"თურქეთში თუ ვინმეს შავ სამუშაოზე დაინახავთ, ესე იგი ქართველია, ნაგავშიც ქართველები იქექებიან”

თურქეთში მცხოვრებმა ქართული წარმოშობის ათასობით ადამიანმა საუკუნეების განმავლობაში დიდი ბრძოლისა და გაჭირვების ფასად შეინარჩუნა ქართული ენა და ადათ–წესები. მშობლიურ ენაზე ლაპარაკი ეკრძალებოდათ, მაგრამ მაინც შეინახეს ეროვნული საუნჯე. 

ამჟამად თურქეთი ევროკავშირის სტანდარტებით მოქმედებს და მისი პოლიტიკა ეროვნულ უმცირესობათა მიმართ ბევრად ლიბერალური გახდა. იმ სკოლებში, სადაც ქართველები სწავლობენ, მშობლიური ენის სწავლების ნებართვა გაიცა, ახლა ჯერი საქართველოზეა – დროულად მიაწვდის თუ არა იქ ქართული ენის შესასწავლად სრულყოფილ პროგრამას. ჩვენი სახელმწიფოს უნიათობამაც სწორედ აქ იჩინა თავი. არ დაიჯერებთ, მაგრამ ქართულმა მხარემ მათთვის მშობლიური ენის შესასწავლი პროგრამა ვერ ან არ შეადგინა! 

თურქეთში ქართული კულტურის სახლ "ჩვენებურების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ნათია შარაშენიძე მუშაობს. ნათია უცხო ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ სამუშაოს საძებნელად წავიდა. იქ მცხოვრებ ლაზებს დაუახლოვდა და მათ შორის ცხოვრების თანამგზავრიც იპოვა – გათხოვდა. საქართველოს ხშირად სტუმრობს. თითქმის ყველას იცნობს, ვინც აქედან თურქეთში სამუშაოდ მიდის და მათი ყველა პრობლემა იცის. ქალბატონმა ნათიამ თურქეთში მცხოვრები ემიგრანტი და ეთნიკური ქართველების გასაჭირზე გვიამბო: 
– ქართული კულტურის სახლში მოვახერხეთ ქართული ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება. იქაური ეთნიკური ქართველები იკრიბებიან და ენას სწავლობენ. ამის გარდა, თვეში ერთხელ ვახერხებდით, საქართველოდან მომღერლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები მიგვეწვია და მათთან შეხვედრა მოგვეწყო. ვატარებდით ქართულ ენასთან დაკავშირებულ მცირე კონფერენციებს. დათო ტურაშვილი მივიწვიეთ და მისი წიგნის პრეზენტაცია გავმართეთ. მოკლედ, ქართული კულტურის სახლი ხიდად იქცა საქართველოსა და იქაურ ქართველებს შორის, რომლებიც ყველაფერ ქართულს მონატრებულები არიან. 

ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ის არის, რომ თურქეთის მთავრობამ გამოსცა ბრძანება და იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები არჩევით საგნად ისწავლიან მშობლიურ ენას – ქართულს. ბევრი ვიბრძოლეთ და ქართული ენა, როგორც ოფიციალური საგანი, თურქულ სკოლებში შევიდა. მე–5–6–7–8 კლასებში უნდა ისწავლებოდეს. ბრძანება შარშან გამოიცა, მაგრამ სექტემბრიდან ამ საგნის სწავლა იმიტომ ვერ დაიწყეს, რომ სახელმძღვანელოები მზად არ იყო. 

– ვის უნდა მოემზადებინა სახელმძღვანელოები, ქართულ მხარეს? 
– ქართულ მხარეს პროგრამა უნდა შეედგინა, თურქული მხარე კი მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფდა. პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტროს უნდა შეედგინა. სომხური, ებრაული და სხვა ენები უკვე ისწავლება, ქართული – არა. სომხების, ებრაელების, არაბების პროგრამა ვნახე, რომელიც 78–80 გვერდიანები იყო. ქართველებმა კი მხოლოდ 7 გვერდიანი პროგრამა გამოგვიგზავნეს. ქართულ ენას ასეთი რამ ეკადრება?! 
– და თურქებმა დაიწუნეს ის პროგრამა? 
– დიახ, დაიწუნეს და ერთ–ერთი ქვეყნის პროგრამა მოგვცეს, იქნებ ამის მიხედვით დაწეროთო. 
– ალბათ სომხურს გულისხმობთ. 
– დიახ. ვხვდებოდით, რომ სამარცხვინო იყო ის პროგრამა, რომელიც საქართველოდან გამოგვიგზავნეს, მაგრამ მაინც გავუგზავნეთ თურქეთის განათლების სამინისტროს. მათ კი უკან დაგვიბრუნეს. 

