ოპოზიცია ათონელის სასახლეში, უკვე მერამდენედ, ბრძოლის ახალი მეთოდის შემუშავებას ცდილობს და „4-დღიან“ პერზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მსჯელობს როგორ და რა ფორმით არის შესაძლებელი „ქართულ ოცნებას“ ახალი არჩევნები დაანიშნინონ. „ქართული ქარტიის“ და „ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნის შემდეგ, ახლა რიგშია „პრეზიდენტის საბჭო“, რომელსაც ზურაბიშვილის განმარტებით, არჩევნების ჩატარების მანდატი უნდა ჰქონდეს. თუმცა, როგორ შეძლებს 29 დეკემბრის შემდეგ ზურაბიშვილი რაიმეს გადაწყვეტას ან რა უფლებამოსილებით, გაუგებერია. როგორც ჩანს, არ ფიქრობს, რომ 29 დეკემბერს მას პრეზიდენტის მანდატიც კი აღარ ექნება.
ათონელის სასახლეში 24 დეკემბერს ოპოზიციასთან მიმდინარე შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა, თუმცა იქიდან გამოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ თქვეს, რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ და როგორ აპირებენ აიძულონ „ოცნება“, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.
უცნობის ისიც, საერთოდ, რაში სჭირდება ოპოზიციას არჩევნების ხელახლა ჩატარება? როგორ და ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები, ან რა გარანტია აქვს ოპოზიციას, რომ ახლა მაინც მოახერხებს გამარჯვებას და ხელისუფლებაში მოსვლას? თუ ისევ ვერ გაიმარჯვეს, რა ხდება ამის შემდეგ - აღიარებენ თუ ისევ პროტესტის გზას დაადგებიან?
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკური პარტიები, არამედ სალომე ზურაბიშვილი იღებს.
„გადაწყვეტილება, არჩევნები როდის და როგორ იქნება ჩატარებული, რთული საკითხია. ჩვენ, ამ მხრივ მკაფიო გადაწყვეტილებები გვჭირდება. პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ჩვენი, როგორც მოქალაქეების, არის საკმარისი, ან ამის მხარდაჭერა არის საკმარისი. ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ამ წუთას ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია. ჩემი პირადი პოზიციაა - პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები“, - ამბობს ნიკა გვარამია.
გიორგი ვაშაძის თქმით კი მსჯელობა ახალ არჩევნების ჩატარების საკითხს შეეხება.
„დღეს მოსაზრებებს გავუზიარებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს - რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, როდესაც დაინიშნება ამ არჩევნების თარიღი. ჩვენ გავცვალეთ აზრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოდელი თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ჩვენ ამის სამართლებრივი დასაბუთებაც გვაქვს“, - აღნიშნა ვაშაძემ.
თბილის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები და კონსულტაციები შეაფასა. მისი განმარტებით, ოპოზიცია დამარცხებისთვის არის განწირული და ისინი უბრალოდ „მთავრობანას“ თამაშობენ.
კალაძის განმარტებით, ოპოზიციის ქმედებები დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილებაა და სხვა არაფერი.
„რასაც ვხედავთ დღევანდელი მოცემულობით, ეს არის დამარცხებული ადამიანების სასოწარკვეთილება. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, არჩევნები იყო მრავალპარტიული, თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა კამპანია ეწარმოებინათ, თუმცა არ აწარმოეს და რატომ - ეს გაუგებარია. ყველაზე მთავარი, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში მისულიყვნენ და გაეკეთებინათ არჩევანი. ეს დასკვნის სახით დადო ეუთო/ოდირმა. ახლა რასაც ვისმენთ, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მას უნდა კიდევ უფრო დაამძიმოს და გააფუჭოს სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები განწირულები არიან მარცხისთვის, რა საბჭოებზეა საუბარი, უბრალოდ, ერთმანეთში რაღაც „მთავრობანას“ თამაშობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით იმდენად არამომგებიანი სვლაა, რეალურად, თავად რაში სჭირდება ოპოზიციას, გაუგებარია.
