ახალი თავისტკივილი ჩრდილოეთიდან

ახალი თავისტკივილი ჩრდილოეთიდან

ოლიმპიადის პარალელურად, პუტინი საქართველოს მიმართ „დამთბარია“. გიორგი მარგველაშვილის სურვილის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა სოჭის ოლიმპიადის მედიაცენტრში გააკეთა.

რუსეთის პირველი პირი ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობას, რუსულ-ქართული ურთიერთობის დარეგულირების საკითხში, წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და მოხარულია, რომ საქართველოს ნაკრები სოჭის ოლიმპიადას ეწვია. იგი თვლის, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ოლიმპიური თამაშები ქართულ-რუსული ურთიერთობის დარეგულირებას ხელს შეუწყობს, რაც ადრე რთულად წარმოსადგენი იყო.

ოლიმპიადის გახსნის დღეს საქართველოს რუკაზე ნაჩვენები ნისლის შესახებ კი ჩრდილოელი მეზობელი აცხადებს, „რა სისულელეა, არ არის საჭირო რაიმეს გამოგონება უსაფუძვლოდ. ოლიმპიური თამაშები გვეხმარება საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაში. მე მოხარული ვარ ამის და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს. ისინი ყოველთვის კარგად ასპარეზობენ ზაფხულის ოლიმპიადებზე, განსაკუთრებით, ორთაბრძოლებში“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ მის საყვარელ სპორტულ სახეობაში, ძიუდოში საქართველოს გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია.

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილი აპირებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეპლიკა „სერიოზულად გააანალიზოს“. მით უფრო, თუკი არის შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის შეხვედრამ პოზიტიური იმპულსი მისცეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ამდენად, ქართული მხარე გაივლის კონსულტაციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, დასავლელ კოლეგებთან.

პუტინის შეთავაზება უცნაურია იმ ფონზე, როცა ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთი საქართველოსთვის „მოიცლის“. თუმცა აღმოჩნდა, რომ პუტინის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის შემდეგაც თბილისიდან სოჭში რეგულარული ავიარეისები იმოქმედებს.

რას ნიშნავს პუტინის შეთავაზება და ხომ არ აღმოჩნდება ეს სატყუარა ქართული მხარისთვის? უნდა დათანხმდეს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოელი მეზობლის წინადადებას? ამის შესახებ ექსპერტები და პოლიტიკოსები გვესაუბრებიან.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ შეხვედრა არ უნდა შედგეს სოჭში, რადგან მოკლე პერიოდში მისი მომზადება რთული იქნება და შეხვედრა შეხვედრისთვის ჩაივლის.

„შესაძლოა, პუტინს სწორედ ეს უნდოდეს, რომ სოჭში გაიმართოს შეხვედრა, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს არ უნდა მიიღოს. შეხვედრა უნდა მომზადდეს დიპლომატიური არხებით, მით უფრო, გვყავს პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. შესაძლოა, პუტინის მხრიდან ჩვენი პრეზიდენტის მიპატიჟების ასე ღიად დაფიქსირება ერთგვარი შენიღბვაც იყოს და პუტინს სულ სხვა რამ ჰქონდეს გათვლილი სამომავლოდ, მაგრამ არც შეხვედრაზე არ უნდა ვთქვათ უარი და არც ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან ასეთი პოლიტიკა უკვე 25 წელია, საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ პუტინთან ვიზიტისას უნდა დაისვას ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ცხადია, პირველივე შეხვედრა წარმატებული ვერ იქნება, მაგრამ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გადმოწევა შეიძლება შეჩერდეს.

რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს - არგონავტების მითის გაყალბებას, ხინკლის, ხაჭაპურისა და ჩურჩხელის რუსულ დელიკატესად გამოცხადებას, ექსპერტი ეჭვობს, რომ მსოფლიო საზოგადობა იმდენად გაუცნობიერებელი იყოს ამ საკითხებში, რომ ეს ყველაფერი რუსეთს მიაწეროს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პუტინის ასეთ შეთავაზებას ელოდა, რადგან ამას წინ უძღოდა ლუჟკოვის განცხადება იმის თაობაზე, რომ გამორიცხული არ იყო ასეთი დონის შეხვედრა.

