სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს ახალი წლის ღამეს ქუჩაში მასთან ერთად შეხვედრას სთავაზობს და „ახალი წლის საპროტესტო ღამეს“ აანონსებს.
„ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხვდეთ ერთად!“ - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ახალი წლის საპროტესტო ღამის“ ფეისბუქღონისძიების გვერდზე. პარლამენტის წინ დაანონსებულია შეკრება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან.
მანამდე, ზურაბიშვილს სტრასბურგში ვიზიტისას პოლონურ მედიასთან ჰქონდა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ საქართველოში დარჩენას აპირებს და არ სურს იმ პოლიტიკური ლიდერების ბედი გაიზიაროს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დატოვეს.
„მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა „არალეგიტიმური პარლამენტის“ მიერ არჩეული პრეზიდენტი არ უნდა აღიაროს. მისივე განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.
„ის, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ მინიმუმ, არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ.
თითქმის ყველა პარტნიორისგან, ერთი-ორის გარდა, ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ასე რომ, ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება ადეკვატური იყო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მმართველი გუნდის თქმით კი, ევროპარლამენტში ზურაბიშვილი ევროპას საყვედურობდა, რომ 3 მილიონ-ნახევრიანი ქვეყნის განადგურება როგორ არ შეუძლიათ. მათი აზრით, ამ სიტყვებით მან, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. ამიტომ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია და გასაკვრი არაფერია, თუკი ახალი წლის ღამეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას შეეცდება.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის“.
„ამ ყველაფერმა მე გამახსენა კოლექტიური ყორჩიხა-ხანები, რომლებიც საქართველოში იმისთვის მოდიოდნენ, რომ ქვეყანა აეოხრებინათ და ამისთვის მოჰყავდათ გარე ძალები. ეს არის მისი კონკრეტული სურვილი. თვითონ საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ აქ ააოხროს საქართველო და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის. უბრალოდ, თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოზე გული შესტკივა, ეს ასე არ არის. ის მზად არის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს პრეზიდენტის სკამი, საქართველოს აოხრებას და განადგურებას ხელი მოაწეროს - ამის აღიარებითი ჩვენება მან ევროპარლამენტში მისცა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ მთელი უბედურება ისაა, ამ პროცესში ზურაბიშვილს მკაფიოდ გაწერილი გზა, პროგრამა და გეგმა არა აქვს. მას ეჩვენება, რომ ზურაბიშვილი იმპულსურ განცახდებებს აკეთებს, რაც ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დაპირისპირების რისკებს აჩენს.
„ზურაბიშვილი რასაც ჩათვლის, რომ კარგად გაიჟღერებს, იმას ლაპარაკობს. რეალურად კი არ უფიქრდება მის ამ სიტყვებს რა შედეგი შესაძლოა მოჰყვეს. „ახალი წლის ღამეს, პრეზიდენტი ახალგაზრდებთან ერთად“ ჟღერს და ხამამაღალი განაცხადია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავადაც არ დაფიქრებულა, რომ ასეთ განცხადებას შესაძლოა, რაიმე უბედურება მოჰყვეს. ზურაბიშვილის მხრიდან ეს ხაზგასმით პოლიტიზირებული ნაბიჯია და აჩენს რისკს, რომ ახალი წლის ღამეს, როცა ძალიან აჟიტირებული, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები ქუჩაში გამოვლენ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ხომ ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დაპირისპირებულია უკვე ერთმანეთს. ხომ ხედავს ყველა, რომ „ოცნება“ მაქსიმალურად პრაგმატულად და დაფიქრებული მოქმედებს. ყველა ნაბიჯს ზომავენ და ისე დგამენ, რათა ქვეყანაში სიტუაცია არ აფეთქდეს. ზურაბიშვილი კი გამოდის, რომ 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ამ ნაღმის დადებას აპირებს. არავინ იცის არფხიზელ მდგომარეობაში მყოფი საზოგადება, რომელსაც პოლიტკურ პროცესებთან დაკავშირებით სრულიად რადიკალური დამოკიდებულება აქვს, რას იზამს. არსებობს ეს რისკები და ამის ხელის შეწყობა ამხელა პოლიტიკოსის და დიპლომატისგან მოსაწონი არ უნდა იყოს?“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, როცა ზურაბიშვილი ახალგაზრდების გვერდით აღმოჩნდება და პოლიტიკურ მხარეს ხაზს ნამდვილად გაუსვამს, იქ მეორე მხარეც იქნება და საეთოდ, მთელი თბილისის ახალგაზრდობაა ხოლმე მაგ დროს ქუჩაში გასული. ამიტომ ანალიტიკოსი შიშობს, რომ ქვეყანაში დაპირისპირების რისკები ჩნდება.
„მისი ეს განცახდება ნიშნავს ასევე იმას, რომ მას ქართულ პოლიტკურ საჭადრაკო დაფაზე ისევ თამაში უნდა. თუმცა ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, როგორც კი ეს სიტუაცია ჩაწყნარდება და ეს აუცილებლად მოხდება უკვე იანვრის ბოლოსთვის, რას აპირებს ზურაბიშვილი? კარგი, დაბრუნდა უკან საქართველოში და გააგრძელა უკვე ჩვეულებრივმა პოლიტიკოსმა აქტიურობა, რა იქნება მერე? ოპოზიცია, რომელიც ძალიან დაბნეულია, მას ლიდერად მაინც არ იყენებს, მიუხედავად მისი პრეზიდენტის სტატუსისა, ის უკვე სტატუსის გარეშე ოპოზიციას რამეში სჭირდება? ასევე არსებობს უკვე ამ საპროტესტო მუხტის მილევის დიდი ალბათობა ახალი წლის შემდეგ. ვიცით ქართველების ხასიათი, როგორ გვიყვარს ასეთი დღესასწაულები და პოლიტკური პროცესები კვდება. რაში სჭირდება ახლა ან დასავლეთს და ან ოპოზიციას ქვეყნის შიგნით სატატუსის არმქონე ზურაბიშვილი?
რაც შეეხება ათონელის სასახლეში დარჩენას, არ მგონია, რომ ის ამაზე წავიდეს, თმები გაიშალოს და არ გამოვიდეს. მან კარგად იცის, რომ მსგავსი რამ მასსვე დააზიანებს, როგორც პოლიტიკოსს. ამიტომ არც ახსენებს, რომ სასახლიდან არ გამოვალ და აქ დავრჩებიო. უფრო მგონია, რომ როგორც ვთქვი, მას არა აქვს არანარი გეგმა და გათვლა, ამიტომ მისი მოქმედებები უფრო იმპულსური და სიტუაციიდან გამომდინარეა. ამიტომ მგონია, რომ სასახლიდანაც გამოვა და სიტუაცია რომ მიწყნარდება, ქვეყნიდანაც წავა“, - ამბობს საყვარელიძე.