„მსოფლიოს ვეტყვი, როგორ დაესხა საქართველო თავს მშვიდობიან ცხინვალს“

„მსოფლიოს ვეტყვი, როგორ დაესხა საქართველო თავს მშვიდობიან ცხინვალს“

„მსოფლიოს ვეტყვი, როგორ დაესხა საქართველო თავს მშვიდობიან ცხინვალს“, – ამ სიტყვების ავტორი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ნაციონალები ჯაშუშად მოიხსენიებდნენ, ევროკავშირის მისიაში დაინიშნა.

ამას უკვე მოჰყვა დიპლომატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნეგატიური რეაქცია. ისინი რაიან გრისტის დანიშვნას აპროტესტებენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

მათი განმარტებით, რაიან გრისტი მოქმედებდა თავისი დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამოდ, 2008 წელს ამაგრებდა ომის დაწყების რუსულ ვერსიას და ზიანს აყენებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტიც, მათი შეფასებით, რაიან გრისტის ეს ქმედება დაგმო ეუთომ და იგი გაიწვია.

საზოგადოება „ივერია“, ქართველი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას არ სცოდნოდა კანდიდატის ვინაობის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ წამყვან პოსტზე მოიაზრებდა. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან წინასწარი კონსულტაციებისა და, მინიმუმ, მისი არაფორმალური თანხმობის გარეშე კანდიდატს საერთოდ არ წარადგენდა.

„ევროკავშირის მიერ რაიან გრისტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ ეფექტური წინააღმდეგობა არ გაუწევია წინასწარი მოლაპარაკების გზით, არამედ მას მდუმარე თანხმობა აქვს მიცემული აღნიშნული კანდიდატის წარდგენაზე. მივიჩნევთ, რომ რაიან გრისტის უკან გაწვევა არც ახლა არის გვიან, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ვალდებულია, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში იმოქმედოს დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელთა ხელმომწერებს შორის არიან გრიგოლ ვაშაძე, კახა გოგოლაშვილი, ალექსანდრე რონდელი, ნიკა ვაშაკიძე, ნინო კალანდაძე და სხვანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქესა და ბრიტანული არმიის ყოფილ კაპიტანს რაიან გრისტის 2008 წელს ომის დროს საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო ახლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. 2008 წლის აგვისტოში გრისტი ომის დაწყების შემდეგ სკანდალში გაეხვია. კერძოდ, 2008 წლის 6 ნოემბერს New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, რაიან გრისტიმ განაცხადა -„ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო აბსოლუტურად განურჩეველი და არაპროპორციული, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე პროვოკაციას არ ჰქონდა ადგილი. ჩემი აზრით, ეს იყო განურჩეველი თავდასხმა ქალაქზე“.

ამას წინ უძღოდა, რომ ეუთო-ს ოფიციალური პირების განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ გააგზავნა ჯარები ე.წ. სამხრეთ ოსეთში, გრისტი ჩავიდა ცხინვალში და დაიწყო რუსული მედიისთვის უნებართვო ინტერვიუების მიცემა, რომელშიც საქართველოს აკრიტიკებდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მას საყვედური გამოუცხადეს და ჰქონდა ცხარე საუბარი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც იგი თანამდებობიდან გადადგა. იმ დროისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით მისი კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა. აღნიშნული პერსონის შესახებ არც ეუთო აკეთებდა კომენტარს.

სულ ახლახანს, 2014 წლის 31 იანვარს გრისტი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა. ის ამჯერად თბილისში არ იმყოფება.

გრისტის პერსონასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს დანიშნვა ახალი ამბავია და საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ამასთან, ლევან ბერძენიშვილი აღნიშნული საკითხის შესწავლას არ გამორიცხავს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი კი განმარტავს, რომ აგვისტოს ომის დროს გრისტის განცხადება სულაც არ იყო განსხვავებული იმისგან, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თუ ევროკავშირის კომისია აფიქსირებდნენ. უფრო მეტიც, მისი ინფორმაციით, გრისტი ეუთოს მისიიდან იმიტომ გაიწვიეს, რომ მან შიდაგანაწესი დაარღვია და აქ არაფერ შუაში არ არის ნაციონალების უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ.

რაც შეეხება საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს, იგი მისი მოადგილის, რაიან გრიტსის წარმატებულ მუშაობაში დარწმუნებულია.

გრიტსის დანიშნვასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას კი ტოივო კლაარი აცხადებს: რაც გრიტსმა თქვა, როგორც კერძო პირმა, არ ითამაშა არც ნეგატიური და არც პოზიტიური როლი შერჩევის დროს. გადამწყვეტი იყო მისი გამოცდილება არაერთ მისიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის მენეჯმენტში და მისიის ადმინისტრირებაში დამეხმარება. მას კარგად იცნობენ საქართველოში. ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს და მე სრულიად დარწმუნებული ვარ მასში.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობს სხვადასხვა დიპლომატიური არხები, რომლითაც ქართულ მხარეს შეუძლია, იმოქმედოს და ითხოვოს, გაწვეულ იქნას ეს კონკრეტული პირი მისიიდან.

