პარლამენტი „საარჩევნო კოდექსის“ განხილვას იწყებს. იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე პოლიტიკურ ძალებში აზრთა სხვადასხვაობაა, უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ განხილვების დროს ინიციატივაში შესწორებები შევიდეს.
ხანგძლივი კამათისა და მსჯელობის შემდეგ, საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება უკვე მოხდა, თუმცა, მასში ოპოზიციის რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული, რაც გულისხმობს მერებისა და გამგებლების ასარჩევად 50%-იანი ბარიერის დაწესებას, ასევე მრავალმანდატიანი ოლქებისა და საკრებულოებში მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების თანაფარდობის წესის შეცვლას.
მმართველი გუნდის წარმოდგენილი პროექტით კი, თვითმმართველი ქალაქის მერისა და თვითმმართველი თემის გამგებელის არჩევა პირდაპირი წესით 4 წლის ვადით მოხდება, მაგრამ გამგებლის ასარჩევად 33 პროცენტიანი ბარიერი წესდება, ხოლო მერის - 40 პროცენტიანი.
ამასთან, პროექტით, თვითმმართველი თემის საკრებულოს პროპორციული წესით ასარჩევ წევრთა რაოდენობა 10-დან 15-მდე იზრდება და უმრავლესობის შეფასებით, აღნიშნული ნორმა საარჩევნო ბარიერის შემცირებას იწვევს, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური წარმომადგენლობების გაზრდას თვითმართველობებში.
ასევე, კანონპროექტით, მუნიციპალიტეტების საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ბარიერი 4 პროცენტამდე მცირდება და ის თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის დადგენილ ბარიერს უთანაბრდება.
გარდა ამისა, ცვლილებებით, ამომრჩეველთა გაორების გამორიცხვის მიზნით, საარჩევნო სიების დაზუსტება მოხდება სახელმწიფო სერვისების განვითარების მონაცემთა ბაზაში არსებულ პირთა ფოტოსურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანით.
პროექტში გათვალისწინებულია არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციაც და მომავალში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმირებისთვის და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიზნით, საარჩევნო უბნების ადაპტაცია მოხდება და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო დებატები სურდო-თარგმანით იქნება უზრუნველყოფილი.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივით, ბეჭედზე ნაკვეთურის გაკეთების ვალდებულება უქმდება, რის გამოც, პროექტის ავტორების მოსაზრებით, კენჭისყრის პროცედურა გამარტივდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი და დაფინანსებაზე 30 პროცენტიანი დანამატის მიღების ნორმა კონკრეტდება. პაკეტით, პარტია 30 პროცენტიან დანამატს მიიღებს არა ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზე, არამედ საბაზო დაფინანსებაზე, რომელიც წელიწადში 300 000 ლარით განისაზღვრება.
აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით გათვალისწინებულია სარეკლამო რგოლების განთავსების ვალდებულებებიც. კერძოდ, ინიციატივით, ტელევიზიები, რომლებიც საკუთარ ეთერში წინასაარჩევნო რეკლამას განათავსებენ, ვალდებულნი არიან, მათი მომსახურების ზონაში, უსასყიდლოდ და არადიკრიმინალიულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური სუბიექტის საარჩევნო რეკლამა.
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელში შემავალი სუბიექტები ვალდებულები არიან პოლიტიკური პარტიების რეკლამა უსასყიდლოდ განათავსონ ერთ საათში 60 წამის განმავლობაში.
პარლამენტში აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მომავალ სასესიო კვირას დაიწყება და გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა არასაპარლამენტო ოპოზიციისა და უმცირესობის მოთხოვნებს, ამის პროგნოზი რთულია, რადგან გასულ კვირას, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ „დედამიწაზე სრული ბედნიერება არ არსებობს და შესაბამისად, ყველა წინადადების გაზიარება ვერ მოხდება“.