„კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტ ზურაბიშვილში გაიღვიძებს პატრიოტიზმი და არ მოეჭიდება სკამს, რადგან ისეთი წინაპრები ჰყავდა, წესით, არ უნდა ესწავლებოდეს პატრიოტიზმი“

„კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტ ზურაბიშვილში გაიღვიძებს პატრიოტიზმი და არ მოეჭიდება სკამს, რადგან ისეთი წინაპრები ჰყავდა, წესით, არ უნდა ესწავლებოდეს პატრიოტიზმი“

ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29 დეკემბრის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი, თავისი სიმბოლიკით, დატვირთვით და თქვენ გემსახურებით, -აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ამ გაურკვეველი ნათქვამით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შესაძლოა, პროგრესირებს, იქნებ, გადააფასა თავისი დესტრუქციული როლი მთელ ამ პროცესებში და ახლა აპირებს, 29 დეკემბერს ათონელის რეზიდენციიდან კი არ გაიყვანონ, არამედ უპრობლემოდ თავადვე დატოვოს სასახლე.

მართალია, პრეზიდენტმა არ იცის, სად იქნება 29-ის მერე, თუმცა იცის, რომ ვერ შეაშინებენ და ვერ ააგდებენ. ისიც იცის, რომ ხალხისგან დასაცავი არ გახდება, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერი ძალიან მარტივია.

რა ამოძრავებს ზურაბიშვილს, ამის გაშიფვრას ცდილობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავლებიც. საფრანგეთში ქართული სახლის დამფუძნებელი რამაზ პაპუაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების არაღიარებით და მიტინგების მხარდაჭერით საქართველოს იმიჯსა და დემოკრატიას დარტყმა მიაყენა.

საფრანგეთში დაბადებულმა და განათლებამიღებულმა ზურაბიშვილმა, რომელიც აირჩიეს იმის გამო, რომ ის საქართველოს დახმარებოდა, საკუთარ ფუნქციას უღალატა. მისი პირადი ამბიციებით და ამპარტავნებით მან საქართველოს დემოკრატიას და და იმიჯს საზღვარგარეთ დარტყმა მიაყენა. ეს დემონსტრაციები, რომელსაც კანონიერი მიზნები არ აქვს, ურტყამენ ეკონომიკას და ქართულ ოჯახებს, - ამბობს რამაზ პაპუაშვილი და მოუწოდებს ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე აღიაროს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოსთხოვოს ოპოზიციას ვალდებულების შესრულება პარლამენტში.

ქართული სახლის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი გეგმავდა პრეზიდენტის პოსტის დატოვებას და პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ამისთვის ის საფრანგეთში, სადაც მისი ქალიშვილი ერთ-ერთ რადიოში, ხოლო მისი ვაჟი ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროში მუშაობს, მხარდაჭერას ეძებდა. საფრანგეთსა და ევროპაში ვიზიტებისას კი ამბობდა, რომ ერთადერთია, რომელსაც პრორუსულ ხელისუფლებასთან გამკლავება და საქართველოს ევროპისკენ შემობრუნება შეეძლო.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ მარშისთვის ემზადებიან ზურაბიშვილის რეზიდენციაში და 29 დეკემბერს დამაგვირგვინებელი აქცია-რეპეტიცია შედგება.

მთავარსარდალი-ქაჯუნა, სოლისტი გედები-ხაზარაძე, ჯაფარიძე, გვარამია, გახარია! კორდებალეტი-ბარიერგადალახული გედების დასი! ქორეოგრაფი-მაიკლ როთი!- წერს გოგა ხაინდრავა.

რას აპირებს პრეზიდენტი 29 დეკემბრის შემდეგ, ამის შესახებ საუბარი უჭრს ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს, თუმცა for ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ნებით უნდა დატოვოს ათონელის რეზიდენცია.

რას აპირებს პრეზიდენტი, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრი ის არის, რომ მან ეს სასახლე უნდა დატოვოს. ლეგიტიმაცია არ არის მიბმული ადგილმდებარეობასთან. ზურაბიშვილი იქნება ათონელის სასახლეში, თუ სხვაგან, თუკი იგი თვლის, რომ თავად არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მას შეუძლია სხვაგან გააგრძელოს ეს საქმიანობა და არა ათონელის სასახლეში. იქიდან გამოუსვლელობა სახიფათოა, რამდენადაც ამას შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პროტესტი და ძალის გამოყენება, რაც ხელისუფლებას ძალიან უნდა. არის მეორე ვარიანტიც, რომელიც შესაძლოა, უკეთესი იყოს, კი ბატონო, გააგრძელოს ათონელის სასახლეში ყოფნა, მაგრამ თუკი მის გამოსაყვანად მივლენ და ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ზურაბიშვილი გამოასახლოს, მან არ გაუწიოს წინააღმდეგობა და, მით უმეტეს, არ მოუხმოს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას საკუთარი თავის, ანუ პრეზიდენტის დასაცავად, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ანალიტიკოსის აზრით, ახლა მთავარი ამოცანაა, ზურაბიშვილმაც და პროტესტანტებმაც თავი აარიდონ ხელისუფლებასთან ძალისმიერ დაპირისპირებას. ეს დღეს არავის არაფერში არ სჭირდება.

რაც შეეხება საქართველოში მის დარჩენა-არდარჩენას, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ცალსახაა, პრეზიდენტი საქართველოში უნდა დარჩეს და აქ უნდა გააგრძელოს საქმიანობა, იქნება ეს ათონელის სასახლე, თუ ამ სასახლის გვერდით ოფისის დაქირავება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ მასაც ანალოგიური განცდა გაუჩნდა პრეზიდენტის ნათქვამთან დაკავშირებით: „ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები, რაც ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი არ უნდა აპირებდეს წინააღმდეგობის გაწევას და ათონელის რეზიდენციის მოვლენათა ეპიცენტრად გადაქცევას.

ცხადია, თვითონაც იმპულსური ადამიანია პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მაგრამ რომ წარმოიდგენდა, რა მოხდება მისი გაჯიუტების შემთხვევაში, ალბათ, არ უნდა იმ როლში იყოს, რა როლიც ემუქრება, თუკი არ გამოვა ათონელის სასახლიდან. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც არ წავა იმაზე, ხელებსა და ფეხებში ჩაკიდონ ხელი, ძალით გამოიყვანონ იმ სასახლიდან, სავარაუდოდ, რაღაც სხვა ალტერნატიული ვარიანტების მოძიება დაიწყება, მაგრამ ისევ და ისევ მოუწესრიგებელი ქვეყნის იერი გვექნება ამ ელემენტითაც, თუ პრეზიდენტი ცივილიზებულად არ დატოვებს სასახლეს. თუკი ქალბატონ ზურაბიშვილში გაიღვიძებს პატრიოტიზმი, რომ ქვეყნის შერცხვენაა, როცა ადამიანი არ იცავს კანონს და ეჭიდება სკამს, კარგი იქნება, რადგან ისეთი წინაპრები ჰყავდა ზურაბიშვილს, წესით, პატრიოტიზმი ჩვენგან არ უნდა ესწავლებოდეს, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.