ვისი მეშვეობით ახერხებს „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დამყარებას?!

ვისი მეშვეობით ახერხებს „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის დამყარებას?!

ვისი მეშვეობით ახერხებს ქართული ოცნება ტრამპის ადმინისტრაციასთან პირდაპირი და არაპირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას?! ამ ეტაპზე ასეთი პიროვნების, თუ პიროვნებების ვინაობა უცნობია, თუმცა შესაძლოა, ამ საქმეში თავისი წვლილი მიუძღვის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც კონსულტაციისთვის ტრამპი მანამდეც მიმართავდა, სანამ ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა.

თავად ვიქტორ ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეა. მართლაც, ტრამპისა და ორბანის გზები არაერთხელ გადაკვეთილა. 9 დეკემბერს ორბანი მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ფლორიდაში შეხვდა დონალდ ტრამპს.

აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!- ასეთნაირად გამოეხმაურა ვიქტორ ორბანი ტრამპთან შეხვედრას და, პარალელურად, მილიარდერ ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც შეხვდა, რომლის დანიშვნასაც ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად აპირებს.

სხვათა შორის, ტრამპმა ორბანს ამავე რეზიდენციაში ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისშიც უმასპინძლა.

ამჯერად რა საკითხები განიხილეს ტრამპმა და ორბანმა, ეს უკანასკნელი არ აკონკრეტებს, თუმცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ტრამპის რეზიდენციაში შეხვედრებს ესწრებოდა, ამბობს, რომ მარ-ა-ლაგოში კარგი დღე და ხანგრძლივი საუბარი იყო ტრამპთან.

ცნობილია ისიც, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ტრამპი ორბანს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, რათა გაეგო მისი აზრი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ.

ქართულ ოცნებაში დარწმუნებულნი არიან, რომ ღირებულებითი თანხვედრა გახდება იმის წინაპირობა, ტრამპმა მათთან კომუნიკაცია დაამყაროს.

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ რიგი დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქართულმა ოცნებამ თურმე ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღებით ჩახერგა, თუმცა სწორედ ეს კანონებია მთავარი ღირებულებითი ერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.

ხალხის ძალის წევრ სოზარ სუბარის თქმით, ღირებულებითი თანხვედრა, რაც საქართველოს ხელისუფლებას და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებობს, ჩვენი ქვეყნისთვის შვების მომცემია.

რაც შეეხება მაკრონს, რომელმაც ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილს დაურეკა, გამორიცხული არ არის, სწორედ ტრამპის მითითებით დაამყარა მან კონტაქტი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან.

ვინ ეხმარება საქართველოს ხელისუფლებას ტრამპთან ურთიერთობაში?

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, რის გამო დაურეკა მაკრონმა ივანიშვილს, თუმცა გამორიცხული არ არის, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ წამოვიდა ბიძგი, რომ მაკრონს დაერეკა ბიძინა ივანიშვილისთვის, ან კიდევ, მაკრონმაც და ტრამპმაც დაინახეს, რომ ტრამპთან მიჭრილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი აშკარად არაადეკვატური, პათოლოგიური ქალბატონია და იმიტომ დაურეკა ივანიშვილს.

ფაქტია, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია ისევე, როგორც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს გაჟღერებული მისივე მრწამსი, სადაც ხაზს უსვამს, რომ მშვიდობის მომხრეა, რომ ამერიკა არ უნდა ჩაერთოს კონფლიქტებში, არამედ ამერიკის როლია, კონფლიქტები დასრულდეს მსოფლიოში და იყოს მშვიდობა, ძალიან კარგი ინიციატივებია. ტრამპის მშვიდობიანი პოლიტიკა, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელსაც ასეთი მდებარეობა აქვს, რის გამოც ასეთი ზეწოლა ხორციელდებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ თქვა კიდეც პოდოლიაკმა, რომელიც გვაქეზებდა, შევსულიყავით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში: ახლა უნდა გავაცნობიეროთ, რომ დასავლეთის მიერ დაპირებული მეორე ფრონტი არ გაიხსნება, ჩვენ მხოლოდ ჩვენი ცოცხალი ძალისა და დასავლეთის ტექნიკის იმედი უნდა გვქონდეს. მართლაც, რუკას რომ გადავხედოთ, საქართველოს გარდა, არსად არ არის არც ერთი სხვა წერტილი, სადაც შეიძლება გახსნილიყო მეორე ფრონტი. ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებები. ქალბატონი კიმბერლი ლოუ რომ გამოვიდა, ეს ქალბატონი ნამდვილად არსებობს, ნამდვილად ტრამპის გუნდის წევრია და შესაძლებელია, წარადგინონ თანამდებობაზე, მისი ტექსტიც თავიდან ბოლომდე ეყრდნობა იმ პრინციპებს, რაც ტრამპისა და მისი გუნდის მიერ არის გაჟღერებული და რაც საქართველოსთვის სრულიად მისაღებია, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

