გარჩევები საკრებულოში

გარჩევები საკრებულოში

„აღმოვჩნდი ქურდულ თავშეყრაზე, სადაც მთავარი ქურდის როლში იყო შიხიაშვილი და მან დამიწყო საქმის გარჩევა“, - ასე აფასებს გია ხუროშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილთან გამართულ შეხვედრას.

საბურთალოს რაიონის გამგებელი For.ge-სთან კომენტირებისას შეხვედრის დეტალებსაც იხსენებს, რომელზეც ის და სხვა გამგებლები იმყოფებოდნენ დედაქალაქის დაუმტკიცებელი ბიუჯეტის გამო, გამგეობისთვის შექმნილ პრობლემებზე სასაუბროდ. თუმცა ხუროშვილის მტკიცებით, შიხიაშვილი დაინტერესდა, თუ რა უფლებით ითხოვდნენ ისინი მის გადაყენებას.

„შიხიაშვილი არის მოდერნიზებული ყვარყვარე, რომელიც დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საზოგადოებას მიმართავს ყოველდღიურად, ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩემსას რომ დავასრულებო. ე.წ. ქურდულ „სხადნიაკზე“ აღმოვჩნდი, სადაც შიხიაშვილთან ერთად კიდევ რამდენიმე უნიჭო „სხადნიაკის“ წევრი იყო და მომიწია მის განცხადებებზე მწვავედ რეაგირება. შიხიაშვილმა დაიწყო პერსონალური საკითხების გარჩევა, თუ რატომ გავბედეთ და დავაყენეთ მისი გადადგომის საკითხი, როგორ მოვიხსენიეთ იგი. ის შორს არის საჯარო მოხელის ვალდებულებისგან, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ვერცერთ გადაწყვეტილებაზე. მას არ ეყო გონიერება, რომ ამ შეხვედრაზე პირდაპირ არ დამმუქრებოდა, რომ თუკი, არ შევწყვეტდი იმ განცხადებების გაკეთებას, რაც მის უუნარობას ეხებოდა, გამოიყენებდა სხვა მეთოდებს. ალბათ, სამართალდამცავი ორგანოები საკუთარი ხელის ბიჭები ჰგონია. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები მისი საქმიანობით დაინტერესდებიან, ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი და მისი პასუხისმგებლობა ნულის ტოლფასია“, - გვითხრა გია ხუროშვილმა.

ხუროშვილი მზადაა, პირადად შეხვდეს ირაკლი ღარიბაშვილს და მოახსენოს, თუ რა ხდება თვითმმართველობის კადრს მიღმა. მისი განცხადებით, ღარიბაშვილი მისი ქვეყნისა და პირადად მისი პრემიერ-მინისტრია. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი საბურთალოს რაიონის მაცხოვრებელია და თვითონ თუ არა, მისი ოჯახი მაინც ხედავს საბურთალოს გამგეობის მუშაობას.

„გაცილებით მაღალი წარმოდგენა მაქვს ღარიბაშვილის შინაგან პასუხისმგებლობაზე. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროვოკაცია მოაწყონ. მინდა ვკითხო შიხიაშვილს, როგორ ცხოვრობს ის და მისი ოჯახი ბიუჯეტის გარეშე?! როგორ უნდა იცხოვროს ბიუჯეტის გარეშე დედაქალაქის მოსახლეობამ?! ამიტომ შიხიაშვილმა უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა“.

კონკრეტულად, გია ხუროშვილი აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან საჯაროდ დაიწყებს საბურთალოს რაიონის ანგარიშის განხილვებს, სადაც მიწვეული იქნებიან არასამთავრობოები, ანგარიში დაეგზავნება დიმპლომატიურ კორპუსს და, თუკი შიხიაშვილის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა გადაიზრდება სისხლის სამართლებრივი მეთოდით ბრძოლის ფორმაში, ისინიც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე კი გია ხუროშვილი იმით დაკმაყოფილდა, რომ პროტესტის ნიშნად შიხიაშვილთან შეხვედრა დატოვა.