– ეს ხდებოდა მაშინ, როცა განათლების მინისტრი დღევანდელი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იყო? 
– სამწუხაროდ, ასეა. ვინ რა და როგორ დაწერა და გადაწყვიტა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენამდე შვიდგვერდიანი პროგრამა მოვიდა. თურქებმა შენიშვნები მოგვცეს – მოცულობა გაზარდეთ და ძირითადად ქართული მოთხრობები ჩაამატეთო. შენიშვნები განათლების სამინისტროს გამოვუგზავნეთ, მაგრამ უფრო სასაცილო და სატირალი პასუხი მივიღეთ, ჩვენ მეტი არ შეგვიძლია, მხოლოდ ეს მოვახერხეთო. ხელს დღევანდელი მინისტრი, თამარ სანიკიძე აწერდა. არადა ეს მოვლენა ისტორიულია. იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები მშობლიურ ენას კარგავენ. ამაზე მამების თაობა ძალიან წუხს. უდიდეს რაღაცას მივაღწიეთ და არ ვიცი, ამ წუთში ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რა არის. 

– რას აპირებთ? 
– თურქეთში გვყავს მწერალი ქევსერ რუჰი, რომელიც წარმოშობით ქართველია და ქართულიც კარგად იცის. იქ ცხოვრობს აგრეთვე პროფესორი ფარედინ ჩილოღლუ, იგივე ფარნა–ბექა ჭილაშვილი. მან თარგმნა თურქულად ნოდარ დუმბაძე, დათო ტურაშვილი... ამ ორ ადამიანს ვთხოვეთ დახმარება, რომ იქნებ დაწერონ ქართული ენის პროგრამა იქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის და რედაქტირებაც გაუკეთონ. ვერ გეტყვით, რა იქნება და მოესწრება თუ არა, რომ მომავალ სექტემბერს მაინც შევიდეს ქართული ენა სკოლებში. 

– პროგრამაზე ლიცენზია ხომ საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა გასცეს? 
– დიახ, იმედია, ერთ ბეჭედს მაინც არ დაგვამადლიან. არადა გვიანდება ეს საქმე. თურქეთში ქართული ენის სწავლებას არაფრით დაუშვებდნენ, რომ არა მათი სწრაფი ტემპით განვითარება და ევროკავშირში ინტეგრაცია. იმიტომ გახდნენ ლიბერალურები. ჩვენც მეტად ვაქტიურობთ, უამრავი საპროტესტო ნოტა დავწერეთ, რომ ქართული ენის სწავლებაზე თანხმობა მოეცათ. 20 წელია ქართველები ამისთვის იბრძვიან და აი, რას მივაღწიეთ – დასაცინები გავხდით! 

იქ მცხოვრები ახალგაზრდები უკვე ვეღარ მეტყველებენ ქართულად, მაგრამ იციან, რომ ქართველები არიან. არ მქონია შემთხვევა, ბავშვს ეთქვას, მე თურქი ვარო. მამების თაობა კი წუხს, რომ მათი შვილები და შვილიშვილები ქართულად ვეღარ საუბრობენ. გულისტკივილით ამბობენ, რომ თურქეთში მათ გურჯებს ეძახიან და საქართველოში – თურქებს. იქ ყველამ ძველი ქართული იცის. გვეუბნებიან, ახალ ქართულს ვეღარ ვაფერებთ ანუ ვეღარ ვახერხებთო. ვეუბნები, არ მოგვბაძოთ, თქვენ სუფთა ქართულით ლაპარაკობთ, ჩვენ კი ბევრი სლენგი შევურიეთ და დავამახინჯეთ–მეთქი. მათი ქართული ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. ერთხელ მათ საუბარს შევესწარი, ქართული იყოს და ტალახი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, რა იქნებაო. იმდენად უყვართ ყველაფერი ქართული. შეუძლებელია, მათ საუბარს მშვიდად უსმინო. 

