ქართული

ქართული "დელტა" და ამერიკული "ჰარისი" ახალი ფუნქციაშეძენილი "დიდგორის" მსოფლიო საიარაღო ბაზარზე გატანას შეეცდებიან

"სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" "თბილავიამშენთან" ერთად ჯავშანმანქანა "დიდგორის" მორიგი მოდიფიკაცია - ე.წ. ინტეგრირებული ქსელების მანქანა წარმოადგინა, რომელიც საბრძოლო დანაყოფებს შორის კავშირის დამყარების უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. "დიდგორზე" დაყენებულია ცნობილი ამერიკული კომპანია "ჰარისის" თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წყაროები არ აზუსტებენ ამ აპარატურის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ეჭვს ვერ შევიტანთ მის მაღალ მაჩვენებლებში, რადგან "ჰარისი" მსოფლიო ბრენდია და უკვე ათი წელია ქართულ არმიას რადიოკავშირის საშუალებებით უზრუნველყოფს", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (№ 2, თებერვალი, 2014) სტატიაში სათაურით "დიდგორი" ჯარების მართვას სწავლობს / ქართული "დელტა" და ამერიკული "ჰარისი" ახალი ფუნქციაშეძენილი "დიდგორის" მსოფლიო საიარაღო ბაზარზე გატანას შეეცდებიან.

"ჯერჯერობით, აწყობილია ხუთი "დიდგორი" და ჩანს, მათ ქვეით ბრიგადებს გაუნაწილებენ. სწავლების ან საბრძოლო მოქმედების დროს "დიდგორი" დგება არჩეულ ადგილას, მას ნიღბავენ, მანქანის სახურავზე იშლება დამატებითი ანტენები, მანქანიდან გამომავალი კაბელი მიჰყავთ საველე შტაბამდე, ხოლო ძირითადი გადამცემ-მიმღები რადიოაპარატურა რჩება "დიდგორის" უკანა შეჯავშნულ ნაწილში, სადაც იგი უფრო დაცული იქნება ახლომახლო აფეთქებული ჭურვების ნამსხვრევებისგან. ძვირად ღირებული რადიოელექტრონული აპარატურის განთავსება ჯავშანმანქანაში მსოფლიო არმიებში მიღებული პრაქტიკაა და "დელტას" ახალმა ხელმძღვანელობამ ამ მიმართულებით მუშაობა გასულ წელს დაიწყო", - აღნიშნავს გამოცემა. 

"გასაგები მიზეზების გამო ქართულ არმიას მაქსიმუმ 10-15 ასეთი მანქანა თუ შეიძლება დასჭირდეს, თუმცა მისი ექსპორტის შანსი ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი "დიდგორებისა". ამის თქმის საფუძველს იძლევა ინტეგრირებული ქსელების მანქანის შექმნაში ამერიკული "ჰარისის" ჩართვა, კორპორაციისა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება თავის საქმეში და მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობებთან თანამშრომლობს. `ჰარისის~ რადიოელექტრონულ-აპარატურიანი `დიდგორების~ შესაძლო ექსპორტი შეიძლება იმ ფაქტორმაც გააადვილოს, რომ ეს ჯავშანმანქანები ამერიკული Fორდ F550-ების შასიზეა აწყობილი, `ფორდის~ ძრავებისა და სხვა სავალი ნაწილის რემონტი კი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია კარგად ორგანიზებული და რემონტის პრობლემა არ შეიქმნება", დასძენს გამოცემა.

"შეიარაღებული ძალების კონტრაქტორების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათ შემცირებას გეგმავს. სამხედროების თქმით, ბოლო დროს დისციპლინა გამკაცრდა და მცირე დარღვევაზეც კი ხელფასს უქვითავენ. ამასთან, როგორც ირკვევა, კონტრაქტს არ გაუგრძელებენ იმ კონტრაქტორებს, ვისაც რაიმე სპეციალობა არა აქვთ. "არსენალი~" თავდაცვის სამინისტროს პოზიციით დაინტერესდა, თუმცა, სამინისტროში მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, ჯერჯერობით კონტრაქტორების შემცირება არ იგეგმება და თუ მსგავსი გადაწყვეტილების საჭიროება დადგა, ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ამცირებენ თუ არა კონტრაქტორებს არმიაში?

""საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მეთაურობისგან გავიგეთ, კონტრაქტორები უნდა შემცირდნენ, რადგან ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ მეტი კონტრაქტორი გვყავს. გაფილტვრა მოტივაციისა და დონის გათვალისწინებით ჩატარდება და ვნახოთ, ვინ დარჩებაო. არადა, მე და ბევრ ჩემისთანას უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სხვა სამსახურის პოვნის ან სულაც ქვეყნიდან წასვლის შანსი გვქონდა, მაგრამ არ წავედით, რადგან გარდა იმისა, რომ სამხედრო სამსახური გვაინტერესებდა, სამშობლოში დარჩენა და თუნდაც ნაკლები ანაზღაურებით მუშაობა ვარჩიეთ. მე სხვა პროფესიაზე უარი ვთქვი და სამხედრო საქმე შევისწავლე, იმიტომ, რომ იარაღი ყოველთვის მიყვარდა. ახლა კი, თუ ვიღაცას თვალში არ მოვუვედით, შეუძლიათ კონტრაქტი აღარ გაგვიგრძელონ და ისევ უმუშევრები დავრჩებით. სავალდებულო სამსახურის გაუქმებას აპირებენ, ძლიერი და კარგად მომზადებული არმია უნდა გვყავდესო და ახლა ამასაც ამცირებენ" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი.

""სენაკის სამხედრო ნაწილი ყოველთვის დაქვითვებით იყო ცნობილი. ეს დასჯის მეთოდი NATO-ს ჯარებიდან გადმოიღეს წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ წესრიგი შერჩევითი ხომ არ უნდა იყოს - აქ ნაცნობობითა და პირადი ურთიერთობებით დაიწყეს საქმის მოგვარება, თუ ვიღაცას ვიღაც ჰყავს, ის დაცულია ყველაფრისგან: დასჯისგან, დაქვითვისა და ფიზიკური დატვირთვისგან. ადრეც ასე იყო, უბრალოდ, მაშინ ამას ვერავინ ამბობდა, ლამის ციხის რეჟიმში ვცხოვრობდით, იმდენად ვიყავით დაძაბული, რომ ასეთ რაღაცებს არც ვაქცევდით ყურადღებას. ახლა კი, როდესაც ხელფასი მოგვიმატეს, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა გაგვიუმჯობესეს, უცებ შემცირებაზე დაიწყო ლაპარაკი. მე 7 წელია სამხედრო საქმეს ვემსახურები, სავალდებულო სამსახური მოვიხადე და კონტრაქტით დავიწყე სამსახური. ახლა ვიღაცის გამო განზე რომ დავრჩე, ვიღაც იმიტომ დატოვონ, რომ გავლენიანი ახლობელი ჰყავს, უსამართლობა იქნება. ალბათ, მე არ დავიკარგები, მაგრამ ამდენი შრომა რომ წყალში ჩამეყაროს, არ მინდა. იმ საშინელ ხელმძღვანელობას გავუძელით და ახლა რომ მომიწიოს კამუფლაჟის გახდამ, ეს მორალურად დამანგრევს", - ამბობს ზვიადი, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი.

""ყველამ იცის, თუ შემცირება დაიწყო, რამდენად "სამართლიანი" იქნება. გვეგონა, საქმე გამოსწორებისკენ მიდიოდა და მხოლოდ კვებას ვუჩიოდით, არადა, თურმე შემცირებას გვიპირებენ -კვების პრობლემის მოგვარებას კი ვერა და ვერ დაადგა საშველი, უკვე ეჭვი გვაქვს, რომ ამასაც განგებ აკეთებენ. რას და როგორ ამზადებენ, ეს კიდევ სხვა საკითხია, ამასთან, ულუფაც შემცირდა. მაგალითად, ჯარისკაცმა ორი სოსისი და ორი კვერცხი უნდა იმყოფინოს, მეტის დამატება არ შეიძლება. წვნიანის ულუფა გაგვინახევრეს და ისიც თითქმის ცარიელი წყალია. ეს ყველა რანგის სამხედრო პირმა იცის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ნაწილში, მაგრამ არავინ არაფერს ამბობს. რაც შეეხება კონტრაქტორების შემცირებას, ამის წინა პირობა უკვე არსებობს, ახლა კონტრაქტის გასაგრძელებლად თანხმობას ბატალიონის მეთაური იძლევა. მეორე კონტრაქტზე ვარ უკვე და ადრეც ყოფილა ასეთი სწავლება, განსაკუთრებით რუკაზე მუშაობაა ძნელი, მაგრამ ამ პროგრამას რამდენჯერმე გავდიოდით. ახლა რამდენი ხანია ერთსა და იმავეს გვასწავლიან. ამას ემატება მუდმივი დაქვითვები. ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერზე შეუძლიათ მოგედავონ, წამებსაც კი გვითვლიან. სავარაუდოდ, ცდილობენ, სტიმული დაგვიკარგონ, რათა კონტრაქტი საკუთარი სურვილით აღარ გავაგრძელოთ, ან უბრალოდ მიზეზი გვიპოვონ, რომ უდისციპლინოები ვართ", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი და შეკითხვას - "მაგრამ ჯარში წესრიგია საჭირო..." - პასუხობს:

