს

რადგან Facebook-მა წამყვანი როლი ითამაშა აჯანყებებში, რომლებსაც ტუნისსა და ეგვიპტეში ხელისუფლების დამხობა მოჰყვა, შეიძლებოდა იმის წარმოდგენა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ისტორიული მომენტით ისარგებლებდა, რათა საკუთარი ქსელი დემოკრატიული ცვლილებების ლოკომოტივად წარმოეჩინა. თუმცა, მას ამაზე საუბარიც კი არ სურს.

ახალო აღმოსავლეთში აჯანყებების შემდეგ ეს მედია გიგანტი სხვადასხვა მხრიდან ზეწოლას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სოციალური ქსელი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი აქტივისტების ხელში ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ ძირითად ინტრუმენტად იქცა, მას არ სურს, რომ მიკერძოებულად და ცალმხრივად მიიჩნიონ.    

Facebook-ი შიშობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ისეთი როგორიცაა სირია, სადაც კომპანიამ სულ ახლახანს განამტკიცა საკუთარი პოზიციები, მის გამოყენებაზე შეზღუდვებს დააწესებს, ან ქსელის მომხმარებლების თვლათვალს დაიწყებს. ამის თაობაზე კომპანიის ზოგიერთი ხელმძღვანელი მხოლოდ ანონიმურად საუბრობს, რადგან ეს Facebook -ის შიდა საქმეა.

გარდა ამისა, Facebook -ს არ სურს მისი მტკიცე და ურყევი პოლიტიკის შეცვლა, რომლის თანახმად მომხმარებელები ქსელში თავიანთი ნამდვილი სახელებით უნდა დარეგისტრირდნენ. კომპანია აცხადებს, რომ ასეთი მოთხოვნა მომხმარებლებს თაღლითობისა და მოტყუებისგან იცავს. თუმცა, ზოგიერთი უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა ბევრ ადამიანს საფრთხეს უქმნის ხელისუფლებების მხრიდან, რომლებიც განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობენ. მათ შორის არის სიუზანა ვილა, არაკომეციული ორგანიზაცია Movements.org-ის შინაარსისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის დირექტორი. ორგანიზაცია ქსელურ აქტივისტებს რესურსებს აწვდის.

„ადამიანებს სურთ ამ პლატფორმის პოლიტიკური მობილიზაციისთვის გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, – ამბობს იგი.

ამ წესების გათვალისწინებით, Facebook-მა ნოემბერში დახურა ერთ-ერთი ყველაზე საპროტესტო გვერდი ეგვიპტეში, რადგან Google-ის ერთ-ერთმა მენეჯერმა ვაილ გონიმმა, რომელიც აჯანყების სიმბოლოდ იქცა, პროფილის შექმნის მიზნით გვერდის ერთ-ერთ ადმინისტრატორად ფსევდონიმი გამოიყენა, რაც Facebook-ის მომსახურების წესებს აღრვევს.

ხოლო იმის გამო, რომ ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს, გონიმს შეიძლება საფრთხე შეექმნა არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ორგანიზატორებისთვისაც, თუკი მას იმ პერიოდში მიაგნებდნენ. გვერდის ხელახლა ამუშავებისთვის აქტივისტები სხვა ადმინისტრატორის პოვნას შეეცადნენ. ხოლო როდესაც ეგვიპტის ხელისუფლებამ საბოლოოდ გაარკვია ის თუ რა როლს თამაშობდა გონიმი Facebook-ის მუშაობაში, რომელმაც ხელი შეიწყო საპროტესტო აქციების დაწყებას ტაჰრირის მოედანზე, ის 12 დღით ციხეში ჩასვეს.     

გასულ კვირაში დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა (ილინოისის შტატი) Facebook-ს მოუწოდა მიიღოს „სწრაფი და ხელშესაღები ზომები“ იმ დემოკრატიული აქტივისტებისა და უფლებადამცველების დასაცავად, რომლებიც ამ სოციალური ქსელის მომსახურებით სარგებლობენ, ასევე გადაწყვიტოს პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ მომხმარებლებს ფსევდონიმის გამოყენება არ შეუძლიათ.