– ქართული ადათ–წესები, სამზარეულო შემორჩენილი აქვთ? 
– ქართული ადათ–წესები შემორჩენილი აქვთ. მათი საკვებიც განსხვავდება თურქულისგან. ძირითადად აჭარულ კერძებს ამზადებენ. მაგალითად, ფხალობია – ფხალია და ლობიო ერთად. აცხობენ მჭადებს, რაც თურქებმა არ იციან. აკეთებენ ჩვენებურ საცივს, მაგრამ ზეთიანს ეძახიან. აკეთებენ მალახტოს – არეული ფხალია სიმინდის ფქვილთან ერთად, რომელიც თურმე მთიან აჭარაში იციან. 
ბოლო დროს ცოტა შეიცვალა სიტუაცია, მაგრამ მაინც ცდილობენ, ქართველი თურქზე ან სხვა ეროვნებაზე არ გათხოვდეს და პირიქით, კაცმა არ მოიყვანოს სხვა ეროვნების ქალი. ამბობენ ხოლმე, ის ჩვენი ადათის არ არის, ჩვენი წესები არ იცისო. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მათ ქართულად ლაპარაკი ეკრძალებოდათ, იმიტომ არ უნდოდათ სხვა ეროვნების ადამიანი ოჯახში, რათა სხვები არ მიმხვდარიყვნენ, რომ ქართულად ლაპარაკობდნენ. სხვა შემთხვევაში მშობლიურ ენას ვერ შემოინახავდნენ. ალბათ აღრევაც არ უნდოდათ, რომ გენი არ დაკარგულიყო. 
აჭარულად ცეკვავენ და ქართულად მღერიან. გელაპარაკება ქართულად და ბოლოს აყოლებს ჭო–ს. იქ მცხოვრები ქართველები ახლა უფრო კარგად გრძნობენ თავს, თორემ უამრავი საშინელება გამოიარეს და ბევრ წნეხსაც გაუძლეს. 
კიდევ იცით, რისი გაკეთება მოვახერხეთ? პირველად თურქეთის ისტორიაში თურქული ტელევიზიით გადაიცემა დოკუმენტური ფილმი "კავკასიის ქარი", რომელიც მთლიანად ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფილმს ქართული კულტურის სახლის თავმჯდომარე, ელიზბარ ქუჩუკი იღებს. შარშან 13 სერია გავიდა ქართული კულტურის შესახებ და იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გვთხოვეს, იქნებ ეს პროექტი გავაგრძელოთო. ჩვენც გავაგრძელეთ და ისევ 13 სერია უნდა მომზადდეს. 

– თქვენს მეუღლეზე და მის ოჯახზე გვიამბეთ. 
– დედით აჭარელია, დუმბაძე, მამით – ლაზი, მაგრამ, სამწუხაროდ, მამის გვარი დაკარგული აქვს და თურქულ გვარს ატარებს – ნური ანარი გახლავთ. მათი ოჯახი ქართულია და სუფთა ქართულით საუბრობენ. ჩემი დედამთილი თურქულად ლაპარაკს ვერ ახერხებს, მაინც ურევს ქართულ სიტყვებს. თუ ჩემს დედამთილს უნდა, შვილებს სხვებისგან მალულად რამე უთხრას, ქართულად ეუბნება. 
იქ წესია ისეთი, რომ სარძლომ ყავა უნდა მოადუღოს და დედამთილს მიართვას. მოვადუღე და არ ვიცი, გაცივდა, სანამ დალევდა თუ ვერ მოვახერხე კარგად გაკეთება, მაგრამ რომ მივართვი, უცებ ჩემს ქმარს გადაულაპარაკა, ამას ყავის მოდუღება არ სცოდნიაო. იცოდა, ქართველი რომ ვიყავი, მაგრამ რადგან ჯერ კიდევ სხვად მთვლიდა და თან იმდენად მიჩვეული იყო შვილებისთვის ჩუმად ქართულად რაღაცის თქმას, რომ ავტომატურად გადაულაპარაკა. ამან ქართული კარგად იცისო, უთხრა ჩემმა ქმარმა და საშინლად შერცხვა. 
– ახლა თუ მოსწონს თქვენი მოდუღებული ყავა? 
– კი, მოსწონს. კარგი ურთიერთობა გვაქვს. არასოდეს გვიკამათია, თუნდაც რელიგიურ თემაზე. ისინი მუსლიმანები არიან, მე – მაზიარებელი მართლმადიდებელი. აღდგომას კვერცხს წითლად ვღებავ და ქმრის ნათესავებს ვუმასპინძლდები. გურული ვარ, შობას გურულ ღვეზელს ვაცხობ და იმით ვუმასპინძლდები. როცა ისინი თავიანთ დღესასწაულზე აშურეს აკეთებენ, მე მიმასპინძლდებიან. ჩემი ქმარი ისე საუბრობს ქართულად, რომ ვერ მიხვდებით, აქ გაზრდილი რომ არ არის. საქართველო ძალიან უყვარს და ამბობს, ჩემი უკანასკნელი დღეები საქართველოში უნდა გავატარო, იქ უნდა დავიმარხო, სადაც ჩემი მამა–პაპის საფლავებიაო. 

