"ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დაფუძნება მართლაც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი დაფინანსების წყარო ექნება და არ იქნება დამოკიდებული უცხოურ დონორებსა და გრანტებზე. მე პირადად მზად ვარ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვითანამშრომლო ამ ორგანიზაციასთან, რადგან მიმაჩნია, რომ მას ძალიან ბევრი სასიკეთო ძვრის მოხდენა შეუძლია", - აცხადებს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით"პუტინმა თავისი გედის სიმღერა სწორედ ოლიმპიადის გახსნისას იმღერა" / "საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლში სწორედ მედიას მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი"
"ივანიშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება, თუმცა ამავდროულად კონტროლსაც გაუწევს. ქართული მედია ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ბუნებრივია, მის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი გამოძებნის შესაბამის ფორმებს, რომ ეს დახმარება ეფექტური იყოს და არც ზედმეტი კითხვის ნიშნები გაჩნდეს. იმაშიც დავეთანხმები, რომ საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლში სწორედ მედიას მიუძღვის გადამწყვეტი წვლილი. მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მედიის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე თვალჭრელიძე.
"წინა ხელისუფლებამ მოახერხა იმდენი, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, მათ გააღიზიანებთ ამ ფლანგზე "მოქალაქის" გამოჩენა და ალბათ, ახალდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის ოპონენტები იქნებიან. მეორე მხრივ, საქართველოში არსებობენ ისეთი არასამთავრობოებიც, როგორიცაა "სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვები, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მათ შეუძლიათ ძალიან ნაყოფიერად ითანამშრომლონ "მოქალაქესთან" და სავარაუდოდ, მზაობა თანამშრომლობისათვის "მოქალაქის" მხრიდანაც იქნება... "მოქალაქე" ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსებასაც ისახავს მიზნად - რასაც ახლა ვიტყვი, ზოგიერთ ექსპერტს გაანაწყენებს - საქართველოში ცნება "ექსპერტი" გახუნდა, რადგან ყველა ექსპერტი გახდა. თუ ვინმე გუშინ გამოჩეკილ ექსპერტებს აკრიტიკებს, არავის უნდა ეწყინოს. ასეთი კატეგორიის ექსპერტები მართლაც გაუნაწყენდებიან ივანიშვილს, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. ექსპერტთა კვალიფიციურ წრესთან თანამშრომლობა კი ნამდვილად წაადგება იმ საქმეს, რომელსაც ივანიშვილი ისახავს მიზნად", - განაგრძობს რესპონდენტი.
"... ოლიმპიადა პოლიტიკის ადგილი არ არის - ის მხარე, რომელიც სპორტის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას შეეცდება, დიდ შეცდომას დაუშვებს და წაგებული აღმოჩნდება. დიდი შეცდომა იქნება პუტინის მხრიდან, თუ მან აფხაზური ან ოსური თემით მანიპულაციები დაიწყო. თუ პუტინმა ოლიმპიადაზე პოლიტიკური თემატიკა გაააქტიურა, "სოჭი 2014" საბოლოოდ დაემსგავსება ნაცისტურ გერმანიაში ჩატარებულ ბერლინის ოლიმპიადას, ისედაც ხშირად ადარებენ ერთმანეთს. რაც შეეხება იმას, რომ ოლიმპიადაზე დელეგაციების მაღალ დონეზე მასპინძლობის მხრივ პრობლემები შეიქმნა, საქმე გვაქვს ტიპურ რუსულ "ბარდაგთან". რუსეთში ყოველთვის აქტუალურია ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ჩერნომირდინის გამონათქვამი - გვინდოდა, რაც შეიძლება კარგად გაგვეკეთებინა, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვისო", - განმარტავს ექსპერტი.
"ოლიმპიადის გახსნამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის განცხადება, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პუტინი ოლიმპიადის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვედროდა - პუტინის პრესმდივანი არ არის ისეთი ფიგურა, რომელიც მსგავს `შეცდომებს~ უშვებს. შეეშლებოდა და მეორე დღეს აღარ იქნებოდა თავის თანამდებობაზე. სხვათა შორის, პუტინისთვის უდიდესი პიარი იქნებოდა, რომ სოჭში ერთდროულად შეხვედროდა გიორგი მარგველაშვილს და ვიქტორ იანუკოვიჩს, თუმცა ეს მისთვის ფანტასტიკის სფეროდანაა", - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
"პესკოვის განცხადება ემსახურება იმას, რომ ქართულ მხარეს ანკესი გადმოუგდეს და შეამოწმეს, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ განცხადებას თბილისში, სადაც განაცხადეს - ასეთი შეხვედრის შესაძლებლობა არც კი განხილულაო. დიახ, რუსეთი გვეპატიჟება დიალოგისთვის, მაგრამ ეს დიალოგი სურს მხოლოდ დიალოგისთვის, საერთაშორისო საზოგადოების დასანახად. რეალურად კი, მოსკოვში კარგად იციან, რომ პუტინის მიერ 2008 წლის აგვისტოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. რუსეთი არ აპირებს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, საქართველო კი არასდროს დათანხმდება იმ ვითომდა ახალ პოლიტიკურ რეალობას, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს. ჩვენ უნდა ვემზადოთ დიალოგისთვის ანტიპუტინურ ძალებთან, რომლებთანაც მართლაც შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. პუტინმა თავისი გედის სიმღერა სწორედ სოჭის ოლიმპიადის გახსნისას იმღერა და ამას მალე ყველა დაინახავს", - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვას - "რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა არღვევს ე.წ. საინფორმაციო ბლოკადას და დასავლეთის შეშფოთება `პოლიტიკურ დევნაზე~ ნელ-ნელა იკლებს", პასუხობს:
"ვისაუბროთ მთავარ მიზეზზე, რომლის გამოც დასავლეთი განცხადებებს აკეთებდა "პოლიტიკურ დევნაზე" და მოგვიწოდებდა - მიხეილ სააკაშვილი არც დააკავოთ და არც დაჰკითხოთო. დასავლეთს ეშინოდა, რომ თუ თანამდებობიდან წასული ყოფილი პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდებოდა, ეს პრეცედენტი დააშინებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა პრეზიდენტებს, რომლებიც თანამდებობის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მაგალითად, ვიქტორ იანუკოვიჩი მოკვდებოდა, მაგრამ არანაირ დათმობაზე არ წავიდოდა. ახლა დასავლეთი ხედავს, რომ ამის საფრთხე აღარ არის და შესაბამისად, განცხადებებმა, რომლებშიც ისინი სავარაუდო პოლიტიკურ დევნაზე საუბრობდნენ, იკლო. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს _ მართლაც წარმატებული იყო როგორც დავოსში, ისე ბრიუსელში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ელის. ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადებზე გავლენა მოახდინა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, რომელსაც ევროპა თავშეკავებული სილაჩრით უყურებდა".