სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ კომპრომისული ვარიანტი არ იქნა მიღწეული, არის მეორე ვარიანტიც - „მივალთ არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის - ეს რეჟიმი თავისით იშლება“. „რეჟიმს“ ჩამოშლის იმედად მყოფი ზურაბიშვილი პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ელოდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ერთად მოიფიქრონ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. საინტერესო დეტალია ისიც, რომ აუცილებლად არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე. ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.
„შეიქმნება საბჭო იმისათვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ უკვე მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომელიც არის მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები და, ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოკლედ, ზურაბიშვილს მართლაც ჰგონია, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუია ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ულტიმატუმით ესაუბროს მმართველ გუნდს, რომელსაც ლეგიტიმაცია საქართველოს მოსახლეობის მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა მისცა. თავისთავად აქ მნიშვნელოვანია რას ეფუძნება ზურაბიშვილის ტონალობა და რეალურად ვის გეგმებს ახმოვანებს ამბოხებული ზურაბიშვილი, რომელიც უდავოა, რომ სათავეში უდგას საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას.
გავრცელებული ინფორმაციით, რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რისი უფლებაც ზურაბიშვილს არ აქვს, მაგრამ როგორც ირკვევა, ოპოზიციას მისცა პირობა, რომ დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს, ასევე დაპირდა, რომ იზრუნებდა არჩევნების არალეგიტიმაციისთვის და ამ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტის დახმარებით შეძლებდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამ საკითხების მოგვარებისთვის პრეზიდენტმა „ლელოს“ ლიდერისგან საკმოად სოლიდური თანხაც მიიღო. მოკლედ, პირობა ასეთი იყო - რადიკალური ოპოზიცია უზრუნველყოფდა უწყვეტ ქუჩის აქციებს, ხოლო ზურაბიშვილი იმუშავებდა საგარეო ფრონტზე. ზურაბიშვილს კონსულტაციები ჰქონდა ასევე ძებნილ დავით კეზერაშვილთან, რომელიც აფინანსებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ზურაბიშვილმა ვერ უზრუნველყო საერთაშორისო იზოლაცია, მათ შორის ლეგიტიმაციის საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. 22 დეკემბერი იყო ერთგვარი პიკი, როდესაც რადიკალებმა უზრუნველყვეს რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვნა იმ იმედით, რომ სალომე ზურაბიშვილი დანიშნავდა ვადამდელ არჩევნებს, რაც არ გააკეთა და ოპოზიციას შეუთვალა, რომ ამით კანონს დაარღვევდა. ზურაბიშვილის ამ განცხადებიდან ცოტა ხანში ორბელიანების სასახლეში ესტუმრა კეზერაშვილის ცოლის ძმა, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც ზურაბიშვილისგან ითხოვდა პასუხს რატომ არ პასუხობდა ძებნილი დავით კეზერაშვილის სატელეფონო ზარს. როგორც ირკვევა, ჩიქოვანმა პრეზიდენტს განკითხვის დღე მოუწყო: „მორჩა შენი ტყუილების მოსმენა; ვეღარ დაგვაბოლებ; რისთვის აიღე მილიონები?!“ როგორც ირკვევა, ზურაბიშვილი ოპოზიციას პირდებოდა, რომ მაკრონთან მოაგვარებდა სიტუაციას და დაანიშნინებდა არჩევნებს. მეტიც, მისი მხრიდან იყო პირობა, რომ ეუთო-ოდირის დასკვნა იქნებოდა მძიმე, რაც აიძულებდა ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნას, რისთვისაც მან დამატებით თანხა მოითხოვა ე.წ. ლობისტებისთვის. საუბარია საკმაოდ დიდ თანხაზე, რომელიც ამ ყველაფერში იქნა გადახდილი, უფრო სწორედ გადაყრილი, რადგან ზურაბიშვილმა ვერც ვერაფერი გააკეთა. სხვათა შორის, როგორც წყარო გვეუბნება, კეზერაშვილის გარდა, თანხა ზურაბიშვილს მამუკა ხაზარაძისგანაც აქვა აღებული. წარუმატებლობის შემთხევაში, კეზერაშვილიც და ხაზარაძეც ზურაბიშვილისგან თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.