Facebook-ის ხელმძღვანელის მარკ ცუკერბერგის სახელზე დაწერილ წერილში დურბინმა განაცხადა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ეგვიპტესა და ტუნისში ცხადყო სოციალური ქსელების ხარვეზები და უპირატესობები დემოკრატიისთვის მებრძოლთა და უფლებადამცველებისთვის. „მე ის მაწუხებს, რომ კომპანიას ადამიანის უფლებების დაცვის საკმარისი გარანტიები არ აქვს, და რეპრესიულ რეჟიმებს მისი გამოყენება შეუძლიათ“, – აცხადებს იგი.

Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტმა გლობალური კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის საკითხებში ელიოტ შრეიჯმა უარი თქვა ესაუბრა მისი კომპანიის როლზე ცოტახნისწინანდელ არეულობებში და იმაზე, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს კომპანიის საქმიანობაზე.    

თავის მოკლე კომენტარში მან განაცხადა: „ჩვენ იმის მოწმენი გავხდით, რომ ყველა ასაკის მამაცი ადამიანი  გაერთიანდა საკუთარ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებებისთვის ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები მათ ძალისხმევაში სერიოზული ინსტრუმენტი გახდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აქ მთავარი – მათი სიმამაცე და სიმტკიცეა“.

ტუნისსა და ეგვიპტეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ასევე YouTube-მა და Twitter-მა, განსაკუთრებით პროტესტის პირველ დღეებში. მაგრამ ეგვიპტეში ყველაზე მეტად Facebook -ს იყენებდნენ – თავიდან პოლიციის სისასტიკეებზე ინფორმაციის გაცვლის, ხოლო შემდეგ „ონლაინ“ თანამეგობრობის შესაქმნელად, რომელსაც შემდგომ მობილიზაცია გაუკეთდა და 25 იანვარს ეს ადამიანები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

ბოლო კვირებში Facebook -ში გაჩნდა გვერდები და ჯგუფები, რომლებიც საპროტესტო მასების მობილიზებას ცდილობენ ალჟირში, ბაჰრეინში, მაროკოსა და სირიაში. პროტესტის გავრცელების საშუალებად გამოიყენება ასევე Twitter-ის ბლოგები Hashtag. რამდენიმე დღის წინ ის აქტიურად ამუშავდა ალჟირსა და ბაჰრეინში, ხოლო ორშაბათს ირანსა და იემენში.

„ეს წარმოუდგენელი გამოწვევაა და ამავდროულად უზარმაზარი შანსი Facebook-ის, Twitter -ის და Google-სთვის“, – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული ბერკმანის ცენტრის „ინტერნეტი და საზოგადოება“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ეტან ცუკერმანი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის გამოყენების პროექტებზე მუშაობს. „Facebook-ისთვის ეს ყველაზე რთული გამოწვევაა. ამ კომპანიას აქტივისტების მხრიდან მისი პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს“.

Vodafone-ისა და სხვა ტელესაკომუნიკაციო კომპანიებისთვის, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში მუშაობისთვის კონტრაქტები და ლიცენზიები სჭირდებათ, Facebook და სხვა სოციალური ქსელები მთელს მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული და ყველასთვის ხელმისაწვდომია (თუ არ ჩავთვლით, ჩინეთს, საუდის არაბეთს და ირანს, რომლებიც ზღუდავენ მათზე ხელმისაწვდომობას). ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციის თავისუფალ ნაკადს ყველასთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება.

სამშაბათს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სიტყვით გამოსვლას გეგმავს, სადაც ის კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმას, რომ ინტერნეტის თავისუფლება განუყოფელი უფლებაა. ბოლო კვირებში სახელმწიფო დეპარტამენტი Twitter -ის საშუალებით ახალ ამბებს არაბულ ენაზე ავრცელებს, შაბათ-კვირას მათ ინფორმაციის გავრცელება ფარსიზეც დაიწყეს.

