42 ამერიკელი კონგრესმენი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მომხრეა. კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და მიესალმნენ აშშ-ის ძალისხმევას, მიმდინარე წელს დაგეგმილ NATO-ს სამიტზე პრიორიტეტად გამოცხადდეს ალიანსის გაფართოების საკითხი.
„მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით. ჩვენ, ასევე, მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ რეგიონის სხვა ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბება და შემდგომში მათი ალიანსში გაწევრიანება“, - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.
ამერიკელი კონგრესმენების წერილს „სერიოზულ მხარდაჭერად“ აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. იგი საქართველოს მხარდამჭერი წერილის გამოქვეყნებას ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასა და მიუნჰენში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს უკავშირებს.
„ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ძალიან სოლიდური შემადგენლობა მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას NATO-ში, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენ ამაყი და კმაყოფილი ვართ, რომ ეს ხდება სწორედ ახლა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქართველო ბოლო ორი არჩევნების ჩატარების გათვალისწინებით NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით პროგრესს ნამდვილად იმსახურებს და, ამ თვალსაზრისით, კონგრესმენების მიიერ მომზადებულ მიმართვას მნიშვნელოვანს უწოდებს.
„მსგავსი წერილების ტრადიცია არსებობს, ეს ყოველთვის პოზიტიურ გავლენას ახდენდა და გარკვეულ როლს ქმნიდა NATO-ში გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისთვის. სამიტის წინ, სწორედ, ასეთი ფონის შექმნა მიმდინარეობს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, სამიტის დღის წესრიგში გაფართოების საკითხი იქნება თუ არა, მაგრამ სწორედ, ახლა უნდა იმუშაოს აქტიურად საქართველომ და მისმა მეგობრებმა, რომ დამსახურებული გადაწყვეტილების მიღებისთვის შესაბამისი ფონი შეიქმნას.
„ვფიქრობ „მიწოლა“ არის სწორი ტექნიკური ნაბიჯი და ეს ჩვენმა მეგობრებმა ამ მიმართვით გადადგეს. ამასთანავე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილები იქნება ჩვენი მთავრობის მხრიდან. უსიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის რამდენიმე მესიჯი. მან განაცხადა: „MAP-ი ახლა თუ არ იქნება, მერე იქნება“ - პრემიერმა ასეთი გულგრილი დამოკიდებულება NATO-ში ინტეგრაციის პროცესისი მიმართ არ უნდა გააჟღეროს. აბსოლუტურად კონცენტრირებული მესიჯები უნდა იყოს, რომ საქართველო ამას იმსახურებს. დიპლომატიურად უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები და მობილიზებულები ყველა მიმართულებით. თავისთავად, ამ რეზოლუციის მიღება ნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან გარკვეული დიპლომატიური მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კონგრესმენების მიმართვისგან კონკრეტულ შედეგს არ ელის და მას რიგით განცხადებას უწოდებს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოები ხშირად იღებენ და მეორე დღეს აღარავის ახსოვს.
„გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი ამგვარი მიმართვების, მხარდაჭერების, „მხრებზე ხელის დარტყმის“ ფასი. ამიტომ, ჩემთვის მთავარი არც მიმართვაა, არც რიტორიკა, ინიციატივის მხარდაჭერის საზომი არის მხოლოდ ერთი რამ - რეალური შედეგი. ამ მიმართვის რეალური შედეგი კი იქნება ნული. პრობლემა ძალზე მარტივია - ვიდრე რუსეთი მიიჩნევს, რომ მისთვის კავკასიაში NATO-ს შემოსვლა მიუღებელია, მანამდე ეს არ მოხდება. ამიტომ, ჩვენ NATO-ში შევალთ მხოლოდ მაშინ, როდესაც NATO ერთგვარი კულტურულ-გასართობი საზოგადოება იქნება, ანუ დაახლოებით ისეთი, როგორიცაა „იახტკლუბი“, „წითელი ჯვრის საზოგადოება“ ან კიდევ - რუსეთის შეცვლის შემთხვევაში“, - განუცხადა For.ge-ს სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგი ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს იხსენებს, რომელშიც NATO-ში ამერიკის ელჩი რუსეთს სტარტაეგიულ პარტნიორად მოიხსენიებს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ მუშაობა გრძელდება.
„როგორც კი დგება პრინციპული დაპირისპირების საკითხი, NATO ავტომატურ რეჟიმში იწყებს უკუსვლას. 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა განელებული დიდხანს არ ყოფილა. „კორფუს შეხვედრა“ რამდენიმე თვეში შედგა და შემდეგ NATO-მ განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ვერ ვიარსებებთო, ამიტომ ნატო-რუსეთის საბჭომაც განაახლა მუშაობა. NATO მშვენივრად იტანდა ამ საბჭოში ისეთ ჩამოყალიბებულ შოვინისტს, როგორიც იყო დიმიტრი რაგოზინი. რაგოზინი დღე და ღამე ლანძღვადა NATO-ს, NATO კი მორცხვად, თავის მართლების რეჟიმში იყო გადასული“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და აღნიშნავს, რომ საქართველოს NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით რუსეთს მკვეთრი და პრინციპული პოლიტიკა აქვს და ეს პრეზიდენტობის პერიოდში მედვედევმა არაერთხელ დაადასტურა, როცა ღიად განაცხადა, რომ აგვისტოს ომის მიზეზი საქართველოს NATO-ში სწრაფვა იყო.
ცინცაძის განმარტებით, ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანსაც არასწორად მიმართეს, რადგან NATO-სთან დაკავშირებით თანხმობა-უარს აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს.
„მიმართვის ადრესატი ცოტა შეეშალათ პატივცემულ კონგრესმენებს. ამ საკითხს წყვეტს პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი. ობამა დღეს საქართველოს გამო აუტკივარ თავს არ აიტკიებს. ჩვენ ღიად გვითხრა ჩვენმა პარლამენტმაც, რომ საქართველოს წინსვლა NATO-სკენ მხოლოდ რაღაც ფორმით გამოიხატება. მსგავსი კი უკვე მოხდა ბუქარეტის სამიტის შემდეგ, როდესაც გია ბარამიძე ჩამოვიდა და დაგვამშვიდა, MAP-ი არ მოგვცეს, მაგრამ MAP -ზე მეტი მოგვცესო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ MAP-ის მიღების საკითხი მხოლოდ კონგრესმენების მიმართვით არ წყდება, თუმცა ეს მიმართვა ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მეტ მხარდაჭერას უცხადებს.
„როცა ასეთი განცხადება კეთდება, ეს ნიშნავს, მინიმუმ იმას, რომ ამერიკისგან მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას მივიღებთ. ეს იქნება მეტი მხარდაჭერა ფინანსური და დიპლომატიური კუთხითაც და რუსეთი, ბუნებრივია, უფრო ფრთხილად მოეკიდება საქართველოს საკითხს“, - განაცხადა For.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
მისივე თქმით, აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების გამო, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა მეტად აღარ გამწვავდება და რუსეთი ამერიკის პოზიციას გაითვალისწინებს.
„რუსეთის მოლოდინის მიუხედავად, ამერიკა ჯერჯერობით საქართველოს მიმართ ინტერესს არ კარგავს და ამას ანგარიშს გაუწევენ. რუსეთი ძალას ანგარიშს ყოველთვის უწევს“, - აცახდებს თორნიკე შარაშენიძე და განმარტავს, რომ რუსეთი აშშ-ისთვის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, მისი მოკავშირე ქვეყანა არ არის.