„დეზორიენტირებულ უწყებას სამართლიანობის აღდგენა და 25 ათასი საჩივარი „ავკიდეთ“

„დეზორიენტირებულ უწყებას სამართლიანობის აღდგენა და 25 ათასი საჩივარი „ავკიდეთ“

"დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასე თუ გააგრძელა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ეზრდება. ამას გარდა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლების წარმომადგენლებს კომპეტენციასაც უწუნებს და ისევ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე აპელირებს.

თუ რას ფიქრობენ ოპონენტის კრიტიკაზე ხელისუფლებაში? - ამის გარკვევის მიზნით, for.ge გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს ესაუბრა:

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა კომპეტენტურობით ქართულ ოცნებას“ 100:0- უგებს. ოპონენტის კრიტიკას იღებთ?

- ბურჯანაძის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ ნაციონალებთან ურთიერთობის, ეტყობა, მან თავიანთი თანაგუნდელების კომპეტენციაზე რაიმე განსაკუთრებული იცის და „ქართული ოცნების“ კომპეტენციაზე მცდარი წარმოდგენა აქვს. ეს ადამიანები ბოროტების კეთებაში, ნამდვილად გვჯობნიან. ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს, ამიტომ, ხელისუფლება საკუთარი გეზის შენარჩუნებას ცდილობს და ეს მოსწონს თუ არა ბურჯანაძეს, ნაკლებად მაღელვებს.

თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა კომპეტენციასთან დაკავშირებით, მეც გკითხავთ, ფრაქციაქართულ ოცნებაშიკომპეტენტური ხალხია? ამას მხოლოდ იმიტომ გეკითხებით, რომ აღნიშნულ ფრაქციაში არიან ადამიანები, რომელთაც კანონპროექტი არათუ მოუმზადებიათ, სავარაუდოდ, მომზადებულიც არ წაუკითხავთ...

- რაც პარლამენტში ხდება, კმაყოფილი ვარ. თუნდაც, გარემოს დაცვის სფეროში ის კეთდება, რაც ნაციონალებს მთელი მმართველობის პერიოდში არ გაუკეთებიათ. გარემოს დაცვით სფეროში რეფორმები არც მაშინ გატარებულა, როცა ქალბატონი ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. მათ დროს, ერთადერთი ინკვიზიციური მართლმსაჯულება დაინერგა და მოწოდებას - „ყველანი ციხეში“ წინა ხელისუფლება ბრწყინვალედ ასრულებდა. მსგავსი „რეფორმა“ თუ ნოვაცია იყო, მაშინ ეს ბრწყინვალედ გამოსვლია როგორც ყოფილ, ასევე ამჟამინდელ ნაციონალებს. რაც შეეხება კრიტიკას, ხელისუფლებამ კრიტიკა უნდა მიიღოს, რადგან შეუცდომელი და შეუცვლელი არავინ არის. რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ, შეცდომები ნამდვილად მოგვდის და ამისგან დაზღვეული არავინ არის. მთავარია, შეცდომების აღიარება ვისწავლოთ. არ გვგონია, რომ ჩვენ ვართ ერთადერთები, განუმეორებლები და უმწიკვლო ადამიანები.

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე გამოავლინა, რომ საზოგადოებრივ აზრს აკვირდება, თუმცა, ისეთი საკითხებიც იყო, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა.

რომელ საკითხებს გულისხმობთ?

- ფარცხალაძის თანამდებობიდან წასვლის დროს, ბევრად უფრო სწრაფად უნდა გამოგვევლინა ის უნარი, რაც გამოვამჟღავნეთ, მაგრამ ერთი კვირა დავაგვიანეთ და არასასურველი განწყობები შევქმენით, რაც არ გვჭირდებოდა. საბოლო ჯამში, ეს ადამიანი თანამდებობიდან მაინც წავიდა და ამიტომ, სწრაფი რეაგირება სჯობდა. ასევე ბორდი-ს თაობაზე საკმაოდ ნეგატიური შედეგი მივიღეთ. შეიძლებოდა ეს პროცესი არ გაწელილიყო და სხვანაირად დალაგებულიყო. შეიძლება ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ სახელისუფლებო გუნდს რაიმე მიმარულებით გამოცდილება არ ჰქონდეს.

თუმცა, საზოგადობა თქვენსამართლიანობის აღდგენისპროცესის გაწელვის გამოც გაკრიტიკებთ. წინამორბედისგან განსხვავებით, გიორგი ბადაშვილი საკმაოდ ნელია და ჯერ მისი აქტივობა არ გვინახავს. საზოგადოება პროკურატურის გააქტიურებას უნდა ელოდოს?

- პროკურორის დანიშნულება მხოლოდ ის არ არის, რომ გამოძიება აწარმოოს და პირი პასუხისგებაში მისცეს. მათი ვალდებულებაა, საქმე პირუთვნელად გამოიძიონ და პირუთვნელი გადაწყვეტილება გამოიტანონ. ასევე, წინა წლებში ჩადენილი დანაშაული აღიარონ, როგორც ეს ე.წ. ტრაქტორისტების საქმეზე მოხდა. ამ საქმეზე გამოტანილ ვერდიქტს პრეცედენტული სახე მიეცემა, რადგან ეს შემთხვევა უნიკალურია. წინა ხელისუფლების პირობებში, პროკურატურა სასამართლოს განრიდებას არასოდეს არ სთავაზობდა და სისხლის სამართლის საქმეებს არ ხურავდა. ეს ყველაფერი კი, იქითკენ იყო მიმართული, რომ ადამიანები კოცონზე გაეგზავნათ და მათი სიცოცხლე მოესპოთ. ქვეყანაში ინკვიზიციური მართლმსაჯულება იყო დამკვიდრებული და ამ პროცესიდან უწყების გამოყვანას დრო სჭირდება.