„არ ვიცი, მგონია, რომ ოპოზიციას საერთოდ რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული და ითხოვს იმას, რაც, დიდი ალბათობით, მათთვის არ უნდა იყოს მომგებიანი. ჯერ ერთი, რატომ არიან დარწმუნებულები, რომ სულ იდიალურად რომ ჩატარდეს არჩევნები, გაიმარჯვებენ და პოლიტიკურ ველზე მხოლოდ თავად დარჩებიან? ანუ „ოცნების“ ამდენი მხარდამჭერი ამ ახალი არჩევნების დროს არ მივა? პირიქით, იქნება სულაც უფრო მეტი ხალხის მობილიზება მოხდეს და იმის შიშით, რომ ნაციონალები არ მობრუნდნენ, იმაზე ბევრი ხალხი მივიდეს „ოცნების“ მხარდასაჭერად, ვიდრე 26 ოქტომბერს იყო მისული. ყველა კვლევების მიხედვით, რომელსაც თავადაც ატარებდნენ, ხომ კარგად იცის ოპოზიციამ, რომ მათ არ ჰქონდათ მეტი ხმების აღების შანსი?! ახლა რა შეიცვალა ისეთი, რომ ამ მიღებულ შედეგს რადიკალურად შეცვლიან? მოსახლეობას ოპოზიციის, ამ მოცემულობით, მიუღებლობა აქვს. საქმე კი იმაშია, რომ ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიცია არ უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს. ამიტომაც არის, რომ ამ წლების განმავლობაში მათ ვერც ერთ არჩევნებზე ვერ გაიმარჯვეს. ოპოზიცია სწორედ აქ ცდება, როცა ჰგონია, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი უნდათ, ან მისი ფული აინტერესებთ და ამიტომ უჭერენ მხარს. საქმე იმაშია, რომ ბევრ მათგანს ოპოზიცია არ უნდა, მათი მიუღებლობა აქვს. ამიტომ არსებობს ასევე ოპოზიციისთვის იმის რისკიც, რომ თუკი ხელახალი არჩევნები დაინიშნა, მაშინ ოპოზიციურ ველზე სრულიად ახალი ძალა გამოჩნდეს, რომელიც მათ ჩაძირავს. ამიტომ ეს ამოჩემებული არჩევნების დანიშვნა მათ რას მოუტანს, ამის ანალიზსაც ვერ აკეთებენ“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, „ოცნებას“ აქვს ვალდებულება, რომ იმ ხალხის ხმები და პოზიციები დაიცვას, ვინც მათ ხმა მისცა. ასეთი კი მილიონნახევრამდე ადამიანია. თუკი მმართველი გუნდი საკუთარი მხარდამჭერების ინტერესებს უგულებელყოფს და მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერების ინტერესს გაითვალისწინებს, ეს ხომ თავად „ოცნებას“ აზიანებს?! ამდენად საყვარელიძე ფიქრობს, რომ არჩევნების ხელახალი დანიშვნა, წესით, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნდა აწყობდეს.
„ოპოზიცია ფიქრობს, რადგან ზურაბიშვილი ისევ პერზიდენტის სტატუსის მატარებელია, მას დასავლეთში უსმენენ და ის არის ფიგურა, რომელსაც მათი ნაპირზე გაყვანა შეუძლია. თუმცა ზუსტად აქ ცდებიან, რადგან ზურაბიშვილს შესაძლოა, დასავლეთში უსმენენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილში არანაირი მხარდაჭერა არა აქვს. ამიტომ მხოლოდ დასავლეთის იმედად დარჩენილმა ოპოზიციამ, რომლის სათავეშიც პრეზიდენტია, რომელსაც, ასევე, სულ რამდენიმე დღე დარჩა ამ პოსტზე ყოფნის, მართლა წარმოუდგენელია რამეს მიაღწიოს. ფაქტი ერთია, რომ „ოცნება“ ამ დიდ დარტყმებს იგერიებს. ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას და ელოდება პროცესების კვანძის გახსნას. ეს კვანძი კი იანვრისთვის გაიხსნება. ტრამპის მოსვლის ყველაზე მეტად ოპოზიციას ეშინია, რაც თავად აღიარეს. ამიტომ ეს კვირეები იქნება საკმაოდ რთული და ეს ოპოზიციამაც კარგად იცის. ამდენად, მათი სიჩქარე და ქაოსური მოქმედება გასაგებია“, - ამბობს საყვარელიძე.