"გიგი უგულავა ჯერ კიდევ თბილისის იმპერატორია"

"ყველაფერი გამოწვია იმან, რომ მერია საკრებულოს საქმის კურსში აღარ აყენებს. ჯერ კიდევ თბილისის იმპერატორია გიგი უგულავა. ჩვენი თვალით ვნახეთ, "თბილსერვისს" რამხელა მანიპულირების საშუალება ჰქონდა, გაფორმებული ჰყავდათ თავისი ახლობლები, მკვდარი სულები, წლების მანძილზე "თბილსერვისი" იყო დახურული და არ შემოწმებულა. ჩვენ ვფიქრობთ, შევიყვანოთ სარევიზიო კომისია და ეს თემა კარგად შევისწავლოთ", - აცხადებს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა საიდუმლო ბრძანებებს აძლევს უგულავა მერიასა და გამგებლებს?

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში გამოყოფილი აქვს უგულავას ოთახი და ყოველ საღამოს იქ იკრიბებიან ირაკლი აბესაძე, სევდია უგრეხელიძე, დათო ალავიძე, 8 გამგებელი, რომლებიც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები არიან. უგულავა მათ თათბირებს უტარებს. პირდაპირ ავალებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადგილობრივი არჩევნებისთვის ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები, რომ ის პროცენტები, რაც მათ უკვე დაგეგმილი აქვთ, არჩევნებზე აიღონ. ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე გამგეობა, საქალაქო სამსახურები, სადაც იკვეთებოდა აშკარა კორუფციის ფაქტები, უშუალოდ გამგებლების ინტერესები ამა თუ კომპანიებიდან...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ქავთარაძე და შეკითხვას", - "თქვენი ინფორმაციით, გიგი უგულავა კვლავ აპირებს მერის არჩევნებში მონაწილეობას?" - პასუხობს:

"რამდენადაც ვიცით, მერობის სურვილი აქვს გიორგი ვაშაძეს. იმასაც ამბობენ, რომ დაპირისპირებაა უგულავას ფრთასა და "ნაცების" ე.წ. ახალგახრდულ ფრთას შორის, სადაც ვაშაძეს შედის. ფაქტი კი ისაა, რომ ადმინისტრაციული რესურსები არის "ნაცმოძრაობის" ხელში და სამეურნეო თანამდებობებზე პოლიტიკურად დაინტერესებული ადამიანები სხედან. თბილისის გამგებლები დღეს პოლიტიკურად მოტივირებულები არიან - ყველა არის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე! ისინი პარტიული ნიშნით გასცემენ თანხებს. არსებობს ასეთი ინსტიტუტი - ამხანაგობების თავმჯდომარეები და ე.წ. მეთვალყურეები, კოორდინატორები, რომლებიც წარმოადგენენ პარტიულ აქტივს და ამათ ხელფასებზე გადარიცხულია ასობით ათასი ლარი, ხოლო როცა დახმარებისთვის სოციალურად გაჭირვებული ადამიანები მიდიან, უარით ისტუმრებენ, თითს საკრებულოსკენ იშვერენ და ამბობენ - ბიუჯეტი არ დაგვიმტკიცეს და ვერ დაგეხმარებითო. და ეს მაშინ, როცა არ არის პრობლემა, თანხები გამოყოფილია, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები დააფინანსონ".