For.ge გლდანის რაიონის გამგებელს ნოდარ სანდუხაძესაც ესაუბრა. მან განმარტა, რომ ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრაზე პირად თემებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, ვიდრე ბიუჯეტის განხილვას. აქედან გამომდინარე, მას ეეჭვება, რომ საკრებულო ამჯერადაც არ აპირებს ბიუჯეტის მიღებას. ეს მაშინ, როცა ქალაქში იქმნება პრობლემები და ყოველი მომდევნო თვე უფრო და უფრო მძიმე იქნება.

„საუბარი დაიწყო პირადი ურთიერთობის გარჩევით, რაც ამ ფორმატისთვის შეუსაბამო იყო. თუ შიხიაშვილი სამართალამცავებით გვემუქრება, ვიტყვი, რომ ჩვენს გამგეობაში სამართალდამცავები უკვე შემოყვანილნი არიან - პროკურატურა, ფინანსური პოლიცია და ა.შ. მეტი სამართალდამცავი მე არ ვიცი. არც ის ვიცი, კიდევ ვის შემოყვანას აპირებს შიხიაშვილი, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. დღეისთვის ყველა საგამოძიებო უწყება აქტიურადაა ჩართული ჩვენი საბუთების შემოწმებაში, წერტილ-მძიმის დონემდე იკვლევენ ყველაფერს. უფრო მეტ სამართალდამცავთა შემოყვანა კი უკვე სპეცოპერაციის ჩატარებას ნიშნავს“, - აღნიშნა ნოდარ სანდუხაძემ.

თავის მხრივ, ამ ბრალდებების ადრესატი ირაკლი შიხიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი სურვილი იყო, გასაუბრებოდა გამგებლებს, თუ როგორ ახორციელებდნენ ისინი რაიონების მართვას და სადმე ხომ არ იყო აპოკალიფსური სიტუაცია. საბედნიეროდ, ეს საფრთხე არ დადასტურდა.

რაც შეეხება გია ხუროშვილის განცხადებას, რომ ირაკლი შიხიაშვილი მას დაემუქრა, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს. უფრო მეტიც, მისი თქმით, ცხრა გამგებელთან მისმა შეხვედრამ მშვიდობიან გარემოცვაში ჩაიარა. უბრალოდ, ირაკლი შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ მან, გია ხუროშვილის, ანუ „ნაცმოძრაობის“ ყოფილი საპარლამენტო მდივნის არაკომპეტენტურ ქმედებაზე გამოხატა მკაცრი შენიშვნა, რომელიც ძველი როლიდან ვერ გამოსულა.

საუბარია იმაზე, რომ საბურთალოს რაიონის გამგებელი 130 ათას ლარს პირადი სახელით ავრცელებს მოსახლეობაში სასაჩუქრე კალათების სახით, 178 ათას ლარს კი ტრენინგ-სემინარის ორგანიზებაში ხარჯავს და თავისი სახელის დემონსტრირებას ახდენს. ასევეა, 49 ათასი ლარის შემთხვევაშიც.

„შემიძლია, გაჩვენოთ ის ბარათი, სადაც ბიუჯეტიდან გაცემული თანხებით საჩუქრის გადაცემისას ხდება ხუროშვილის სახელის დემონსტრირება. ეს არ არის გამგებლის საქციელი. თავის პიარს არ უნდა ეწეოდეს გამგებელი. მე არ ვიცი, ხუროშვილის ფსიქიკა, რისი ეშინია და რისი არა, მაგრამ შენიშვნა თუ მისთვის მუქარაა, მაშინ შეიძლება, ასე დაუძახოს. ჩვენგან იყო კორექტული შენიშვნა, რომ გააკეთოს ის, რაც ევალება გამგებელს“, - აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.