"დიახ, ეს კარგად ვიცი, მაგრამ მეთაურობას თუ მოდავება უნდა, მიზეზს ყოველთვის იპოვის... ჩემთვის სამხედრო სამსახური უცხო არ არის, წლებია ჯარში ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საქმეა. ასე არიან ჩემი მეგობრებიც. თუკი შემცირება იქნება, პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა შეარჩიონ და არა ნაცნობობით. ავღანეთში რომ ვიყავით, ამერიკელ ჯარისკაცებს ყოველთვე ჩამოსდიოდათ ამერიკელი ხალხის საჩუქარი, წიგნები, კროსვორდები, მუსიკალური დისკები, ფილმები. უბრალოდ, მოსახლეობას ახსოვდა, რომ მათი შვილები ცხელ წერტილში იყვნენ და ასე უცხადებდნენ მხარდაჭერას, რადგან ამერიკას პროფესიონალებისგან შემდგარი არმია ჰყავს. ჩვენთან თუ ნაცნობობის სისტემა არ მოისპო, არასდროს არაფერი გვეშველება"

"2014 წელს სომხეთი რუსეთიდან მიღებული "ისკანდერ-V"-ების საბრძოლო პოზიციებზე განთავსებასა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ობიექტებისთვის დამიზნებას აპირებს - ინსინუაციები ამ თემაზე 2013 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს, თუმცა ამის დამადასტურებელი ზუსტი ინფორმაცია დღემდე არ არსებობდა, მაგრამ 24 იანვარს სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებამ თითქმის ყველაფერი გაარკვია. როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთი წელს დაასრულებს რუსეთში ზეზუსტი, შორსმსროლელი სარაკეტო კომპლექსების შესყიდვას. გამოდის, რუსული `ისკანდერების~ განთავსება სომხეთის ტერიტორიაზე მხოლოდ დროის საქმეა და ის აუცილებლად შესრულდება", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ერევანი რუსული "ისკანდერებით" ბაქოსაც მისწვდება.

"რატომ სურს ოფიციალურ ერევანს მაინცდამიანც ძვირად ღირებული "ისკანდერების" შეძენა, როდესაც მის განკარგულებაში ისედაც არის 120 კმ-მდე მფრენი "ტოჩკა-უ"-სა და 300 კმ რადიუსის მქონე "ელბრუს"-ების (დასავლეთში მას "სკადს" ეძახიან) ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები? საქმე ის არის, რომ ერევანს სურს სარაკეტო თავდასხმის ზონაში აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ასევე კასპიის ზღვაში მდებარე ამ ქვეყნის მთავარი საშემოსავლო საშუალება - ნავთობის ჭაბურღილებიც მოაქციოს. სომხეთის არმიის "ტოჩკა-უ"-ები ბაქოს თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღიდანაც ვერ მისწვდებიან, რაც შეეხება "სკადებს", ისინი საბრძოლო მზადყოფნაში არ უნდა იყვნენ (მიუხედავად იმისა, რომ ერევანში აღლუმების დროს ამაყად ჩაატარებენ ხოლმე), რადგან თხევად მაღალტოქსიკურ საწვავს საჭიროებენ, რომლის მარაგი სომხეთში საეჭვოა დარჩენილი იყოს (რუსეთმაც დიდი ხანია შეიარაღებიდან მოხსნა "სკადები")", - წერს სტატიის ავტორი.

""თუკი სომხეთის არმიის შეიარაღებაში მართლაც გამოჩნდა რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები "ისკანდერ-V", მაშინ სომეხ გენერლებს მათი საშუალებით 3,8 ტ მასის ბალისტიკური რაკეტის (რომელსაც 480 კმ მასის საბრძოლო ქობინი აქვს) გაშვება მაქსიმალურ 480 კმ-ზე შეეძლებათ, თანაც მიზანში მოხვედრის 20-30 მ-ის სიზუსტის გარანტიით. ეს კი ერევანს საშუალებას მისცემს სარაკეტო თავდასხმების არეალში აიყვანოს ბაქო არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არამედ თავად სომხეთის აღმოსავლეთი რაონებიდანაც. ბაქოსთვის და კასპიის ზღვის ნავთობჭაბურღილებისთვის "ისკანდერების" დამიზნება, სავარაუდოდ, ერევნისთვის არის ერთგვარი სამხედრო-პოლიტიკური შემაკავებელი ბერკეტი იმ შემთხვევისთვის, თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლება მაინც დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს ტერიტორიების დასაბრუნებლად - იანვრის ბოლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაიძაბა და ხანგრძლივი, ინტენსიური პოზიციური სროლა მიმდინარეობს. ვერავინ გამორიცხავს, რომ ეს შეტევით ოპერაციებში არ გადაიზარდება", - დასძენს სტატიის ავტორი.