საქართველოს პარლამენტი ქვეყნის პირველი პირის მასპინძლობისთვის ემზადება. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში, საკანონმდებლო ორგანოს 17-21 თებერვლის კვირაში ესტუმრება და დეპუტატებს წლიურ მოხსენებას წარუდგენს.
თუ რა საკითხებზე გაამახვილებს პრეზიდენტი ყურადღებას, ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდის ლიდერები არ ფლობენ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ სხდომათა დარბაზში აღარ იქნება ფსიქოზი და საინტერესო დებატები გაიმართება.
ოპონენტებისგან განსხვავებით, უმცირესობის წევრები ქვეყნის პირველ პირს მკაცრად აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სჯობს, დეპუტატების ნაცვლად, გიორგი მარგველაშვილს მაია ასათიანმა გადაცემა „პროფილით“ უმასპინძლოს და „ერთი თბილი საღამო აჩუქოს“.
ზემოაღნიშნული იდეის ავტორი გოგა ხაჩიძეა, რომელიც თანაგუნდელების მსგავსად თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტს სათქმელი არაფერი აქვს.
„იდეა მაქვს, რომ დეპუტატების ნაცლად, გიორგი მარგველაშვილს კითხვები მაიკო ასათაინმა დაუსვას. მაგალითად, ჰკითხოს - რა გითხრათ ბატონმა ბიძინამ და რა გირჩიათო?! მასთან სერიოზულად, რაზე უნდა ვილაპარკოთ - ეკონომიკაზე თუ პოლიტიკაზე? სჯობს, გიორგი მარგველაშვილს „პროფილის“ სტილში საღამო გავუკეთოთ და მაია ასათიანს ვთხოვოთ, მას ერთი თბილი საღამო აჩუქოს, სადაც მუსიკის ფონზე დავსხდებით და ვიჭუკჭუკებთ“, - განუცხადა for.ge-ს ხაჩიძემ.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებიც აკრიტიკებენ. მათ შორის, გიორგი კანდელაკიც. დეპუტატი ინტერესდება, საერთოდ, რაიმე თუ აქვს სათქმელი საქართველოს პრეზიდენტს.
„მას შემდეგ, რაც მარგველაშვილმა ფიცი დადო, ის მხოლოდ განცხადებების კეთებით შემოიფარგლება. ამა თუ იმ საკითხში არ ერევა და ამბობს, რომ „მას არ ეხება“. მის მოსვლას დიდი ინტერესეით ველოდებით და მის წინაშე მწვავე საკითხებს დავსვამთ. მწვავე დისკუსია გაიმართება, მაგრამ საქართველოსთვის არ არის კარგი, როცა სახელმწიფოს მეთაური ბუტაფორიას წარმოადგენს“, - განუცხადა for.ge-ს კანდელაკმა, რომლის მსგავსად, გოკა გაბაშვილიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არაფერს ეკითხებიან.
კანონმდებელის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ყველა პროცესიდან გამორთულია.
„პრეზიდენტს არც არაფერს ეკითხებიან და რაც არ უნდა ჰკითხონ, იმაშიც არ ახედებენ. მაგალითად, უშიშროების საბჭოს პარალელურად, მას უსაფრთხოების საბჭო შეუქმნეს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა პროცესიდან გამორთულია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მისი მოსაზრებები მაინც საინტერესოა“, - განუცხადა for.ge-ს გაბაშვილმა, რომლის პათოსსაც პავლე კუბლაშვილი იზიარებს და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ელემენტარული მიმდინარე პროცესების კომენტატორიც აღარ არის.
კუბლაშვილის მოსაზრებით, რეალურად, ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტა, მარგველაშვილია.
„ამ ადამიანს უნდა მოვუსმინოთ, თუ როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ უფლებამსოლებაზე. ის ნეიტრალურია, განზე გამდგარია და ცდილობს, არ გამოჩნდეს. რას ფიქრობს და რა უნდა, უნდა დავინახოთ. კონსტიტუციით, პრეზიდენტს როგორც მთავარსარდალს და საგარეო ვექტორის წარმმართველ ფიგურას ბევრი უფლებამოსილება აქვს, მაგრამ რეალურად, ვინც პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტა, მარგველაშვილია, რადგან მისი არჩევის შემდეგ, საქართველომ პრეზიდენტი დაკარგა. რატომ დაასუსტა? - მარგველაშვილს ავტორიტეტი თავის გუნდშიც კი არ აქვს“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.
ოპონენტებისგან განსხვავებით, უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს გაწონასწორებული ფსიქიკის ადამიანი მართავს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე მოქმედებს და მის ფარგლებს არ სცდება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პრეზიდენტი აღარ ეყოლება.
„დარბაზში ისეთი ფსიქოზი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო და არც ისეთი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელიც მიტინგებს არბევდა, არჩევნებს აყალბებდა, ოპონენტებს შეურაცხყოფას აყენებდა და ტალახში დაზელვით ემუქრებოდა, ასევე სახელმწიფო სახსრებს თავის ფავორიტებს ახმარდა. გემახსოვრებათ, სააკაშვილი ხაჩიძესთან ერთად დუბაიში რომ იყო. კარგი იყო დუბაი და მზე? საცურაო კოსტიუმში სააკაშვილთნ ერთად ტანტალი, ხაჩიძევ, კარგი იყო? მარგველაშვილზე ის ადამიანი საუბრობს, რომელსაც სამინისტრო ისე გაუყიდეს, რომ არ იცოდა და ამ დროს დოლზე დაკვრით იყო დაკავებული. უხერხემლო ხაჩიძისგან ამგვარი მოსაზრება, სასაცილოა. ხაჩიძე უნდა შეეგუოს იმას, რომ ქვეყანას შეზოფრენიკი არ მართავს. მას ეტყობა, ის დრო ენატრება, როცა სააკაშვილთან ერთად ტობავარჩხილისკენ დაყიალობდა და აქტიური ეკოტურისტები იყვნენ“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლას ინტერესით ელოდება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
კანონმდებელის პროგნოზით, გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენება სხვადასხვა ფაქტორის გამო, განსხვავებული იქნება.
„პრეზიდენტის მოსვლას დიდი ინტერესით ველოდებით. ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება და იქედან გამომდინარე, რომ წინამორბედისგან განსხვავებული ფენომენია გიორგი მარგველაშვილი, ანგარიში საინტერესო იქნება. მისი რიტორიკა, ხედვა, საკითხების აღქმა და მომავლის გეგმა განსხვავებული იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს სხვა უფლებამოსილება აქვს“, - განუცხადა for.ge-ს ეკა ბესელიამ.
ზუსტი თარიღი თუ როდის ეწვევა გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს, ეს ცნობილი მომავალი კვირის ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გახდება, სადაც პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობის ფორმატიც დაზუსტდება.
მართალია, გიორგი მარგველაშვილი 2013 წლის ანგარიშს წარადგენს, მაგრამ 2012 წლის ანგარიში დეპუტატებს გასული წლის თებერვალშიც არ მოუსმენიათ. მიხეილ სააკაშვილს უწყებაში მისვლის უფლება უმრავლესობამ არ მისცა და ულტიმატუმი წაუყენა - საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირა. ნაციონალებმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას მხარი კი დაუჭირეს, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 8 თებერვალს ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა.