„რავა, ქუთაისს ჰყავს მერი?“

„რავა, ქუთაისს ჰყავს მერი?“

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თავისსავე დაგებულ მახეში გაება. თამაზ მარგველაშვილმა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია პოსტიდან ორი დღის წინ გაუშვა, მაგრამ მას თანანმდებობის დატოვება დღეს თავადაც მოუწია.

თამაზ მარგველაშვილი თანანმდებობიდან გადადგომას საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნებას უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ მან „გადაყენებას“ „გადადგომა“ ამჯობინა.

კერძოდ, 17 თებერვალს, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არის ჩანიშნული, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებდა და for.ge-ს ინფორმაციით, იქედან გამომდინარე, რომ მარგველაშვილის პოსტიდან გადაყენებას მხარს მისი წინამორბედი - „ამირან მუდმივად“ წოდებული, ნაციონალი ამირან ხვადაგიანიც უჭერს, მარგველაშვილს თანანმდებობაზე დამშვიდობება მოუწევდა.

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული სცენარი თამაზ მარგველაშვილმა გათვალა და მან პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება დღეს, დღის მეორე ნახევარში დაწერა, მანამდე კი, for.ge-სთან საუბარში მან შოთა მურღულია მკაცრად გააკრიტიკა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, მან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს პოსტი დაატოვებინა.

მარგველაშვილის მტკიცებით, მან შოთა მურღულია თანანმდებობიდან იმის გამო გაუშვა, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკონკურსო კომისიის მუშაობა „დააიგნორა“ და ასევე ოპონენტების შენიშვნები არ გაითვალისწინა, საკადრო პოლიტიკასთან და ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებს თავად მურღულია უარყოფს და აცხადებს, რომ ფრაქცია „პატრიოტებმა“ და ნაციონალებმა თამაზ მარგველაშვილზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელეს და მას ემოციური გადაწყვეტილება მიაღებინეს.

„ფაქტია, რომ თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებამ საზოგადოებრივი გაღიზიანება და ქალაქის პარალიზება გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტიდან გადადგომის თაობაზე განცხადება კი გააკეთა, მაგრამ მან ის უკანონო აქტი არ ცნო ბათილად, რომელიც ჩემი თანანმდებობიდან გათავისუფლებას უკავშირდება.  მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ორდღიანი ბაქჰანალია მოაწყვეს, ალბათ, თამაზ მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ პოლიტიკურ თამაშს გამოეთიშოს. ალბათ, ამ ადამიანის მიმართ ნაციონალებისა და „პატრიოტების“ მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ გაუგებარია ის, თუ ამ ადამიანმა თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება მიიღო, მერე რატომ შეცვალა?!  ჩვენს ოპონენტებს, ქალაქის პარალიზება რისთვის დასჭირდათ, ამას დრო აჩვენებს“, - განუცხადა for.ge-ს მურღულიამ, რომელიც ვერ აკონკრეტებს, თუ რატომ დაიძაბა ვითარება მასსა და მარგველაშვილს შორის.

for.ge მარგველაშვილ-მურღულიას შორის არსებული დაპირისპირების დეტალებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პოლიტიკურ კულუარებში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ორი თვის წინ, თამაზ მარგველაშვილმა შოთა მურღულიას პოსტზე დანიშვნას მხარი „გარანტიის“ სანაცვლოდ, დაუჭირა.

კერძოდ, წყაროს ცნობით, მარგველაშვილი მურღულიას  მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის შენარჩუნებას თვითმართველობის არჩევნებამდე სთხოვდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ მის იმპიჩმენტს „ქართული ოცნება“ ითხოვდა, მარგველაშილმა მურღულია „გაწირა“ და პოსტიდან გაუშვა.

აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ მოხდა შოთა მურღულიას თანანმდებობიდან გათავისუფლება. რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ამცნო, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის იმპიჩმენტს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დააყენებდა. მას  კი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა - რატომ ელოდებოდა რიგგარეშე სხდომას, მაშინ, როდესაც შოთა მურღულიას თანანმდებობიდან გადაყენება, მას თავად შეეძლო?.  ჟურნალისტის კითხვის დასრულებისთანავე, მარგველაშვილმა კითხვა „კარგ რჩევად“ შეაფასა და ბრძანებულების მომზადება მოითხოვა, რაც ოც წუთში სისრულეში მოიყვანა.

ამ დროისთვის ქუთაისს არც მერი ჰყავს და არც საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, მისი თანაგუნდელები კმაყოფილნი არიან.

„პატრიოტი“ კახა ნემსიწვერიძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ღირსეულად მოიქცა, რადგან მან შექმნილი ვითარება სწორად შეაფასა და პოსტი დატოვა.

„თამაზ მარგველაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ყველაზე მეტად მახეების დაგება არ ეხერხება. მლიქვნელი სახით კი, შოთა მურღულია საუბრობს, რომელსაც საზოგადოება ნიღბის ჩამოცილების შემდეგ გაიცნობს. მერიაში მიმდინარე პროცესებით გაკვირვებული ვარ, რადგან ისეთი მთავრობა გინახავთ, რომელიც თავის თავს პროტესს უცხადებს და აქციას უწყობს?! შოთა მურღულია ის კაცია, რომლის თაობაზეც მარგველაშვილმა გადაწყვეტლება ღამის ორ საათზე მიიღო და ის პოსტზე ისე დანიშნა, რომ მას ქალაქის განვითარებისა და მართვის არავითარი პროგრამა არ წამოუდგენია“, - განუცხადა for.ge-ს ნემსიწვერიძემ, რომელსაც კითხვით მივმართეთ - ყოველგვარი პროგრამის გარეშე, მარგველაშვილმა მურღულიას მხარი რის სანაცვლოდ დაუჭირა?, - რაზეც მან პასუხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა და განაცხადა, რომ „შოთა მურღულის დავარცხნილი საუბარი მის გულწრფელობას არ ნიშნავს“.

მართალია, შექმნილ ვითარებაში ნაციონალები პოლიტიკურ ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, მაგრამ ისინი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე აპელირებენ.

for.ge-სთან საუბარში პარლამენტის წევრი გიორგი თევდორაძე დაინტერესდა, შოთა მურღულია მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე როგორ დაინიშნა, თუ თამაზ მარგველაშვილს ნაციონალები მართავენ.

„აღიარება“, რომ პროცესებს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გუბერნატორი და მერის მოვალეობის შემსრულებელი უნიათოები არიან. მმართველი გუნდის პოლიტიკაა, ბნელ ოთახში კატა ეძებოს, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა და შექმნილი ვითარებაც იმერეთის გუბერნატორსა და მურღულიას შორის დაპირისპირების შედეგია. პროცესებში ასევე ჩართულია გარეშე პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარგველაშილი ძალიან ფრთხილია და მურღულიას პოსტიდან გაშვებას ვერ გაბედავდა“, - აცხადებს თევდორაძე.

შოთა მურღულია ქუთაისის მერის პოსტზე დაბრუნებას აპირებს და თუ საკრებულო მას მხარს არ დაუჭერს, ის ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.  შესაბამისად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მერის სავარძელს მურღულია დაიბრუნებს, თუ ქალაქს რიგით მე-14 მერი ეყოლება. მანამდე კი, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქუთაისმა 13 მერი გამოიცვალა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი მერის მოვალეობის ექვსი შემსრულებელი, რასაც იუმორის ქალაქში იუმორითვე ხვდებიან.

ქუთაისელები for.ge-სთან საუბარში მერების გვარებს ვერ იხსენებენ და მათ ყველაზე კარგად თემურ შაშიაშვილი ახსოვთ. ქუთაისში მერზე საუბრისას კი, ფრაზას მოისმენთ - „რავა, ქუთაისს ჰყავს მერი?“