ევროპარლამენტის საქართველოსადმი დამოკიდებულებას იმთავითვე ეტყობოდა, რომ ამ მართლაც საპატივსაცემო ორგანოს ბოლოდროინდელი განცხადებები (რომლებიც სრულად ჯდება მიმიდნარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში), ძირითადად, ევროპულ საზოგადოებებში აზრის შესაქმნელად და საქართველოში ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა შესაგულიანებელ ფუნქციას ასრულებდა. პირადად ჩემთვის ეს იმთავითვე გახდა ნათელი, როდესაც რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა იმ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რის თანახმადაც, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო იმდენად დაძაბული იყო, რომ ფიზიკურად დევნიდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მომხრეებს, ხოლო ოპოზიციის ლიდერებსა და მათი ოჯახის წევრებს უკანონოდ ართმევდნენ ქონებას (სრული აბსურდი). ბუნებრივია, ამის შემდეგ მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა უცერემონიოდ დაიწყეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და სულ ბოლოს ყველაზე უცნაური, ალბათ, მაინც მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული განცხადება გახლდათ, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ მოსალოდნელი მსხვერპლის შესახებ და გაკვირვებასაც, ხელისუფლების მხრიდან ამდენი სისასტიკის ფონზე, რომ არავინ დაიღუპაო.
თუ ეჭვიანად მივუდგებით ამ განცხადებას, შეიძლება, ჩავთვალოთ, როგორც აშკარა მინიშნება, თუ როგორ ელიან საქართველოში მოვლენების განვითარებას, ხოლო, თუ ოპტიმისტურად განვიხილავთ, გახარებულები ბრძანდებიან, რომ დაპირისპირება უსისხლოდ მიმდინარეობს და, იმედია, უსისხლოდვე დასრულდება.
იბადება ეჭვი, რომ დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ შეასრულოს ფიჩხის როლი რეგიონისთვის, ანუ სამხრეთ კავკასიისთვის, რომელზეც უშუალოდაა მიბმული ცენტრალური აზია და, ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთი, რომელიც მეტად უცებ და უჩვეულოდ აალდა სირიაში და არანაკლებ მიუღებელია ხალხის უმეტესობის პასიურობა, რომლებსაც არ სურთ ქუჩის პროტესტში მონაწილეობის მიღება (როგორც ჩანს, მეხსიერებაში 1991-1992 წლების სამოქალო ომით მოყენებული იარები ჯერ კიდევ მტკივნეულია). უცნობია, რამდენ ხანს გაუძლებს ქვეყანა დასავლეთიდან შემოტევებს საქართველოს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების პირობებში, იმას გარდა, რომ არც ყარსის ხელშეკრულება გაუუქმებია ვინმეს; არც აზერბაიჯანს უთქვამს უარი დავით გარეჯის ალბანურ კუთვნილებაზე (აღარაფერს ვამბობ ქვემო ქართლზე) და არც სომხეთის ინტერესის დავიწყება ღირს ჯავახეთისადმი (განსაკუთრებით, ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ).
როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები საქართველოში და რა შედეგს მოუტანს ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. იმის გათვალისწინებითაც, რომ დასავლეთის პოლიტიკური ძალების ნაწილი თითქოს ვა-ბანკზე მიდის საქართველოსადმი და, ალბათ, გაგვიმართლა, რომ არ არის გასული საუკუნის 90-ანი წლები, როდესაც ნატოს ჯარებმა ბელგრადი დაბომბეს, დღეს მსგავსი რეაქცია დასავლეთიდან, უდიდესი ალბათობით, გამორიცხულია. რის მანიშნებელია ევროპარლამენტარების, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ჩამოსვლა და აშკარა მოწოდებები ხელისუფლების წინააღმდეგ? რის საფუძველზე დაასკვნეს მათ, რომ მათი სიტყვა გადამწყვეტად ფასეულია ქართველი საზოგადოებისთვის? ვინ დააჯერა საფრანგეთის პირველი პირი, რომ მის ვიდეომომართვას მაგიური ზემოქმედების ძალა ექნებოდა? როგორ უნდა გავიგოთ მოწოდება: სასწრაფოდ დაუბრუნდით ევროკავშირის გზას? – for.ge ამ თემებს მამუკა არეშიძესთან ერთად განიხილავს.