პოლიტოლოგის აზრით, საერთაშორისო მისიები არცერთ პიროვნებას არ დანიშნავენ არცერთ პოსტზე საქართველოში, თუკი მის მიმართ მთავრობის მხრიდან უნდობლობა იქნება გამოხატული. კახა გოგოლაშვილი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის ტოივო კლაარიის განცხადებასაც ეხმაურება და განმარტავს, ის, რომ ტოივო კლაარიი საკუთარი მოადგილის, რაიან გრიტსის წარმატებულ მუშაობაში დარწმუნებულია, სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვოს.

„თუ საქართველოს მოსახლეობა მას არ ენდობა და საქართველოში ძალიან ცუდი სახელი აქვს, აქ უკვე საუბარი გადაწყვეტილია. ომის დროს მან გააკეთა არასწორი კომენტარები. საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი, რადგან იგი იყო ეუთოს წარმომადგენელი, ოფიციალური პირი და არ უნდა გადაეხვია ეუთოს ოფიციალური პოზიციიდან. მან გააკეთა ზედმეტი კომენტარები, რამაც იმ მომენტში ზიანი მიაყენა საქართველოს იმიჯს მანამ, სანამ გაურკვევლობა იყო და სანამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ იცოდა, თუ რა ხდებოდა საქართველოში. პრაქტიკულად, მისი კომენტარებიდან გაიგეს მცდარი ინფორმაცია. ეს საზიანო იყო ჩვენთვის. ამდენად, ეს ადამიანი ჩვენთვის არასასურველი პიროვნებაა და რატომ უნდა დავთანხმდეთ მის დანიშვნას ან რატომ უნდა ვენდოთ?! ჩვენი სუვერენული უფლებაა, ვენდოთ ან არ ვენდოთ ადამიანს, ვინც ჩამოდის საქართველოში სამუშაოდ, განსაკუთრებით, უსაფრთხოების მისიით“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ამასთან, მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, ევროკავშირი ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. უფრო მეტიც, ამ ადამიანმა ახლაც რომ შეიცვალოს პოზიცია და საქართველოსთვის სასარგებლო განცხადებები გააკეთოს, ეს უკვე აღარაფერს ნიშნავს.

ასრულებდა თუ არა რაიან გრიტსი რუსეთის დაკვეთას, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ფაქტია, რომ მან დააზიანა საქართველოს პოზიცია და არასწორი წარმოდგენა შეუქმნა უცხოელებს.

„ის არ აკეთებდა განცხადებებს 8 აგვისტომდე. არადა, შეეძლო, გაეკეთებინა განცხადება და ეთქვა, როგორ არღვევდა რუსული მხარე ხელშეკრულებას და უტევდა ქართულ სოფლებს, როგორ ხდებოდა ომის პროვოცირება რუსული მხრიდან. მან გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯარი შეიჭრა თავისი მოქალაქეებისა და სამშვიდობოების დასაცავად ცხინვალის მიმართულებით. სხვათა შორის, ჩვენს ჯარს მაშინ ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა, ასევე, შეეძლოთ გაეჟლიტათ ჩვენი სამშვიდობოები“, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი.

For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მიმღებ ქვეყანას უფლება აქვს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია თუნდაც იმავე ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამდენად, რაიან გრისტის შემთხვევაშიც, მიმღები ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

ამდენად, ექსპერტი ფიქრობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საკუთარი პოზიცია უნდა გამოხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან, სულ მცირე, არაკომპეტენტურია.

„არა მგონია, ასეთმა არაკომპეტენტურმა ადამიანმა რეალურად წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს სასარგებლოდ. დღევანდელმა ხელისუფლებამ ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოს გრიტსის, რომ მან კვლავ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, თუკი მას რეალურად სურს საქართველოს სახელმწიფოსთან რეალური თანამშრომლობა. მართალია, ტალიავინის დასკვნაშიც არის მომენტები, სადაც გაკრიტიკებულია ქართული მხარე, მაგრამ, ჩემი აზრით, ძირითადად მაინც რუსული მხარეა დადანაშაულებული, მიუხედავად იმისა, რომ იქ სიტყვა აგრესია, ან ინტერვენცია არ არის ნახსენები. გრიტსის გამონათქვამები შედარებით უფრო პრორუსულია. ის თუ ვერ ხვდება, ვინ დაიწყო ომი და ვინ არის აგრესორი, არა მგონია, მომავალშიც კომპეტენცია გამოამჟღავნოს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.