– ემიგრანტ ქართველებთანაც გაქვთ ურთიერთობა? 
– დიახ, უმრავლესობასთან გვაქვს ურთიერთობა და მათი პრობლემების შესახებ ბევრი რამ ვიცი. უმძიმეს ყოფაში არიან. ჩვენი ემიგრანტების 90% შავ სამუშაოს ასრულებს. თუ ვინმეს შავ სამუშაოზე დაინახავთ, ესე იგი ქართველია. ნაგავშიც ქართველები იქექებიან, უზარმაზარი ტვირთიც ქართველებს აქვთ მოგდებული მხრებზე. ისეთ სამკერვალოებში მუშაობენ, ფანჯრებიც რომ არ აქვს. პატარა მიწურებში მუშაობენ და იქვე ცხოვრობენ კიდეც, რადგან წასასვლელი არ აქვთ. ახლა ცოტა შემცირდა ტრეფიკინგი, მაგრამ მათი შრომა არ გაიოლებულა. 
ბიძინა ივანიშვილი რომ ჩამოვიდა, მხოლოდ თურქეთის მთავრობის წევრებს შეხვდა, გაიხურა კარი და წავიდა. იქაურ ქართველებს არ შეხვდა. იქ არ არის ქართული ეკლესია. არ უნდა ეთქვა თურქეთის მთავრობისთვის, ამდენი წელია ჩემი ქართველები გემსახურებიან და მათ ერთი პატარა სალოცავი მაინც გაახსნევინეთო?! სხვა ქვეყნებში კვირაობით ქართველები ეკლესიების ეზოებში იკრიბებიან, ერთმანეთს ეხმარებიან, ამბებს იგებენ. თურქეთში ასეთი რამ არ ხდება. ქართველების სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა პარკებში თუ ახერხებს შეხვედრას. 
სავიზო რეჟიმი რომ შემოვიდა, ზოგს ვიზის ვადა უთავდება, მაგრამ მაინც არ ბრუნდება უკან. უნდა ნახოთ, პოლიცია რომ დაეცემა ხოლმე პარკში შეკრებილებს და ატყდება ერთი წივილ–კივილი. შეყრიან ყველას და მერე ზოგს დეპორტს უკეთებენ. თუ ვიზა ვადაგასული არ არის, უშვებენ, მაგრამ რამხელა ნერვების ფასად უჯდებათ ეს ამბავი?! 

– ტრეფიკინგის შემთხვევებს შესწრებიხართ? 
– აქსარაის ავტოსადგომზე, საიდანაც ჩვენი ავტობუსები გამოდის, რამდენჯერმე შევესწარი, ქართველმა ქალმა როგორ მოატყუა ქართველი გოგო, ჩაიყვანა იქ და მერე გაყიდა. 

