ოპოზიციურ სპექტრში ახალი ინიციატივა გაჩნდა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. თუმცა, როგორც კონსტიტუციონალისტების ნაწილი აცხადებს, არსებულ ვითარებაში პრეზიდენტს სამართლებრივად ამის უფლება არ აქვს - მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტს ნდობა არ აქვს გამოცხადებული. მისი შეფასებით, დღესდღეობით, სალომე ზურაბიშვილს სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ არჩევნები დანიშნოს.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტს ასე, უბრალოდ მომინდა და არჩევნებს დავნიშნავ, ამის უფლება არ აქვს. პრეზიდენტი არჩევნებს ნიშნავს კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობებში, მაგალითად, როდესაც პარლამენტი ვერ ქმნის მთავრობას, ანუ არ უცხადებენ ნდობას მთავრობას არჩევნების გამართვის შემდეგ, ამასთან, თუ მთავრობა ითხოვს პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას, თუმცა პარლამენტი არ უცხადებს ნდობას და ვერც ახალ მთავრობას ქმნის - ეს ის შემთხვევებია, როდესაც პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, რომ დანიშვნოს რიგგარეშე არჩევნები.
არჩევნების დანიშვნას უნდა მოჰყვეს არჩევნების ჩატარება - უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ გაიმართოს არჩევნები, რასაც სჭირდება უამრავი ადამიანი, სტრუქტურა, დაფინანსება და ა.შ. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ პრეზიდენტმა დანიშნა არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეასრულებს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას?! - ცხადია არა! ამიტომ, ნებისმიერ მოქმედებას უნდა ჰქონდეს გამართლება, უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს“, - განგვიცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილისგან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება არის მოსალოდნელი, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. თუმცა, მისი შეფასებით, ამას რაიმე შედეგი არ მოჰყვება.
„კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა - ეს შესაძლებელია თუკი პარლამენტი გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია კონსტიტუციიდან არის გასული და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ვფიქრობ, ამას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
თუკი ზურაბიშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში დარჩა, ეს მისთვის იქნება მომაკვდინებელი, თუმცა ამაზე ის უკვე არ ფიქრობს. ზურაბიშვილს ისიც ვერ წარმოუდგენია, რომ ეს ძალები, რომლებიც დღეს თითქოს მის გვერდში დგანან, მას შარშანდელი თოვლივით მოისვრიან და გაანულებენ“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან საუბარში.
აღნიშნული ინიციატივით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია გამოვიდა. პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
„სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს. დღეს რომ პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ, ეს სამართლიანია, იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩანს. მაგრამ პოლიტიკოსები ბევრი საქმით არიან დაკავებულები და ყველაფერი არ ჩანს. სამაგიეროდ, შედეგებს ვხედავთ, მათ შორის სანქციების, არაღიარების და ა.შ. სახით. თუმცა საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის, რაც არსებობს და რაც კიდევ იქნება მიღებული, სახალხო პროტესტია, რადგან ძალაუფლება ხალხისაა და მას ეს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს. ხალხი ამ ძალაუფლებას იბრუნებს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ აუცილებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ან ამის მხარდაჭერა ჩვენი, როგორც მოქალაქეების მხრიდან, საკმარისია.
ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ამ წუთას ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია. ჩემთვის ერთი რამ ნათელია და ჩემი პირადი პოზიციაა - პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამაზე ვხედავ რეაქციას „ქართული ოცნების“, რომელიც აცხადებს, რომ ამის გამო ყველას დაიჭერს. „ქართული ოცნების“ რეაქციები ცხადყოფს, რისი ეშინიათ მათ რეალურად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.