რას კარგავს ევროკავშირი ისეთ ფასეულს, რომ საერთოდ დაივიწყა ურთიერთობის ფორმა? რა გეგმა ჩაუშალა მათ საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობის ნაწილმა, რომელმაც არ მისცეს ხმა ოპოზიციას, რომ დასავლეთი ასეთი პირდაპირი ზეწოლის ბერკეტებს იყენებს?
- აქ ბევრი ფაქტორის ერთიანობაა. სიტუაციის კონტროლის სურვილია და ხედავენ, რომ სიტუაციის კონტროლს ვერ ახერხებენ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ კონკურენციაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ საკითხებში. ახლა, მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ ამუშავდა ის შუა დერეფანი, აშენდა ანაკლიის პორტი და დასავლეთს, ამ სივრცის გავლით, დაახლოებით, ტრილიონ დოლარამდე ბრუნვა ექნა ჩინეთსა და დასავლეთ ევროპას შორის და მთელ აი, ამ კვანძს აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები.
შესანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
- მისთვის შესანიშნავია, მაგრამ ძველი ევროპისთვის არ არის შესანიშნავი. ახალი ევროპისთვის, ყოფილი სოციალისტური ბანაკისთვის და უპირველესად, უნგრეთისა და რუმინეთისთვის, ეს გადასარევია. მაგრამ, ხომ ხედავთ, რომ ძველი ევროპა არ აძლევს ახალ ევროპას დომინაციას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აქტიურობენ ახალი ევროპის წარმომადგენლები?! პირობით გეოპოლიტიკურ ცნებებს ვიყენებ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ევროპის სახალხო პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი, ის ამ გაერთიანების წევრია და „სახალხო პარტია“ პარტნიორებს იცავს, ფაქტობრივად. და რადგან „სახალხო პარტია“ დღეს დომინანტი პარტიაა ევროკავშირში, ამიტომ მათი პოზიცია გასაკვირი არ უნდა იყოს. ეს მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
გარდა ამისა, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სახის შენარჩუნება. ევროპა ასრულებს როლს, რომ მას ევრაზიულ კონტინენტზე შეუძლია, მოაგვაროს ყველაფერი და, რაც მთავარია, არანაკლებ მნშვნელოვანი ფიჩხის თემაც, რაც თქვენ ახსენეთ. რუსეთის დასუსტების ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში, იმისთვის, რომ ხვალ-ზეგ დაინგრეს რუსეთი ჩრდილო კავაკსიაში შექმნილი დესტაბილიზაციის მეშვეობით.
და იმ ფაქტორს რით გაანეიტრალებენ, რომ რუსეთმა არ მოახრიგინოს თავისი ტანკები ჩვენს ცენტრალურ ტრასასთან, არ გადაკეტოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი და ჩვენი უფრო მეტი ტერიტორია არ წაიღოს? ევროპელებმა ვერ დაინახეს, როგორ დავიმალეთ 2008 წლის ომის დროს? არ იციან ეს ამბავი?
- რა თქმა უნდა, იციან. რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი მოსურნე იმისა, რომ არ იმუშაოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანმა, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესები ეჯახება ჩინეთის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, რუსეთი ამ საკითხში ბევრად უფრო დელიკატური იქნება, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო, უკრაინის ომი რომ არა. ახლა ასე მარტივად ვერ მოხდება ეს ამბავი. ჩინეთისთვის უზამრაზარი სილის გაწვნა იქნება მისი უმცროსი პარტნიორი რუსეთისგან, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს და შესაბამისი დასკვნაც გაკეთდება პეკინში, რაც რუსეთისთვის დღეს ხელსაყრელი არ არის.
მაშინ რა არის რუსეთისთის ხელსაყრელი?