არის თუ არა კიმბერლი ლოუ შუამავალი ტრამპსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ამის თქმისგან ანალიტიკოსი თავს იკავებს, მაგრამ ამბობს, რომ ტრამპი ხშირად ეყრდნობა პირად კონტაქტებს, პიროვნებებთან ურთიერთობას. ამ მხრივ მისი დასაყრდენია მისი ვაჟიშვილი, ასევე, სიძე კუშნერი, ვისაც დიდი ფუნქცია აკისრია, ტრამპმა მას ჩააბარა ლიბანში კონფლიქტის მოგვარება ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს. მნიშვნელოვანია, ასევე, ვიცე- პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, რომელმაც დაიცვა ცნება ოჯახური ღირებულებების შესახებ, რომ ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის კულტივირება არ ვარგა. პეტრე მამრაძის აზრით, ტრამპის გარემოცვაში სწორედ ასეთ ადამიანებთან შეიძლება კონტაქტების დამყარება.

რაც შეეხება ორბანს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავის საუბრებში ტრამპთან უდავოდ ახსენებს საქართველოს, ეს შედის მის დღის წესრიგში. ტრამპსა და ორბანს შორისაც შეხედულებების თანხვედრაა. მათ პირად მეგობრობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მათ შორის ღირებულებითი თანხვედრაა. ახლაც ორბანმა წარმოადგინა საშობაო გეგმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ეს მიღებული პრაქტიკა იყო ევროპაში ჯერ კიდევ ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდან მოყოლებული. შობა იქნებოდა, თუ აღდგომა, ასეთ დღეებში აცხადებდნენ ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარულ აქციას - ტყვეების გაცვლას. სხვათა შორის, ზელენსკიმ, უკრაინელი ხალხის ამ ნამდვილმა მოღალატემ, არ მერიდება ამის თქმა, ეს ინიციატივა ცინიკურად უკუაგდო. ტრამპს და მის ადმინისტრაციას ხელში აქვს ბერკეტები, დაასრულონ ეს კონფლიქტი და ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ, თუნდაც დაწყებული იმით, რომ უკრაინის ბიუჯეტის 70%-ზე მეტი ამერიკული დოლარებით ივსება. ეს დახმარება რომ შეწყდეს, ან შემცირდეს, უკრაინის ფინანსური სისტემა ცოტა ხანში კოლაფსის რეჟიმში გადავა, რადგან ევროპას არანაირად არ შეუძლია და არც სურს, შეავსოს უკრაინის ბიუჯეტი. თანაც, ევროპელებმა კარგად იციან, რას ხმარდება ეს ბიუჯეტი აღვირახსნილი კორუფციის პირობებში, როდესაც ზელენსკი და მისი გარემოცვა ასე მდიდრდება. ზელენსკის ნათქვამი აქვს: მე ვიცი, რომ გამასამართლებენ. ეს მეც ვიცი და ვუსურვებ ზელენსკის და უკრაინას, ეს მალე მოხდეს, რადგან ეს არის უკრაინელი ხალხის დიდი ჭირი. ისიც ვიცი, რომ ტრამპის დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია ზელენსკის მიმართ და ტრამპს ნათქვამი აქვს: დიდი ვაჭარი ყოფილა, რამდენი ჩამოვა ამერიკაში, იმდენი ათობით მილიარდი დოლარი მიაქვს. ეს შეწყდება,- აცხადებს პეტრე მამრაძე.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ ორბანსა და ტრამპს შორის მართლაც არის ღირებულებითი ერთობა. ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო ტრამპი, როდესაც ორბანი ჩავიდა მასთან. ისიც ცნობილია, რამხელა მხარდაჭერა გამოხატა ორბანმა, როდესაც არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და პირდაპირ განაცხადა, რომ აღიარებს ამ არჩევნებს და საქართველოს ხელისუფლებას უჭერს მხარს.

ადრე იყო იდეოლოგიური პრინციპებით განსხვავება, მაგალითად, იყო კაპიტალიზმი, სოციალიზმი და ასე ფორმირდებოდა მსოფლიო. დღეს უკვე მსოფლიოში ღირებულებითი თანხვედრაა. ამას მეცნიერები უწოდებენ აქსიოლოგიურ თანხვედრას. ჩვენი ხელისუფლება მოხვდა სწორ მხარეს. ტრამპი სწორედ იმ ღირებულებების მქონეა, რაც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ამდენად, ორი აზრი არ არის, რომ ტრამპი საქართველოს ხელისუფლებას მხარს დაუჭერს. ორბანის როლი ამ საქმეში გამოკვეთილია. ორბანი ტრამპის ძირითადი დასაყრდენია ევროპაში. ევროპა ტრამპისთვის, პირველ რიგში, ორბანის ევროპაა, ანუ ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების ევროპა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ტრამპი ინფორმირებული იყოს ორბანისგან საქართველოს შესახებ. ეს ოპოზიცია რომ ლაპარაკობს, ვინ არის ორბანი და დამაკნინებელი ეპითეტებით მოიხსენიებენ მას, სულაც არ არის ასე. ორბანი დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ for.ge- სთან საუბრისას.