– არაფერი მოიმოქმედეთ? 
– ვუთხარით, საკონსულოში წასულიყო, იქ ახალ პასპორტს დაუმზადებდნენ და უკან გააგზავნიდნენ, მაგრამ იცით, რა გვითხრა? ისინი საქართველოში დამაბრუნებენ, მე კი ვალებით ვარ წამოსული და უკან რომ წავიდე, რა ვქნაო. ურჩევნია, მონად იმუშაოს, ვიდრე უკან დაბრუნდეს. ასე გაყიდულ ქალებს ან მეძავებად ამუშავებენ, ან სადმე სამკერვალოში შეაგდებენ და 24 საათი ჯაფაში არიან. 

ჩემი ქმარი ქუჩაში ქართულ სიტყვას თუ მოჰკრავს ყურს, მივა და თავის სავიზიტო ბარათს აძლევს. ერთხელ ღამის 3 საათზე დაგვირეკეს. ქალი აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა, კაცს ვუვლიდი, მაგრამ პასპორტი გამომართვა, ჩამკეტა და ახლა მეუბნება, ჩემთან დაწექიო, მე კი ქმარი და შვილები მყავს და მასთან დაწოლა არ მინდაო. გვთხოვა, დამეხმარეთ, პასპორტი რომ დავიბრუნო და აქედან გამოვაღწიოო. თურმე შვილი ჰყოლია ავად და იმ კაცს ორი თვის ფული წინასწარ მიუცია. ჩემმა ქმარმა უთხრა, საკონსულოს ან პოლიციას შევატყობინებთ და ასე დაგიხსნითო. გვითხრა, არა, გამოპარვა მინდა, თორემ ქვეყნიდან გამაძევებენო. თუ არავის ჩავრევდით, ამას ვერაფრით მოვახერხებდით და რა გვექნა?! 

მერე შევიტყვეთ, იმ კაცმა გაიგო, ტელეფონზე რომ დაგვირეკა და მაგრად სცემა, რის გამოც საავადმყოფოშიც მოხვდა. ბოლოს რომ დაგვირეკა, გვითხრა, მძიმე ავადმყოფი ვარ და საქართველოში მივდივარო. ვუთხარი, აქამდე წასულიყავი, ჯანმრთელობას ხომ მაინც შეინარჩუნებდი–მეთქი. იქ არავინ დაგიცავს. 

არალეგალები არიან და იციან, რომ დეპორტი ემუქრებათ. ამის გამო აუტანელ ყოფას და უამრავ დამცირებას იტანენ. გაგიჟდებით, ისეთ რამეებს ყვებიან. ერთ გოგოზე მეტაპრონემ იძალადა, მერე გაყიდა. როგორც ვიცი, ტყეში აცხოვრებდნენ და ნარკოტიკებს აძლევდნენ. ბოლოს ამ გოგოს ამნეზია დაემართა. აღარ ახსოვდა, რა ერქვა და საიდან იყო. ალბათ 25 წლამდე იქნებოდა. მთელი ქალური ორგანოები დაგლეჯილი ჰქონდა... 

მაღაზიაში თუ მუშაობს ქალი, მასზე აუცილებლად ძალადობს მაღაზიის მეპატრონე. საღამოს კეტავენ მაღაზიას და ძალადობენ. ერთმა ქართველმა გოგომ დაიწყო მაღაზიაში მუშაობა. მეპატრონემ ჯერ იძალადა მასზე, მერე პასპორტი წაართვა. იმ გოგოს მაღაზიაში ეძინა. 8 თვის განმავლობაში ერთი თეთრი არ გადაუხდიათ მისთვის. საწყალმა ბოლოს ვეღარ გაუძლო ამ წნეხს და ფსიქიკურად შეიშალა. ჰკრა ხელი იმ კაცმა და გამოაგდო. ქართველებმა მოუგროვეს ფული და საქართველოში გამოაგზავნეს. 

50 წლის ქალი გაყიდეს და მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოძვრა. ზეწრები გადაუბია და ისე ჩამოხოხებულა. ჩვენთან მოვიდა, ფეხები სულ დაგლეჯილი ჰქონდა. მეძავად ამუშავებდნენ. 10–15 კაცს ემსახურებოდა დღეში და თან ფულსაც არ აძლევდნენ. ასეთი ფაქტი უამრავია.