როგორ და რა ფორმით მოქმედებს სანქციები დასავლეთიდან, როგორც „ქართული ოცნების“ დასჯის მექანიზმი, რომელსაც დასავლეთი უკვე ხელისუფლების წიანააღმდეგ 2023 წლიდან იყენებს? აქვს თუ არა სანქციებს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რა მნიშვნელობას ანიჭებს მას დასავლეთი? მიუხედავად იმისა, რომ სანქცირებულთა სიაში „ოცნების“ პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები არიან, ამ სიაში ჯერჯერობით არ არის „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს და 20 იანვრამდე, სანამ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება, შესაძლებელია თუ არა სანქციების ახალი პაკეტი ვიხილოთ, სადაც ივანიშვილის სახელიც იქნება მითითებული?
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია და აქედან გამომდინარე, დარწმუნებულია, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება, თეორიულად, ფიქრობდეს სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც პირიქით, უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს.
ამიტომ 20 დეკემბერს კობახიძემ შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციამ და დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირეს, ვიცე-პრემიერად დანიშნა.
პირველი სანქციები
სანქციებით ხელისუფლების დასჯა 2023 წლის აპრილში დაიწყო, როცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს; შემდეგი სანქციები 2023 წლის სექტემბერში მოხდა, როცა სანქციები ოთარ ფარცხალაძეს შეეხო.
2024 წლის ივნისი, სავიზო შეზღუდვები
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აშშ-მ სავიზო აკრძალვები დაუწესა, სადაც საუბარია საქართველოს ათობით მოქალაქეზე - 20-დან 30-მდე პირზე. ადრესატებად დასახელდნენ: „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები, კერძო პირები, ასევე, მათი ოჯახის წევრები, თუმცა კონკრეტული ადამიანების გვარები არ დასახელებულა.
2024 წლის სექტემბერი - სავიზო შეზღუდვები და მაგნიტსკის სია
16 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. სავიზო შეზღუდვები შეეხოთ მათ ოჯახებსაც. გვარები არც ამჯერად დასახელებულა.
ამავე დღეს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს [ხარებას], მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს.
2024 წლის დეკემბერი - ისევ სავიზო შეზღუდვები
12 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების მორიგი გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოს 20-მდე მოქალაქის, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. გვარები, როგორც ადრე, არც ამჯერად დასახელებულა.
2024 წლის დეკემბერი - ევროკავშირის სანქციები, შეზღუდვები
16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გასატარებელ ზომებზე იმსჯელეს და დაადგინეს - უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
2024 წლის დეკემბერი - ბალტიის ქვეყნების პერსონალური სანქციები
15 დეკემბერს ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დაუწესა 17 ადამიანს. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები: ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სანქციები დასავლეთისთვის ერთ-ერთი ზეწოლის მექანიზმია, რომელსაც ეფექტური სახე რომ არა აქვს და არ მუშაობს, რუსეთის მაგალითზე გამოჩნდა. თუმცა კითხვაზე - რატომ არ ახდენს დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირებას, არეშიძე ამბობს, რომ დასავლელ მეგობრებთან ეს კითხვა არაერთხელ დაუსვამს, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ მიუღია.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც რამდენიმე ვერსია და პასუხი შეიძლება გავცეთ. პირველ რიგში, შესაძლოა, მიზეზი, რის გამოც ჯერჯერობით, დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისგან თავს იკავებს, არის ის, რომ მას აძლევს თითქოს შესაძლებლობას, რომ დათმობაზე წავიდეს. ამით ცდილობენ, აჩვენონ, რომ აი, შენამდეც მოვალთ, ჯერ კიდევ გაქვს რაღაცა დრო, რომ „აზრზე მოხვიდე“. არსებობს მეორე ვერსიაც - იციან ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენები, კონტაქტები დასავლეთში და შესაძლოა, სანქციების გამო უჩივლოს. ანუ, უფრო მეტი მტკიცებულებები სჭირდებათ იმისთვის, რომ მისი დასანქცირება არგუმენტირებული იყოს და ასე ხელაღებით მის სანქცირებას ვერ ბედავენ.
