2014 წლის 11 თებერვალს, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით 13:00 საათზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ეწვევა. ასევე, ღონისძიებას სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტის 112-ის მომხმარებლები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და 112-ის ეფექტურ მუშაობაში წვლილის შეტანისათვის მადლობის სიგელს 5 თანამშრომელს გადასცემს. ასევე, დასაჩუქრდებიან 112-თან დაკავშირებული ისტორიების და ფოტოკონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები. კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო ფოტოები ცენტრში გამოიფინება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში 112-ის ოპერატორებმა 8 401 512 ზარს უპასუხეს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ოპერატორის მუშაობის სპეციფიკა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდენენ, რა სირთულეებს აწყდებიან ოპერატორები და რამდენად სტრესულია მათი საქმიანობა.
112-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი მინისტრს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ცენტრში განხორცილებული ცვლილებებსა და დაგეგმილ სიახლეებს გააცნობს.
11 თებერვალი 112-ის დღედ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით 2009 წელს გამოცხადდა. საქართველოში უკვე 2 წელია, რაც გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი ფუნქციონირებს, ხოლო ევროპის მასშტაბით 1991 წლიდან სარგებლობენ.
112 გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოს მასშტაბით და კოორდინირენულად მუშაობს შემდეგ მომიჯნავე სამსახურებთან: საპატრულო, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან. ზარების მიღება მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. 112-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც, თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ ბარათი.