- აი, ამ ტრასასთან ერთად იმუშაოს ჩრდილოეთ-სამხრეთის ტრასამაც და იმუშაოს არა მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რადგან მაშინ ამ მონაკვეთში აზერბაიჯანი მონოპოლისტი ხდება. ამდენად, აზერბაიჯანი, როგორც თურქეთის მოკავშირე, არ შეიძლება, რუსეთისთვის ბოლომდე სანდო იყოს, ამიტომ საჭიროა ამ ტრასის ერთმა შტომ გაიაროს აფხაზეთიდან სომხეთისკენ, მით უმეტეს, რომ სომხური რკინიგზა რუსეთის მფლობელობაშია და შემდეგ გაგრძელდეს ირანში. ამას უკავშირდება საუბრები აფხაზეთის სტატუსის შეცვლის შესახებ: ამას აქვს თავისი საფუძველი. მოკლედ, თუ ვერ ვაკონტროლებ, ვიყო მაინც; თუ ვერ ვახერხებ, შევცვალო სიტუაცია, მაშინ სიტუაციას უნდა ვეუფროსო, ამ სიტუაციის მმართველი გავხდე. ცნობილი გამონათქვამია: თუ არ შეგიძლია, შეცვალო ვითარება, მაშინ უნდა მოახერხო და მართო ვითარება. ყველას ვერ მოსთხოვ, ერკვეოდეს გეოპოლიტიკაში და იმის ცოდნას, რა პროცესები ვითარდება გარშემო, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება ერთ გარემოებას: თბილისსა და სირიაში, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე დღეს დაიწყო ის, რაც დაიწყო: ეს იყო 27-28 ნოემბერი. გლობალურ სამყაროში დღეები ასე მარტივად არ ემთხვევა და ორი ასეთი ექსცესური მდგომარეობა არ ხდება. რაც მთავარია: რაც თბილისში დაიწყო, ეს ხომ მხოლოდ თბილისში არ დაწყებულა?! ეს დაიწყო სამხრეთ კავკასიაში და რაც დაიწყო სირიაში, არ დაწყებულა მხოლოდ სირიაში: ეს დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ამ უზარმაზარ მონაკვეთზე, რის შედეგადაც დღეს აბსოლუტურადაა შეცვლილი გეოპოლიტიკური მოცემულობა აი, იმ სივრცეში, რომელშიც არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: თურქეთი, ირანი, ერაყი, სირია, ლიბანი და ისრაელი. უცებ დაეცა რუსეთის ავტორიტეტი; უცებ შეეკვეცა ფრთები ირანის ფრთაგაშლილობას, უცებ ბევრად უფრო გაძლიერდა ისრაელი; უცებ ბევრად გაძლიერდა თურქეთი; თურქეთმა და ისრაელმა, რომლებიც მანამდე ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანდნენ, მოილაპარაკეს სირიის თემაზე და ახლა სირიის ჩრდილოეთისა და ცენტრის დიდ ნაწილს აკონტროლებს თურქეთი, ხოლო სამხრეთ სირიას აკონტროლებს ისრაელი, რომელმაც ამ დღეებში უკვე დამასკოს გარეუბანში შეიყვანა თავისი მოწინავე კონტინგენტი. ამ ფონზე კი სირიის ხელისუფლებაში უცებ ზომიერი ისლამისტები მოვიდნენ, თუმცა ტერმინი „ზომიერი ისლამისტი“ ნონსენსია, სასაცილოა, იმიტომ რომ ისლამისტი ისლამისტია, სხვანაირი ისლამისტი არ არსებობს და უცებ ყველა ტერორისტი გახდა ზომიერი ისლამისტი. ალ ჯულანი, რომელიც ცნობილი ბანდიტი და ტერორისტი იყო ყველა სახელმწიფოსთვის, დღეს არის წესიერების სიმბოლო. მისი ერთ-ერთმა საველე მეთაურმა, კავკასიური შენაერთის მეთაურმა - მალიკ ალ კავკაზმა - გამოაცხადა, ამას რომ მოვრჩებით, შემდეგ კავკასიაში ვიწყებთ მოქმედებასო. ეს გახლავთ „ალ ნუსრას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრალური აზიისა და კავკასისის ზონაში ძალიან აქტიურ ხორასანის ვილაიეთთან. ხორასანის ვილაიეთს კი ჩრდილო კავკასიაში კარგა ხანია, ჰყავს დაძინებული უჯრედები, რომლებმაც შეცვალეს კავკასიის სახალიფო. წარმოგიდგენიათ, რა აჯაფსანდალი დატრიალდება ცოტა ხანში ამ რეგიონში?! და ეს ყველაფერი დაიწყო თბილისიდან.
მე კი წარმომიდგენია, მაგრამ საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს თუ წარმოუდგენიათ?
- მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს ეს ყველაფერი. სულაც რომ თვალშისაცემად გაყალბებულიყო არჩევნები და სულ რომ აუტანელი იყოს დღევანდელი მთავრობა და მისი თითოეული წევრი, იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, არ ღირდა იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ დღეებში გადაიდგა. ხელისუფლების გადაცდომებსა და მოუქნელ ნაბიჯებზე შემიძლია, ცალკე ვილაპარაკო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ საზოგადოების დიდი ნაწილისა და ოპოზიციის აქტიობებზე. ამის გაგრძელება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ყველაფერი უკან დაგვრჩება. გარანტიას გაძლევთ, რომ, თუ ეს ასე გაგრძელდა, თუ სამოქალაქო ომი, ღმერთმა ნუ ქნას და არ დაიწყო, არის მოვლენების განვითრების მეორე ვარიანტიც და არც ისაა კარგი. მეორე ვარიანტია, რომ მოვლენები აბსოლუტურად სხვა მიმართულებით განვითარდეს და იანვრის ბოლოს შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ამ არჩევნების ამბავი აღარავის ახსოვდეს, დაახლოებით, ისე, მეორე დღეს ინგასა და კუკარაჩას ამბავი არავის ახსოვდაო.
დიახ, მეორე დღეს ომი დაიწყო.
- საქმე აქამდე არ უნდა მივიყვანოთ. რასაკვირველია, შეგვიძლია, ვილაპარაკოთ ძალადობაზე, პოლიციის არასწორ ქმედებებზე. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აკეთებდნენ პოლიციელები იმას, რასაც აკეთებდნენ. ხანდახან მგონია, რომ კონკრეტული პროვოკატრები იყვნენ ჩასმულები ამისთვის, ასე მინდა, ვიფიქრო, თორემ შეიძლება, უბრალოდ სადისტები იყვნენ. ზუსტად არ ვიცი, ბევრი კითხვა მაქვს. ბუნებრივია, სტრატეგია სწორი იყო, ტაქტიკა - არასწორი. ერთი სიტყვით, საბოლოო ჯამში, ასეთი სურათია: უფრო უარესადაც რომ მოქცეულიყო მთავრობა არჩევნებისა თუ ევროკავშირთან მოლაპარაკების კონტექსტში, მაინც არ ღირდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება, დადგეს. ტრამპის იმედი გვაქვს, მაგრამ ისეთი პრობლემები ხვდება ტრამპს, რომ შეიძლება, საქართველო და სამხრეთ კავკასია აღარც კი გაახსენდეს. ის 20 იანვრიდან ამერიკელ ხალხს დაჰპირდა ისეთი მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას, როგორებიცაა: მიგრაციის შეჩერება, ეკონომიკური ზრდა, ფასების შემცირება და რომელი ერთი ჩამოვთვალო. მსოფლიოს კი დაჰპირდა რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებას. ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევიკავით სუნთქვა და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ეს ტკივილი დავმალოთ, იმისთვის, რომ საზარბაზნე ხორცად არ იქცეს მთელი სამხრეთ კავკასია - საქართველოს ჩათვლით.
ქვეყანა ვის ადარდებს ... გამოდიან ძაღლების პატრონები, დიასახლისები, ადრე ამდგრები, ექიმები, წყალბურთელები, ფეხმძიმე ქალები და კაცები :)) სამარცხვინო და სასაცილოა ეს ყველაფერი
ნაძვის ხე არ აანთოთ, ბაზრობა არ აამუსაოთ, ყველამ ლოყები ჩამოვიხოკოთო
ვაშაძე, ხაბე, გვარამია და სხვა ვაიპოლიტიკოსები ეთერებში ლანძღავენ მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებს ... მერე შეხვდებათ ვინმე გალანძღული, ერთს უთავაზებს და დაიწყება ვიშვიში "პოლიტიკური ნიშნით" "ტიტუშკები" ... თქვენი მყრალი ენის გამო გცემენ!
ეს გადაგვარებული 40 წლის დამწყები ხელოვანები ზოგი გალანძღვის შიშით და ზოგი ფულის ხათრით უკადრებელს კადრულობენ ...
აი ამას ვამბობ მეც --მეც მასე მგონია
რა თქმა უნდა სინამდვილეში ეს ამბები მიშას დარბევებიდან ძალიან შორსაა, (რეებიც მოხდა იმას ასზე ამრავლებენ) მაგრამ როცა ესე ათასი ჯურის მამაძაღლი დურბინდით დაგვყურებს,, მაინც ვფიქრობ რომ ამათ პრიჩინა ნაკლებად უნდა მისცენ...
ვიცი რომ ეს ყველაფერი ,,მიშას დემოკრატიას,, არც კი შეედრება მაგრამ არეშიძე მართალს ამბობს---მეც ნაცების ,, სისხლისანი,, მგონია ეგ ხალხი .