ეს არის შანტაჟის ერთგვარი ფორმა, რომელსაც ფაქტია, ივანიშვილი არ დაემორჩილება. ალბათ, მაინც ელიან, რომ რაღაცა დათმობაზე წავა, შეეშინდება და თუნდაც ხელახალ არჩევნებს დანიშნავს. ესეც კიდევ საკითხავია, როგორ მოხდება, ვინ ჩაატარებს, როდის დაინიშნება და ა.შ. ანუ გამოვა მაშინ, რომ ისევ ერთიდაიგივე ძალებს შორის მოხდება არჩევნების დროს მეტოქეობა და ასეთი არჩევნების დანიშვნას რა აზრი აქვს? მე მაინც ვფიქრობ, რომ მთელს მსოფლიოში ვხედავთ ძალიან არამდგრადი სიტუაციაა შექმნილი. ყველა ელოდება ტრამპს და მის ინაუგურაციას. მსგავი რამ მთელს მსოფლიოში არ მახსენდება, რომ მსოფლიო ელოდებოდეს ერთ კაცს და მის გადაწყვეტილებებს. ჩვენთან დაკავშირებითაც ასე ხდება. ამიტომ მგონია, სანქციების თემა აღარ არის იმ ეფექტის მატარებელი, რამაც გავლენა უნდა მოახდინოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, მით უმეტეს ჩვენი მოსახლეობა ამას შეეჩვია და არ აქვს არანაირი რეაქცია“, - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, ყველა კარგად ხვდება, რომ დასავლეთის ერთი ჯგუფი ზის და ამ სანქციებზე მუშაობს, ხოლო მეორე ჯგუფი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას და მოლაპარკებას. ამის ნათელ მაგალითად კი არეშიძე ევროსაბჭოს გენმდივნის ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს და ასევე, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ზარს ივანიშვილთან. ამიტომ კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ სანქციების პოლიტიკა არ არის იმ შედეგის მომტანი, როგორიც დასავლეთს და იმ პოლიტიკურ წრეებს სურთ, რომლებიც ამ სიებს ადგენენ.
„ხომ ძალიან ნათლად და ღიად ჩანს, რომ დასავლეთი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი სანქციებს აწესებს, მეორე კი მოლაპარაკებას ცდილობს. მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიციის მოქმედებები და განცხადებები იმდენად აბსურდი და წარმოუდგენელია, რეალურად, რისი მიღწევა უნდათ, ალბათ, დასავლეთშიც ვეღარ ხვდებიან. კი ბატონო, დაუწესეს სანქციები ძალოვან სტურქტურების წარმომადგენლებს, მერე? რა მოხდება ამით? - არაფერი, რადგან იანვრის შემდეგ მსოფლიო მიიღებს სრულიად სხვა რეალობას.
ტრამპმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ ლგბტ თემასთან დაკავშიერბით და სქესის შეცვლის საკითხზე მოზარდებთან მიმართებაში პოლიტიკას რადიკალურად შეცვლის. ანუ გამოდის, რომ ჩვენი დეპუტატები დასავლეთმა სწორედ ამ კანონის გამო დაასანქცირა. ასევე, ტრამპი და ილონ მასკი ღიად საუბრობენ გამჭვირვალობის და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გადახედვაზე. მეორე კანონი ხომ მიიღო ზუსტად „ოცნებამ“ ამაზე, რის გამოც ასევე დაასანქცირეს ჩვენი დეპუტატები. ამიტომ ფაქტია, რომ ამ სანქციებს მხოლოდ ოპოზიციური მედიებისთვის და მათი ამომრჩევლისთვის შიდა მოხმარების სახე მიეცა. ამიტომ ვამბობ, რომ იანვრამდე კიდევ რა სახის სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, მას არა აქვს ძალა და მხოლოდ დროებითია“,-აცხადებს არეშიძე.
ანალიტიკოსი ურჩევს ბარიკადებს მიღმა მდგომ ახალგაზრდებს, რომ შექმნან საკუთარი პოლიტიკური პარტია, რათა მათი ნაციონალებისგან დისტანცირება მოხდეს. არეშიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლის ინეტრესების გათვალისწინებაც არ ხდება და არც ზურაბიშვილი აკეთებს მათზე აქცენტს, არასდროს დაუშვებს, რომ ხელისუფლებაში ისევ ნაციონალები დაბრუნდნენ. ამიტომ სჯობს, ეს ახალგაზრდები საზოგადოებამ ცალკე მდგომებად დაინახოს, რომ მათი გულწრფელობის დაიჯეროს.
„მართლა მიხარია ერთი რამის და ეს არის ის ფაქტი, რომ გაჩნდა დღეს ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც საქართველოს ბედით და მომავლით დაინტერესებულები არიან. ეს არის ძალიან კარგი და მე მათ მოვუწოდებ, რომ დროზე შექმნან პოლიტიკური მოძრაობა, პარტია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელიც ამ აქციებს, მათ მოქმედებას შორიდან უყურებს და სკეპტიციზმი აქვთ, დაიჯერონ. არ არსებობს, რა სანქციებიც არ უნდა დაუწესონ საქართველოს, ხალხი ნაციონალებს უკან არ დააბრუნებს. ერთ რამეს დაზუსტებით ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირობებში არჩევნები არ დაინიშნება. შესაძლოა, მერე იყოს რაღაც, მაგრამ არა ზურაბიშვილის თაოსნობით. ამიტომ ამ ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ დროზე მიიღონ გადაწყვეტილებები“, - ამბობს არეშიძე.