„მაიკლ კორლეონე რომ გავიხსენოთ, ეს ისეთი შეთავაზებაა, რომლის უარყოფა ცოტა სარისკოა, ვინაიდან პუტინი, როგორც ყველა ჩეკისტი, წყენას დიდხანს იმახსოვრებს. მეტიც, საერთოდ არ ივიწყებს და, რასაკვირველია, ჩვენს უარს პირად შეურაცხყოფად მიიღებს. პუტინთან შეხვედრა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური არხებით. თუ შესაძლებლობა იქნება, უნდა მოვსინჯოთ, რას აპირებს პუტინი და ურთიერთობის დარეგულირებაში რას გულისხმობს. თუ პუტინს კრეატიული წინადადება აქვს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსეთმაც სახე შეინარჩუნოს, მაშინ შეხვედრას აზრი აქვს. მაგრამ ამ შეხვედრას სჭირდება ძალზე დიდი პოლიტიკური გამბედაობა, რაც ჩვენს პრეზიდენტს არ გააჩნია. მარგველაშვილი არ არის ის პიროვნება, ანგარიში არ გაუწიოს საზოგადოებას, არაფრად ჩააგდოს უკვე მოგვიანებით „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული შეურაცხყოფის ნიაღვარი. თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ოდნავი შანსი თუ არსებობს, მისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მესმის, რომ არაპოპულარულ რამეს ვამბობ და შეიძლება, რუსეთის აგენტიც მიწოდონ, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, თვლის, რომ გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი უნდა წამოჭრას, თორემ, ისე უბრალოდ ჩავიდეს რუსეთში და რუსი სპორტსმენების ოქროს მედლები მიულოცოს პუტინს, ხოლო ჩვენი სპორტსმენების მე-20 ადგილი იზეიმოს, ეს დაუშვებელია.

პოლიტოლოგის აზრით, კარასინ-აბაშიძის დუეტი შეიძლება კიდევ 40 წელს გაგრძელდეს და ყველაზე დიდი, რასაც შეიძლება მივაღწიოთ, თვითმფრინავების ფრენა და ვიზების გამარტივება იყოს. ამიტომ, თუ პუტინის მხრიდან ეს დიპლომატიური გარღვევაა, მაშინ კონკრეტული გეგმით უნდა ჩავიდეთ რუსეთში.

„პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია, მაგრამ, როგორც ამერიკელები ამბობენ, რა ეღირება ეს ყველაფერი - დაცინვა, აბუჩად აგდება, ათი კილომეტრით საზღვრის გადმოწევა? ოლიმპიადის დახურვამდე კიდევ დიდი დროა, ქართულ დიპლომატიას იმის დრო აქვს, თავისი არხებით ზონდაჟი ჩაატაროს. ეს არის დიპლომატიური ხელოვნება და არა ის, რომ მარტო ევროპაში, სტრასბურგსა და ვაშინგტონში იარონ და კამერების წინ ხელი ჩამოართვან სახელმწიფო მდივნებს, ეს ყველას შეუძლია. არ არის გამორიცხული, პუტინმა საბაბი ნახოს, რომ ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით სახე შეინარჩუნოს, რადგან თვითონ რუსეთის ბიუჯეტსაც უჭირს. იქნებ, პუტინსაც სურს ნობელის პრემიის მიღება. ეს მშვენიერი შანსია, თუ საქართველო იტყვის, რომ აღდგა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

„ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსეთის მხრიდან პოზიტიურ ნაბიჯებს არ ელის. უბრალოდ, ფიქრობს, რომ უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ რუსეთი კარგავს პოზიციებს და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა მოჩვენებითი იმედი მისცეს სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს და ამით შეინარჩუნოს გავლენის სფეროები.

გიორგი ვაშაძის აზრით, მნიშვნელოვანია, რა პერიოდში გვთავაზობს პუტინი შეხვედრას. თუ ეს ოლიმპიადის მიმდინარეობას ემთხვევა, მაშინ მარგველაშვილი პუტინს არ უნდა შეხვდეს.

„ნებისმიერ შეხვედრას სჭირდება მომზადება. ამიტომ კარგი მომზადება სჭირდება ქართულ მხარესაც. საერთოდ, ვფიქრობ, რუსეთში ჩასვლა მიზანშეწონილი არ არის, სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ ჩვენთან კომენტირებისას.