პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მისი თქმით, ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვერ იქნება წარმოდგენილი, რადგან 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს გააკეთებს.
„მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი „ბევრი რამ“ 29 დეკემბრამდე არ მოხდება, „დიფ სთეითი“ საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. შესაბამისად, ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულს გამოეხმაურა ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი და კობახიძის განცხადებას მუქარა უწოდა. ამასთან, ის ირაკლი კობახიძეს მისი სიტყვების უკან გახმობისკენ მოუწოდებს:
„მინდა შევახსენო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. პირდაპირი მუქარა, რომელიც მან დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გააკეთა, რომ დააპატიმრებენ, როდესაც 29 დეკემბერს მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, მიუღებელია, ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, გაიხმოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროსაბჭოს პრინციპებს, რომელსაც პატივი უნდა სცეს“, - წერს თეოდოროს რუსოპულოსი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ამბობს, რომ ის ნაკლებად ელოდება „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რადგან ამას დასავლეთის მხრიდან ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვება. მისი შეფასებით, დღეს სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი დაბალია და ის ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს არა, მაგრამ დანარჩენ შემადგენლობას ნამდილად მთელი სიმკაცრით დასჯიან. ზურაბიშვილის სახელით უსიამოვნებები ნაკლებად არის მოსალოდნელი - ის არ არის ისეთი პოპულარული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, რომ მის გარშემო ხალხი დაირაზმოს. ასეთი მომენტი ჰქონდა ცხოვრებაში პირველად, როდესაც საჯარო პოლიტიკაში გამოჩნდა - მაშინ სააკაშვილის წინააღმდეგ გაილარაშქრა და იპოდრომი გავსებული იყო, თუმცა ამის შემდეგ მან ლიდერობა ვეღარ შეძლო. თავის დროზე, „ოცნებას“ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მოგება ქალბატონი სალომეს მხარეს ყოფილიყო, რადგან არ არის პოპულარული. შესაბამისად, ასეთი ფიგურა ხალხის მხარდაჭერას საიმისოდ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირების თემად იქცეს, მგონია, რომ ვერ მოახერხებს.
იმ სცენარით, რაც, წესით, უნდა იყოს ამ შემთხვევაში, რომ შევიდნენ ძალოვნები და გამოიყვანონ ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან დაინტერესებული, რადგან ატეხავენ ყვირილს შემდეგ ამის თაობაზე, რას უშვრებიან პრეზიდენტს. ისედაც მუქარაზე გაჩნდა რეაქციები, უკან წაიღე მუქარაო. რომ დაინახონ კადრი იმისა, რომ პატრულს უკავია პრეზიდენტი და გამოაქვთ სასახლიდან, უცხოელები სულ გადაირევიან. ამიტომ, მეეჭვება ასეთ ნაბიჯებზე წავიდნენ. უფრო მარტივია, რომ ახალ პრეზიდენტს, ყაველაშვილს რაღაც სხვა შენობის კარი გაუღონ და იქ შეუშვან, ვიდრე უკეთესი დრო არ დადგება“, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მას ვერ შეაშინებენ და 29 დეკემბრის შემდეგაც იქ იქნება, სადაც დღეს არის:
„ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ და ვთქვა, აბა, რა. მეორე მხრივ, ძალიან მადლობელი ვარ, მესმის საზოგადოებისგან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებისგან, დავიცავთ პრეზიდენტსო, მაგრამ დასაცავიც არ ვარ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ყველაფერი ძალიან ნათელია. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არეულობა არავის უნდა.
„არც მეშინია და ვნახოთ, სად ვიქნები, როგორ ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი, ყველას მსახური, თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ნათელია. ყველაფერი ძალიან მარტივია. მინდა, ხაზი გავუსვა აუცილებლად, რომ არავის ამ ქვეყანაში არ უნდა არეულობა. ხელისუფლების, უფრო სწორად მმართველი პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად, ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ეს, გუშინაც, ალბათ, იმედი ჰქონდათ, ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.