რატომ სურს პუტინს მარგველაშვილთან შეხვედრა და არა ღარიბაშვილთან?

რატომ სურს პუტინს მარგველაშვილთან შეხვედრა და არა ღარიბაშვილთან?

"რუსეთის პრეზიდენტმა 10 თებერვალს უკვე ღიად დააფიქსირა, რომ ის მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. გასულ კვირას კი, მან ნიადაგი მოსინჯა და მისივე პრესსამსახურის უფროსის, პესკოვის საშუალებით გზავნილი გაუკეთა მარგველაშვილს, სოჭში თუ ჩამოვა, შევხვდებიო. პუტინი ღიად აცხადებს მარგველაშვილთან შეხვედრის სურვილს, რაზეც მარგველაშვილი პასუხობს, ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ რუსეთთან ურთიერთობისთვის, ამიტომ ამ საკითხზე კონსულტაციები გვექნებაო. რა სიურპრიზებს გვიმზადებს რუსეთი და რატომ შეარბილა ტონი? "ალიას" კითხვებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი პასუხობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ სურს პუტინს მარგველაშვილთან შეხვედრა და არა ღარიბაშვილთან?

"რუსეთს რჩება ორი გზა, ოლიმპიადის შემდეგ ან საქართველოსთან მეზობლურ გზას დაადგება, რითაც საერთაშორისო საზოგადოების კეთილგანწყობას მოიპოვებს და ამით კავკასიაში პოზიციებსაც შეინარჩუნებს, ან აირჩევს პროვოკაციებისა და ზეწოლის გზას, რომლითაც კავკასიის რეგიონს დაძაბავს, არეულობას გამოიწვევს და კულმინაციის დონეზე დაუპირისპირდება ერთიან გლობალურ პროცესებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკას სამიდან ექვს თვეში გაანადგურებს და რუსეთს დააბრუნებს 90-იან წლებში, როცა, ფაქტობრივად, დაშლილი იყო", - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი.

"რუსეთმა საერთაშორისო მხარდაჭერა იგრძნო ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხში, მანამდე კი რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს შორის კონფლიქტი დასავლეთმა არ აიტაცა და კანონდარღვევებს თვალი დაუხუჭა, რის ხარჯზეც რუსეთმა სახელმწიფო შეინარჩუნა. უფრო ადრე, 90-იან წლებში, პრაქტიკულად დაშლილი რუსეთი იურიდიულად არ გააფორმა და დასავლეთი რუსეთის სახელმწიფოს ჩამოშლას წინ აღუდგა. ახლა რუსეთს ოლიმპიადაზე თანადგომა აღმოუჩინა, უსაფრთხოების არნახული ზომებია მიღებული არა მარტო სოჭში, არამედ მსოფლიოს იმ ქვეყნებშიც, სადაც ტერორიზმის ბუდეებია. ეს ოლიმპიადა არ ჩატარდებოდა, აშშ-ს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს ოფიციალურად განცხადებები, რომ არ გაეკეთებინათ, ჩვენ ჩამოვალთ ოლიმპიადაზეო. ამის შემდეგ დასავლეთი რუსეთისგან ელოდება მის ლოგიკურ ნაბიჯებს საქართველოსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოსა და აერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უნდა დაჯდეს და ეკონომიკურ, პარტნიორულ ურთიერთობაზე ღიად დაილაპარაკოს. უნდა გაირკვეს, რას ეძახის რუსეთი 21-ე საუკუნეში მეზობლობასა და ცივილიზებულ ურთიერთობას?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.

"პუტინმა მარგველაშვილი, ალბათ, მხოლოდ სტატუსის გამო აირჩია და სწორედ იმიტომ, რომ მას არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია, ეს იქნება სასინჯი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც გაარკვევს პოზიციებს, თუ რაზეა მზად საქართველოს ხელისუფლება, საქმიანად და გრძელვადიან გეგმებზე სასაუბროდ კი პრემიერს შეხვდება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ვითარების გართულება და ამის გამო დასავლეთთან კონფლიქტში შესვლა რუსეთისთვის წამგებიანია. არა მგონია, რუსეთმა ამის გამო თავისი ეკონომიკა და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. საქართველომ ურთიერთობის დასათბობად ნაბიჯები გადადგა, მაგრამ, თუ რუსეთმა პროვოკაციების გზა აირჩია, პირობას ვდებ, რომ წლის ბოლომდე რუსეთში დაიწყება საშინელი ეკონომიკური კრიზისი, რასაც მოჰყვება რუბლის კურსის ვარდნა, ამას მოჰყვება სოციალური ულმაყოფილება და მასობრივი გაღატაკება, ავტომატურად გაიხსნება საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით დაკონსერვებული კონფლიქტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში და თათრეთში", - განაგრძობს რესპონდენტი.

"იცით, რატომ უნდა შეხვდეს მარგველაშვილი პუტინს? ჩვენ არ უნდა მივცეთ სალაპარაკო რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენ გავურბივართ დიალოგს და ვაცხადებთ ბოიკოტს, უნდა შეხვდეს თუნდაც იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გასაგები გახდეს, რუსეთს რა უნდა. აქამდე ამბობდნენ, სააკაშვილთან ლაპარაკს არ ვაპირებთო, ახალმა ხელისუფლებამ კი გადადგა რამდენიმე ნაბიჯი კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებისკენ, ახლა ველოდებით რუსეთისგან შემხვედრ ნაბიჯებს", - დაასკვნის ზაალ კასრელიშვილი.