ბევრ ჩინოვნიკს ჯიბეებს შეუთხელებენ

ბევრ ჩინოვნიკს ჯიბეებს შეუთხელებენ

პრემიერ–მინისტრმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან მოითხოვა პასუხი, რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო შპს–ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი. პრემიერი გამოვიდა ინიციატივით, დროულად მოხდეს ხელფასის საკითხისადმი რაციონალური მიდგომა და სწრაფად აღმოიფხვრას წლების განმავლობაში არსებული მანკიერი დამოკიდებულება. საკითხის შესწავლა შესაბამის უწყებებს უკვე დაევალათ, რომლებმაც პირველადი დოკუმენტი უკვე წარადგინეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, სახელმწიფო შპს-ებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილის ხელმძღვანელებს, ხშირ შემთხვევაში, მინისტრებზე მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ.

„პრემიერის დავალების შესაბამისად, დაზუსტდება კიდევ ცალკეული დეტალები, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყება ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სსიპ-ებისა და სახელმწიფო შპს-ების ფინანსები საჯარო ფინანსების შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რაციონალური მართვა, რათა ეკონომიის შედეგად წარმოქმნილი თანხები სახელმწიფომ სხვა მიმრთულებით გამოიყენოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეკონომიკის ექსპერტები თვლიან, რომ პრემიერმა სწორი, თუმცა დაგვიანებული გადაწტვეტილება მიიღო. მათივე განმარტებით, ეს სფერო, ზოგადად ფინანსების თვალსაზრისით, სახელმწიფო კონტროლიდან იყო გასული. ეკონომიკის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ ხელფასებს შორის ჰარმონია დაცული უნდა იყოს.

„პრემიერი არაა ვალდებული, რომ რაღაცა პარამეტრები დაასახელოს. მან გასცა დავალება და ფინანსთა სამინისტრომ უნდა მოამზადოს წინადადება. რამხელა იქნება ეკონომია, ვერ გეტყვით, რომ სადმე რამე საკითხში გადამჭრელი როლი მიიღოს. უბრალოდ, ეს არის მორალურად და ზნეობრივად სწორი ნაბიჯი“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე თვლის, რომ პრემიერის მხრიდან ამ საკითხის დასმა ძალიან კარგია. მისი თქმით, ერთის მხრივ ხელისუფლება ცდილობს თანხების გარკვეული ოპტიმიზაცია მოახდინოს, მეორეს მხრივ სისტემა შედეგზე ორიენტირებული გახადოს, რაც მისი თქმით სწორი გათვლაა.

„ეს თემა პოლიტიკურად მოტივირებული იყო სწორედ წინა ხელისფუფლების დროს, როცა ამ სიპებში და მარეგულირებებში თანამდებობზე პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა ადამიანების დანიშვნა. მმართველი პოლიტიკური ელიტა სწორედ მაღალი ხელფასით და მაღალი პრემიით იხდიდა გარკვეულ საზღაურს მათი ერთგულების სანაცვლოდ. ამ თანამდებობაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირები ინიშნებოდნენ, რომლებსაც გარკვეული წვლილი ჰქონდათ შეტანილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარმატებაში“, - ამბობს კალანდაძე.

მისივე თქმით, ეს იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, როცა სახელმწიფო სიპის და სახელმწიფოს ქოლგის ქვეშ მყოფი სტრუქტურის მაღალი თანამდებობის პირებს გაცილებით მეტი ჰქონდათ და აქვთ ხელფასი, ვიდრე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

„არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეკონომიური თვალსაზრისით ეს იყო არასწორი მიდგომა. სიპის ხელმძღვანელი თავისი დატვირთიდან გამოდინარე, ვერც კი გაუტოლდება მინისტრის პასუხიმგებლობას და დატვირთვას. შესაბისად, ეს საკითხი იყო გადასახედი. მეტსაც გეტყვით, დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიგვიანა კიდეც, ეს საკითხი ადრე უნდა დასმულიყო.

ერთი მხრივ არის წმინდა მორალისტური მიდგომა. მეორე მხრივ, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ყოვლად გაუმართლებელი, ვინაიდან პოლიტიკურად მოტივირებული ხელფასები ჰქონდათ დანიშნული. ეს იყო გარკვეული საზღაური კეთილგანწყობის, ერთგულების და მხარდაჭერის სანაცვლოდ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან კალანდაძე.

„ამ ორგანიზაციებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჩვეულებრივი ხელფასი, რომელიც არაფრით არაა გამორჩეული. ვერ გავიგე, გვინდა ჩვენ სახელმწიფო საქმე ვაკეთებინოთ ადამიანებს და 150-250 ლარი დავუნიშნოთ ხელფასი, რომ ვინმეს ვასიამოვნოთ? - ასე არ გამოვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ, რომლის განცხადებით, უნდა იყოს კონკრეტიკა, რომელ ორგანიზაციაზე, ან ორგანიზაციებზეა საუბარი.

„მთავარი ის არაა, რომ პოპულისტური მიზნით ავდგეთ და ხალხს ხელფასები მოვაკლოთ. არამედ უნდა ვიფიქროთ ეკონომიკის განვითარებაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საგნობრივად რომ ვისაუბროთ, საუბარი უნდა იყოს კონკრეტულ ორგანიზაციებზე და კონკრეტულად საუბარი უნდა იყოს ხელფასებზე.

ის, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა, ეს იყო საშინელი დიფერენციაცია ორგანიზაციებსა და სამინისტროებს შიგნით. როდესაც გატარებული იყო წითელი ხაზი და ამის ზემოთ ადამიანებს განსხვავებული ხელფასები ჰქონდათ, თითქმის 10-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა ამ ხაზის ქვემოთ მდებარე თანამშრომლებს. ეს არის სწორედ ცუდი მიდგომა და პრინციპში, დიფერენციაცია ასეთი მკვეთრი არ უნდა იყოს. მაგრამ, ამ კონკრეტულ საკითხზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერჯერობით არ ვიცით რომელი ორგანიზაციები ჰქონდა პრემიერს მხედველობაში“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.