მანამდე კი, ჩიქოვანმა ზურაბიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ გასულიყო აქციის მონაწილეებთან და გაეკეთებინა განცხადება ახალი არჩევნების დანიშვნის გზებთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილი, რომელიც ცდილობს აჩვენოს, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა, არ გამოსდის, რადგან ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო ცნობილი, რომ პრეზიდენტი რადიკალების დღის წესრიგით მოქმედებდა. მითი, რომ ქვეყანას ზურაბიშვილის სახით ჰყავს ლიდერი და უსასრულოდ ისურვებდნენ მას პრეზიდენტად, მალევე დაიმსხვრა.
ნიკა გვარამია არ იზიარებს ზურაბიშვილის შეთავაზებას და აცხადებს, რომ როგორ ინიშნება ახალი არჩევნები? - გადაწყვეტილებები უნდა იყოს მკვეთრი და მკაფიო, ბუნდოვანებას მე არ დავუჭერ მხარს. როგორც გვარამიამ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა იქნას მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილებები და არ უნდა იყოს ბუნდოვანება.
„მე ჩემს და ჩემი კოალიციის პოზიციას გეტყვით. ჩვენ მიგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი უკიდურესად დასუსტებულია, პრაქტიკულად, დელეგიტიმირებულია და ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები მიიღება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს აქ, საქართველოში და ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მკვეთრი და მკაფიო, ბუნდოვანებას მე არ დავუჭერ მხარს ასეთ ვითარებაში და არც სიტუაციურ ანალიზს, ეს არ არის აკადემიური კვლევა. სიტუაციური ანალიზი გვჭირდება იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და იმედია, ამ მიმართულებით არ დავაგვიანებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტის განცხადებას უერთდება გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, პარტია მზად არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით არჩევნების დღესა და კონკრეტულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს.
„არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. „ქართული ოცნება“ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არის თვითმარქვია ხელისუფლება და იმისთვის, რომ საქართველო კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნდეს, საჭირო და აუცილებელია, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ერთადერთ საკითხზე დისკუსიაში - როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და რა წესებსა და პირობებში. სრულად ვიზიარებთ ზურაბიშვილის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვადის ათვლა დაწყებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ კვირაში საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადება იყო მკაფიო, სერიოზული უფსკრულის პირას არის მისული სიტუაცია და განმუხტვის, გადაწყვეტის საშუალება არის ახალი არჩევნები.
„არჩევნები უნდა ჩავატაროთ გაზაფხულის უახლოეს თვეებში. ამ ქვეყანაში ყველა ვცხოვრობთ და ერთადერთი გამოსავალი ამ შექმნილი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და ყველა დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. თუ ოდნავ მაინც ვინმეს სინდისი აქვს შერჩენილი, ვინც დღეს ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალიან სერიოზული უფსკრულის პირას არის მისული სიტუაცია და ამის განმუხტვის, გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება არის ახალი არჩევნები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ 29 დეკემბრამდე „ქართული ოცნება“ ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია.
„თუ 29-მდე არ დაინიშნა შეხვედრა, ეს კიდევ უფრო ამწვავებს ქვეყანაში კრიზისს და, ბუნებრივია, კიდევ უფრო მწვავე იქნება შედეგები ქვეყნისთვის და, სავარაუდოდ, „ქართული ოცნებისთვისაც“, ამიტომ, მე ვეთანხმები, რომ შესაძლებელია, მართლა ჩამოიშალოს ის, იმიტომ რომ წნეხი დიდია ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. თუ 29 დეკემბრამდე „ქართული ოცნება“ ვერ მოიფიქრებს და კეთილგონიერებას ვერ გამოიჩენს, მე ვფიქრობ, ძალიან გაურთულდებათ სიტუაცია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მმართველ გუნდში იციან, რომ კულისებშიც სალომე ზურაბიშვილზე მძიმე ზეწოლაა, რათა ადგეს და გამოაცხადოს არჩევნები, რისი უფლებამოსილებაც იმიტომ არ აქვს, რომ ამის საფუძველი არ გააჩნია. „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს, რაც მათ შორის გამოიხატება სხვადასხვა მუხლებში, პირობითად: სამსახურებრივ უფლებამოსილებას გამოიყენებს ბოროტად, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეცდება საბოტაჟირებას და ა.შ. არაერთი კვალიფიკაციაა სისხლის სამართლის კოდექსში.
„ვიცით, კულისებშიც მასზე მძიმე ზეწოლაა, რათა ადგეს და გამოაცხადოს არჩევნები, რისი უფლებამოსილებაც იმიტომ არ აქვს, რომ ამის საფუძველი არ გააჩნია, ასეთს სჭირდება კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი. მისი ხელმოწერით ხდება პრეზიდენტის დანიშვნა. დანიშნოს ნიკა გვარამია ან თენგო. ასე თუ უნდა იკითხოს ვიღაცამ კანონი, მთავარსარდალიცაა და გამოიყვანოს ჯარი, ან პირდაპირ, რატომ წვალობს, მოაშოროს ეს მოცემულობები და ადგეს, ჯარი გამოიყვანოს, დანიშნოს პრემიერი, რად უნდა არჩევნები?! თუ ასე არაფერი არაფერს ნიშნავს კანონებსა და კონსტიტუციაში, დანიშნოს პრემიერი და ითამაშონ სახლობანა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, როდესაც ვიღაცა, ვიღაცას ულტიმატუმს უყენებს, მას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა და გავლენა, რომ ეს ულტიმატუმი შესრულდება. ანალიტიკოსის შეფასებით, საინტერესოა სალომე ზურაბიშვილს რა ბერკეტები გააჩნია იმისათვის, რომ აიძულოს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ წავიდეს მასთან მოლაპარაკებებზე იმისათვის, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები?
„არავითარი ბერკეტი არ გააჩნია გარდა იმ ეფემერული მხარდაჭერისა, რაც აქვს ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ამ დღეებში ხშირად ახსენებენ მის სახელს, მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მე მგონია, რომ აპირებენ 29 დეკემბრამდე აქ ჩამოსვლას. ხალხის ლეგიტიმაცია მას არ გააჩნია, აქვს ძალიან მცირე რაოდენობის მხარდაჭერა, რომლებიც მას მიტინგზე ეგზალტირებულად ესალმებოდა. სხვა ბერკეტი არ აქვს.
მეორე - ულტიმატიმს აბსოლუტურად გამოცლილი აქვს კონსტიტუციური საფუძველი. ასე, რიგგარე არჩევნები არ ინიშნება. საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი, რა შემთხვევაში ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. აქედან გამომდინარე, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ბოლო გასროლა, რაც დასჭირდა იმიტომ, რომ აჩვენებს დასავლეთს ის ჯერ კიდევ არის აქტიური. როგორც ჩანს, მისგან მოითხოვენ აქტიურ ნაბიჯებს. მათი შეძახილებით - „შენ ხარ ერთადერი ლეგიტიმური სტრუქტურა საქართველოში“ ეტყობა, ზურგს გრძნობს და ამის იმედად ცდილობს პოლიტიკურ ესკალაციებზე წავიდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი რეალური ძალა მისი ულტიმატუმის უკან არ დგას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
აბა ქვეყანა და ხალხი?
PS.ვისაც არ მოგწონთ საქართველო და ჩვენი ტრადიციები ეე ბატონო ხომაა ევროპა თქვენთვის ღია და დაახვიეთ...ისე არც რუსეთი გეტყვით უარს წინ ხიშტარია და ნაყოფია წაიმძღვარეთ...