„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფერმკრთალად მონათლულმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მთავარ პროკურატურას 20-ზე მეტი საქმე გადაუგზავნა. საქმე ეხება ცალკეული ხასიათის დარღვევებს, მათ შორის საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს, ასევე კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დარღვევას და სხვა მშენებლობების ნორმებისა და წესების დარღვევის საკითხებს.
როგორც მთავარ პროკურატურაში for.ge-ს განუცხადეს 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის განმავლობაში, სამინისტროდან მიღებული საქმეების გამოძიება დაწყებულია. გადაგზავნილი მასალები ორ ნაწილად გაიყო. ნაწილზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს, ხოლო ნაწილზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
უმცირესობა აცხადებს, რომ დავით ნარმანია თავის ფიგურას ზედემტად აფასებს, თუმცა ამის მიუხედავად, იმასაც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მათი სამიზნე არაა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას უუნაროს უწოდებს და აცხადებს, რომ უუნაროთა თავდაჯერებულობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.
„ქვეყნის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა. მიუხედავად ჩემი პიროვნული პოზიტიური განწყობისა, უუნაროა დავით ნარმანია, რომელმაც ერთი წლის მანძილზე მხოლოდ 700-ზე მეტი გზა დააგო. უუნაროა მთავრობა, როდესაც წყალტუბოს რეაბილიტაცია შეჩერებულია. უუნაროა ნარმანია და მთავრობა, რადგან ქუთაისში ორი კინიკლა მუშა მუშაობს. უუნაროა მთავრობა, რადგან ვერ ასაქმებს მოსახლეობას, უნარიანთა თავდაჯერებულობამ ბევრი პრობლემა შექმნა, უუნაროთა თავდაჯერებულობა კი ქვეყანას ჩამოშლის. ამიტომ ჯობია დროულად გონს მოეგოთ“, - აცხაებს გიორგი ვაშაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასთან დაკავშირებით დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. ნარმანიამ ყოველდღიურად იმ ფაქტების გახმაურება დაანონსა, რომელიც, მისი მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ დანაშაულებრივ პოლიტიკას გამოააშკარავებს.
ნარმანიას განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მისი პიროვნების დისკრედიტაციას ემსახურება. მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების საპასუხოდ მაგალითისთვის ის ციფრები მოიყვანა, რომელიც მისი სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.
„განცხადებები ემსახურება ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პირდაპირაა დაკავშირებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, ეს გამიზნულია ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისკენ. გამოვაქვეყნებთ ისეთ ფაქტებს, რომლიდან გამომდინარე, ენა უნდა ჩაიგდონ იმ ადამიანებმა, რომლებიც რიტორიკულად გველაპარაკებიან და უბან–უბან დადიან იმის დასამტკიცებლად, თითქოს, ჩვენ უნიათო ხელისუფლება ვართ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოაქვეყნა და სამართალდამცველ ორგანოებს გადაუგზავნა ფაქტები, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დანაშაულებებს ადასტურებს“, - აცხადებს ნარმანია.
მინისტრს მაგალითისთვის რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, თუ როგორ „აშენებდნენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნები ქვეყანას. მინისტრის განცხადებით, საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ თავის კუთვნილებაში არსებულ ბუფერულ ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთები კერძო კომპანიებს მიზერულ ფასად მიჰყიდა და შემდეგ უკან მაქსიმალური ფასით გამოისყიდა, რამაც ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა.
„წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები საბაზრო ფასებზე ორ და ზოგჯერ უფრო ძვირად ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს. მნიშვნელოვანი დარღვევებია გამოვლენილი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში. სახელმწიფო ამა თუ იმ ქალაქის რეაბილიტაციის საფარქვეშ ხელყოფდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამის ნათელი მაგალითებია თელავში, დართლოში, დავით გარეჯსა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ზონებში. ყველაზე მთავარი და უმძიმესი დანაშაული, რომელსაც სახელმწიფოს მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ, არის კონტრაქტორ კომპანიებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, რომელთა შესახებაც დღეს უკვე აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ.
ეს არაა კომპრომატების ომი. ჩვენ არც ვაპირებთ კომპრომატების ომს, უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ის რეალური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში“, - აცხადებს დავით ნარმანია.
რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ ყველა საეჭვო გადაწყვეტილება უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. კანონმდებელი აცხადებს, რომ თავდასხმის მცდელობა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატზე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მისივე განცხადებით, უმცირესობის მხრიდან მსგავსი განცხადება კიდევ ბევრი იქნება. თუმცა, როგორც ამბობს, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ამ ტიპის ჯგუფების არსებობასაც, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“.
„ნარმანია ნამდვილად არის კომპეტენტური ადამიანი. ძალიან მძიმე ვითარებაში უწევს მუშაობა და საკმაოდ კარგად იმუშავა. ასეთ პირობებში გამოამჟღავნა ძალიან სერიოზული კომპეტენცია, ბევრი იმ მიმართულებაში, რაც ახასიათებდა ზოგადად თვითმმართველობას. მთლიანობაში სამთავრობო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებდა ყოფილი ხელისუფლება, აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
არავითარი ეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფოს არ ჰქონდა, ეს იყო ბენდუქუძის იდეა, რომელიც სამთავრობო პლატფორმად იქცა წლების განმავლობაში. კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაც არჩევნებთან იყო მიბმული. ეს არ იყო შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. ნარმანიას პერიოდში სწორედ მოხდა, რომ ის იყო არა საარჩევნო მინისტრი, არამედ საქმიანი მინისტრი“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.