აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის მოსვლის შემდეგ საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაში გადატვირთვის ახალი ეტაპი დაიწყო. ამის ნიშანია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს სტუმრობა საქართველოში, რომელმაც არ შეასრულა ოპოზიციის დაკვეთა და, მიხაელ როთის მსგავსად, არ ეწვია რუსთაველზე თავშეყრილ რადიკალებს, არ გაუგზავნა ოპოზიციას მესიჯები, რომ მათ გვერდითაა.
იგნორირებით დამცირებული რადიკალები სახტად დარჩნენ. ოპოზიციამ ევროსაბჭოს გენმდივანს თინა ბოკუჩავას პირით ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა, განმარტოს, რატომ ჩამოვიდა საქართველოში, თუკი არ მოინახულებდა ციხეში მყოფ ე.წ. პოლიტპატიმრებს.
ალენ ბერსე რადიკალების ნაწილმა იმით „დასაჯა“, რომ მასთან დაგეგმილი შეხვედრა პროტესტის ნიშნად ჩაშალეს, სამაგიეროდ, ალენ ბერსე მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და ეს მიღება მოასწავებს, რომ ნავსი გატეხილია. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, სხვა უცხოურ დელეგაციებსაც მიიღებს და მისი მისამართით აღარ იქნება კითხვები, როგორც ამ რამდენიმე თვის წინ, რატომ არ მიიღო მან ამერიკელი სენატორები, რომლებიც საქართველოს „ჭკუის სასწავლებლად“ იყვნენ ჩამოსულნი.
რა მესიჯი ჩამოიტანა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ და ეს იმავე მესიჯის გაგრძელება ხომ არ არის, რაც სულ ახლახანს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ გაკეთდა, რომელსაც ნახევრად ცარიელ დარბაზში შეხვდნენ ევროპარლამენტში?!
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველო-დასავლეთს შორის ახალი ეტაპი იწყება, ეს გარდაუვალია და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილიც აფრთხილებდა რადიკალებს.
„ადრინდელ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ჩვენს ოპოზიციას, „გაჩერდით, დაისვენეთ, კედელია თქვენს წინ და ნუ ურტყამთ ამ კედელს თავსო“. არ მოუსმინეს, ამიტომ განაგრძონ ასე და ურტყან და ურტყან კედელს თავი. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა 21 ოქტომბერს ძალიან კარგად თქვა ტელევიზიით გამოსვლისას, „ახალი ეტაპი დაიწყება არჩევნების შემდეგ, მე ვიცი, მნიშვნელოვანი სხვაობით მოიგებს „ქართული ოცნება“, ხოლო ამერიკაში, სავარაუდოდ, ტრამპი მოიგებს არჩევნებს და ამის შემდეგ გადაიტვირთება ურთიერთობები დასავლეთსა და საქართველოს შორის“. ეს ყველაფერი ახდა. ჩვენი ოპოზიცია კი ძალიან მიუხვედრელი ადამიანებისგან შედგება. ისინი ვერაფერს მიხვდნენ, როცა არჩევნებიდან მეორე დღეს საქართველოში ჩამოვიდა ორბანი, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპის შუაგულში ტრამპის წარმომადგენელია და იმავეს ლაპარაკობდა, რასაც ჩვენი ხელისუფლება. ორბანმა თქვა, „ევროპელებმა რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ჩვენ-ქართველებმა, უნგრელებმა და ამერიკელებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ“. უნგრელებს ახლა დაემატა სლოვაკეთი, ემატება ავსტრია, შოლცს თავზე ჩამოეშალა საკუთარი მთავრობა გერმანიაში, უმძიმეს დღეშია მაკრონი. ეს ნიშნავს თვისობრივად ახალი მსოფლიოს შექმნას, ახალი იალტა-პოტსდამის სისტემის შექმნას, ამ დროს ჩვენი ბოკუჩავები, ვაშაძეები, გირჩი ჯაფარები, ხოშტარიები შუა საუკუნეების იქით არიან ჩარჩენილები, ისინი მაკედონელამდე პერიოდში არიან“ - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეა, ამიერიდან ის უფრო ხშირად შეხვდება უცხოეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დასავლეთში ნამდვილად აქვს.
ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ იუველირული სიზუსტით გააკეთა მმართველმა ძალამ ყველაფერი და 300 ათასი ხმით მოიგო არჩევნები. საინტერესო ამბები განვითარდა არჩევნების დღეებში საქართველოში, ეს ოპოზიცია პირველ დღეებში ჩუმად იყო, ფიქრობდნენ, 300 ათასი ხმის შესახებ როგორ ვთქვათ, გაყალბდაო, მერე წამოიკნავლეს, გაყალბდაო, მერე კი თქვეს, ევროპის კარებს გვიკეტავენო, თუმცა ამაზე ხელისუფლებამ უპასუხა, გაგვიხსნან ევროპის კარები და იმ წუთში მოვაწერთ ხელსო.
„სადაც ხაზარაძის, მელიას, გვარამიასნაირები არიან, იქვე პოლიტიკური საფლავია გათხრილი. ახლა დაუკრან ტაში და შუაში ჩაიყენონ ჩვენი პრეზიდენტი“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს 46-ქვეყნიანი ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ლეგიტიმურ არჩევნებს და ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ხელახლა მოსულ „ქართულ ოცნებას“. აქ სხვადასხვა ინსინუაციები ტრაგიკომიკურია იმ რადიკალური პერსონაჟების მხრიდან, რომლებიც არათუ რამეს არ წარმოადგენენ ქართულ პოლიტიკაში, მათ საერთოდ არ აქვთ იმის შემეცნება, თუ რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში.
„დავაკვირდეთ თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით, გიორგი-ჭიჭე ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას, გირჩ ჯაფარიძეს, მათ არ შეუძლიათ თავიანთ ქვეყანაში რაიმეს წარმოადგენდნენ და ამ დროს თავიანთი მოკლე გონებრივი დიაპაზონით ვითომდა ამუნათებენ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ვითომ ამუნათებენ ეუთო-ოდირის დასკვნას, ამუნათებენ ერთ-ერთ ყველაზე წონად, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს. წარმოიდგინეთ, რომელიღაც გაუნათლებელმა ადამიანმა დაიწუნოს აკადემიკოსის მთელი ბიოგრაფია. ესაა კატასტროფა ნებისმიერი ქვეყნისთვის, როცა ასეთი აუტსაიდერები ჰონორით დადიან, პრეტენზიები აქვთ პოლიტიკასთან და, მით უმეტეს, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით“, - აცხადებს გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი მოელის, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო დინამიური გახდება 20 იანვრის შემდეგ. რასაკვირველია, ჭარბი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მაგრამ ის გაუგონარი და თავხედური წნეხი, რომელიც საქართველოსა და სუვერენიტეტის დამცველ სხვა ქვეყნებზეა, აუცილებლად გაქრება. ევროპა, რომელიც ისტორიულად არის აშშ-ის ე.წ. ფოსტის ვაგონი, შეცვლის საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოსთან მიმართებით. შეერთებულ შტატებს ჰეგემონიას დაუბრუნებს დონალდ ტრამპი, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო ურთიერთობების გადატვირთვაზე, ამერიკის სუვერენიტეტის, ამერიკის დომინანტობის განმტკიცებაზე. სასაცილოა იმ ევროპელების განცხადებები, რომლებმაც დღემდე ვერ შექმნეს ევროპული არმია, ენანებათ დამატებითი ფინანსების დახარჯვა ნატოსთვის და მათ აშშ-ის შეიარაღებული ძალები იცავენ. მათი განცხადებები სასაცილოა არა მარტო ქართველებისთვის, არამედ საღად მოაზროვნე გლობალური საზოგადოებისთვის.