ხომ არ შეიძლება, ნახატის ხატვა ერთმა მხატვარმა დაიწყოს და მეორემ გააგრძელოს?! ნებისმიერ მხატვარს თავისი შეხედულება აქვს. გამოძიება კი, ამაზე უფრო რთულია. ახალი ხელისუფლების პირობებში, მესამე პროკურორი შევცვალეთ და ეს ყველაფერი იმას ცხადყოფს, რომ იქ ინსტიტუციური პრობლემები იყო და შეიძლება, ახლაც არის.

საქმე საკამოდ რთულად არის, მარტივად არაფერია და ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. დეზორგანიზებული, უფლებააყრილი პროკურატურა ჩავიბარეთ, რომელიც განაჩენებს შტამპავდა, საქმეებს გვარ-სახელებს უცვლიდა და საპროცესო შეთანხმების თანხებს განსაზღვრავდა. დეზორიენტირებულ უწყებას კი, სამართლიანობის აღდგენა და 25 ათასი საჩივარი „ავკიდეთ“, მაგრამ ვის ავკიდეთ, იმ პროკურორებს, რომლებიც თეთრით შავზე ყველაფერს ამახინჯებდნენ? ეს ხომ წარმოდგენელი რაღაცაა? კბილაშვილმა 80 პროკურორი გაუშვა და როცა საგამოძიებო ნაწილის უფროსი იცვლება, ეს უზარმაზარი ცვლილებაა პროკურატურაში. თითოეული საქმეზე რვა ტომია და ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება. ამას გარდა, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ბევრ საქმეზე კვალი დამახინჯებულია, ან წაშლილია. ამ ყველაფერის მოყოლით კი არ ვწუწუნებ, არამედ პრობლემას უნდა ჩავწვდეთ.

გიორგი ბადაშვილი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას და მასზეა დამოკიდებული რას გააკეთებს პროკურატურაში. ბადაშვილი პროფესიონალი გამომძიებელია და ვფიქრობ, რომ ტემპი გაგრძელდება და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბევრი საქმე გახმაურდება. ეს მოსწონთ თუ არა ნაციონალებს, ნაკლებად მაღელვებს, რადგან მთვარია, სამართლიანობა აღდგეს, მაგრამ ვერ იქნება „ტროიკები“. მყისიერი მართლმსაჯულება არ არსებობს. ეს ის იქნება ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლოთ. ხედავთ, უგულავა, ჭიაბარეშვილი, მერაბიშვილი, ახალაიას საქმეების განხილვა რამდენი ხანია გრძელდება? ურთულესი საქმეებია და ამის მყისიერად მოგვარება არ შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი წუნია ვაზაგაშვილის, გირგვლიანის, ჟვანიას საქმეებში. ამ ადმიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ყველა კვალი წაეშალათ. კვალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტამდეც მიდის, მაგრამ კვალი წაშლილია და ამ კვლების აღდგენა ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება.

თქვენ იმ პრობლემებზე აპელირებთ, რაც .. სამართლიანობის აღდგენას თან ახლავს, მაგრამ ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა, შელახული უფლებების აღდგენისთვის მოგიყანათ ხელისუფლების სათავეში. არ ფიქრობთ, რომ თუკი საგამოძიებო ტემპებს არ დააჩქარებთ, პრობლემები შეგექმნებათ?

- არ არის გამორიცხული, რომ პრობლემები შეგვექმნას. ამას არ უარვყოფ. მართალი გითხრათ, პრობლემა ხელისუფლებას შეექმნება არა მხოლოდ ამ დაპირების შეუსრულებლობაზე, არამედ სხვა დაპირებების შეუსრულებლობაზეც. რა თქმა უნდა, პრობლემები შეიქმნება და ყველას მოვუწოდებ ჩვენ-ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. „ქართულ ოცნებას“ ადამიანებმა ხმა მისცეს იმის გამო, რომ სამართლიანობა აღმდგარიყო, შემდეგ პენსიები გაზრდილიყო, ბიზნესი ფეხზე დამდგარიყო და ა.შ. ამ დროისთვის, ბევრი რამეა გაკეთებული და უმადურები არ უნდა ვიყოთ. როცა მიტინგებს აღარ არბევენ, ადამიანებს მოსაკლავად არ დასდევენ, არჩევნებს აღარ აყალბებენ, როცა სასამართლო გამჭვირვალეა, მედია ხარჯებზე საუბრობს, ეს ცოტაა?

როგორ ჩანს, ცოტაა, რადგან იგივე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომქართულმა ოცნებამ ასე თუ გააგრძელა ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი ეზრდება. რა შანსი აქვთ ნაციონალებს, მმართველ გუნდში დაბრუნების?

- ნავაროს ბოლო კვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 9 პროცენტია და ეს პროცესები, ცუდისკენ რანაირად მიგვყავს? ამ ცხრა პროცენტში ამდენი თავგახურებული ლიდერი, როგორ უნდა ჩაეტიოს და ვინ მოგვყავს ხელისუფლებაში? ეს სად ჩანს? ასეთ შეტყობინებს ნუ აყვებით, რადგან საკმაოდ მიამიტური ადამიანი თუ იტყვის, რომ გიორგი ცაგარეიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა ნაციონალები ხელისუფლების სათავეში მოიყვანოს.

თუმცა, თუ არ გააქტიურდებით და პროცესებს წინ არ წაიყვანთ, ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხე, თავისთავად გაჩნდება...

- შეუცველელი არავინ არ არის. არჩევნებში გაიმარჯვონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. კონკურენციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ამიტომ, „ქართული ოცნების“ კონკურენტი რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, ეს მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.