ცუკერმანის თქმით, Google-ის კუთვნილი Twitter და YouTube დიდი მონდომებით უჭერს მხარს აქტივისტებს და მათ გამოსვლებს.

როდესაც ეგვიპტეში ინტერნეტი გათიშეს, Google და Twitter პროტესტანტებს აქტიურად ეხმარებოდა, შექმნა რა ახალი სერვისი speak2tweet , რომელიც ადამიანებს ხმოვანი შეტყობინებების დატოვებაში ეხმარებოდა, რომლებიც შემდეგ Twitter-ის ინფორმაციის განახლების სახით ფაილებში იწერება. Twitter-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიზ სთოუნმა ეს შესაძლებლობა იმ პოზიტიური გლობალური ეფექტის ხაზგასასმელად გამოიყენა, რომელიც ინფორმაციის ღიად გაცვლის საშუალებაა. 

როდესაც ეგვიპტეში ინტერნეტი დაბრუნდა, YouTube-მა ახალი ამბების შეგროვებისა და შენახვის სერვისთან Storyful-თან ერთად ის ათასობით ვიდეორგოლი გამოიყენა, რომელსაც ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტები იღებდნენ, რათა ადამიანებისთვის ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და გაცვლის საშუალება მიეცათ თავიანთი პოლიტიკური ახალი ამბების არხზე  CitizenTube.

წელს Facebook-მა გარკვეული ნაბიჯები გადადგა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა დასახმარებლად ტუნისში, სადაც ხელისუფლებამ ამ სოციალურ ქსელში ადგილობრივი პაროლების გასარკვევად ვირუსი გამოიყენა. კომპანიამ Facebook -ის ნაკადი ტუნისიდან გადაამისამართა და იანვარში მისი 550 მილიონი მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე უსაფრთხოების ზომების სრულყოფისთვის ახალი მარშრუტი აამოქმედა. ამავდროულად ის შეეცადა ეს ნაბიჯი წარმოეჩინა, როგორც უსაფრთხოების პრობლემის ტექნიკური გადაწყვეტა.  ტუნისში Facebook-ს დაახლოებით ორი მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ეგვიპტეში – ხუთი მილიონი.                   

Facebook-ის პრესმდივნმა დები ფროსტმა განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს კლიენტებისთვის მოთხოვნის შეცვლას გამოიყენონ ნამდვილი სახელები. მისი თქმით, ეს ზრდის პასუხისმგებლობას და უკეთ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

„ნდობა, რომელსაც ადამიანები გვიცხადებენ, Facebook-ის მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამბობს ის და ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანია მიესალმება დურბინთან და სხვა ისეთ ადამიანებთან დისკუსიას, რომლებიც ამ საქმისადმი ინტერესს ამჟღავნებენ. „როგორც ეს ტუნისში საფრთხეებზე ჩვენმა პასუხმა აჩვენა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ ნდობას, და ყოველდღე აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ დავიცვათ ადამიანები“.

დურბინმა მოუწოდა Facebook-ს შეუერთდეს 2008 წელს შექმნილ „გლობალურ ქსელურ ინიციატივას“, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების მოქმედების ნებაყოფლობით კოდექსს წარმოადგენს. კოდექსიის მოთხოვნები კომპანიების მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვისთვის გარკვეული ზომების მიღებას ითვალისწინებს.

ორგანიზაცია Personal Democracy Forum-ის დამფუძნებელი ენდრიუ რასიეჟი ამბობს, რომ ადამიანებმა და კომპანიებმა, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს ქმნიან, უფრო ღიად უნდა ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას აგროვებენ, და რომ აუცილებელია მათი მხრიდან თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს თავისუფლად შევიდნენ და გამოვიდნენ მათი მონამცემთა შეგროვების სისტემებიდან. „ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება დავიცვათ შენახული ინფორმაციის საიდუმლო ისევე მტკიცედ და აქტიურად, თითქოს ეს ჩვენი საკუთარი სახლი იყოს“, – აცხადებს იგი

foreingpress.ge