რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე, ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი მარტში, პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ იმაზე კამათობენ ვლადიმერ პუტინს გიორგი მარგველაშვილი უნდა შეხვდეს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი.
თუ ვინ წავა მოლაპარაკებებზე მოსკოვში, ამის თაობაზე მმართველ გუნდში ერთპიროვნული პოზიცია არ არსებობს და უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თუ ვინ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ეს დამოკიდებულია დღის წესრიგზე.
როგორც for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, პირველი პირების შეხვედრის თაობაზე, მზაობა ორივე მხრიდან დადასტურებულია, თუმცა, შეხვედრას სერიოზული მომზადება სჭირდება.
„თუ დღის წესრიგი იქნება შეთანხმებული, მაშინ შეხვედრა სასარგებლო იქნება. შეხვედრის მოტივაცია „გავიცნოთ ერთმანეთი“ არ იქნება. თუ ვინ უნდა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, ეს იმ ტიპის თემებზეა დამოკიდებული, რაზეც საუბარი უნდა გაიმართოს. წინამორბედისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკაზეა უფლებამოსილი, მაგრამ ქვეყნის უშუალო მმართველი პრემიერია და იმის მიხედვით განისაზღვრება ვინ წავა მოსკოვში, განსახილველი თემა პრემიერის უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუ პრეზიდენტისას“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის პათოსსაც ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც იზიარებს.
for.ge-სთან საუბარში კობახიძე არც იმას გამორიცხავს, რომ მოსკოვში პრემიერიც წავიდეს და პრეზიდენტიც.
„შესაძლებელია, რუსეთის პრეზიდენტს ორივე შეხვდეს, როგორც მთავრობის მეთაური, ასევე პრეზიდენტი. შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს და მას კონკრეტული მიზანი და შედეგი უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, რუსეთთან მთავარი სასაუბრო ოკუპაციაა და მთავარი გზავნილიც ის იქნება, რომ საქართველოს აღიარება მოხდეს საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში. სპორტსა და კულტურაზე, ზურაბ აბაშიძე და კარასინიც ახერხებენ დიალოგს, მაგრამ ის წითელი ხაზები რაც არსებობს, პირველი პირების დონეზე უნდა გადაწყდეს. შეხვედრას კი, მომზადება სჭირდება“, - აღნიშნავს კანონმდებელი, რომლის გუნდსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აკრიტიკებს.
გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ იმასთან დაკავშირებით შეჯიბრი თუ ვინ შეხვდება პუტინს, ამორალურია.
„თუ შეხვედრა შედგება, იქ განსახილველი თემა ერთადერთი - რუსეთის ფედერაციის ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს“, -აცხადებს კანდელაკი, რომლის მსგავს პოზიციაზეა მისი თანაგუნდელი სერგო რატიანი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების „დათმობითმა“ პოლიტიკამ დეოკუპაციის მიმართულებით ვერცერთი ნაბიჯი წინ ვერ გადადგა.
ოპონენტებისგან განსხვავებით, დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ რიტორიკა შერბილებულია, რუსული ბაზარი საქართველოსთვის გახსნილია და ეს პროცესი ღრმავდება.
მისი განცხადებით, რუსეთთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზი პოლიტიკურად დამარცხებულია. შესაბამისად, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მრჩევლებად არ გამოდგებიან.
„რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს პოსტულატს - პოლიტიკა გვქონდეს პრინციპული და კორექტული, ნაციონალების პოლიტიკა კი ემყარებოდა უპრინციპო და არკორექტულ ქმედებებს, რის გამოც მძიმე შედეგები მივიღეთ და მათი ხაზი უინტერესო და წარუმატებელია. ნაციონალები მრჩევლებლად ვერ გამოგვადგებიან, რადგან ისინი საკუთარი წარუმატებელი პოლიტიკის მძევლები არიან“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრების გარდა, პოლიტიკურ სპექტრში მოსკოვში განსახილველ საკითხებზეც კამათობენ.
მმართველი ძალის მოსაზრებით, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების პირველ შეხვედრაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იქნება უმჯობესი. ოპოზიცია კი თვლის, რომ კრემლში მხოლოდ ოკუპაციაზე უნდა ისაუბრონ.
გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ საუბრის თემა ტერიტორიის დეოკუპაცია უნდა იყოს და სხვა არაფერი.
„ამის დროც მოვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში შემოტანილი ახალი ელემენტები - ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ურთიერთობები, ასევე, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას მრავალი ასპექტით, უსაფრთხოება - სტაბილიზაცია სჭირდება და საუბარი ამ საკითხზეც უნდა შედგეს“, - აცხადებს ვოლსკი.
საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე დამატებითი დეტალები ცნობილი მარტში გახდება, მაგრამ ამ საკითხზე ორ ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, მზად არის, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს.
თავის მხრივ, რუს კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს. მარგველაშვილის მსგავსად, შეხვედრაზე მზადყოფნა ირაკლი ღარიბაშილმაც გამოთქვა, რის გამოც პოლიტიკურ სპექტრში მსჯელობა დაიწყეს საკითხზე - ვინ წავა მოსკოვში?