ვიქტორია ნულანდის გეგმა უკრაინისათვის

ვიქტორია ნულანდის გეგმა უკრაინისათვის

სასიამოვნოა, რომ ვიქტორია ნულანდი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ საკითხებში, არ ერიდება და ევროკავშირის მიმართ საკუთარ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ბევრი ბრიტანელი კონესრვატორის, ფრანგი ფერმერის და იტალიელი მერძევეს მსგავსად, ის, როგორც ჩანს, ჯანსაღად აფასებს ბრიუსელს, როგორც უსიამოვნებების წყაროს. „ევროკავშირის ...!“ ამბობს ის ლაკონურად ახალ რგოლში YouTube-ზე, რომელმაც მორიგი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. ეს, შესაძლოა, რედაქტირებული რგოლი სავარაუდოდ ასახავს ნულანდის საუბრის ფრაგმენტს უკრაინაში აშშ-ის ელჩ ჯეფრი პაიეტთან და იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ნულანდი და ობამას ადმინისტრაცია ინტრიგებით არიან დაკავებული, რათა უკრაინა ახალი, უკეთესი მთავრობით უზრუნველყონ. იმავდროულად, მოსკოვში სიტუაცია უკიდურესად იძაბება. კრემლის მრჩეველი სერგეი გლაზევი ამბობს, რომ დროა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ეს ყველაფერი დაასრულოს და „პუტჩისტებს“ ბოლო მოუღოს. 

ობამას ადმინისტრაცია ცდილობს არ გაამახვილოს ყურადღება ვიდეოს შინაარსზე და ამის ნაცვლად მოსკოვის ბინძურ თამაშს აპროტესტებს. მართალია, ედუარდ სნოუდენი ამ საქმეში, დიდი ალბათობით, არაფერ შუაშია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩანაწერი მართლაც მოდიოდეს რუსეთიდან - თანაც ყოველგვარი სიყვარულის გარეშე. ამ ხუთშაბათს, ნულანდი კიევში იანუკოვიჩს ხვდება ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა მისი ქვეყნის მომავალი, რომელიც პერიოდულად აღმოჩნდება ხოლმე მუქარის ან ფლირტის ობიექტი ხან მოსკოვის, ხან ვაშინგტონის მხრიდან. რა უნდა აირჩიოს მან? ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებისას (პრეზიდენტის ერთ-ერთი სასიამოვნო პრივილეგია!), იანუკოვიჩმა საკმაოდ მაღალფარდოვნად განაცხადა, რომ კრიზისი მხოლოდ „დიალოგის და კომპრომისის“ გზით შეიძლება გადაწყდეს. 

თუმცა, ამ სატელეფონო საუბრის შედეგები ამერიკისათვის უმნიშვნელო არ არის. ჯერ ერთი, ის ცხადყოფს იმას, რომ ობამას ადმინისტრაციას არამხოლოდ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კრიზისის დასრულება, არამედ იმასაც, რომ მას ხელისუფლებაში მისთვის მისაღები მთავრობის მოყვანა უნდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა: 

„რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი ელჩი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მუშაობენ უკრაინის მთავრობასთან, ოპოზიციასთან, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ეხმარებიან მათ მშვიდობიანი გამოსავლის პოვნაში, რომელიც დაეფუძნება დიალოგს და პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. თუმცა, საბოლოო ჯამში უკრაინელმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი“.

აბსოლუტური სისულელე და ნულანდის სიტყვებიც ამას მოწმობს. უნდა შევიდეს თუ არა უკრაინული ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ახალ მთავრობაში? ნულანდის აზრით, არა. ის ვერ იმუშავებს ოპოზიციის მეორე ლიდერთან, იაცენიუკთან. „არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, არ მგონია ეს იყოს კარგი იდეაა“, ამბობს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. მაგრამ, კარგი იდეაა ის, რომ ამერიკის მთავრობა დამოუკიდებლად განსაზღვრავს ახალი მთავრობის შემადგენლობას სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია კანონიერად არჩეული მოქმედი მთავრობის დამხობაზე ან შეცვლაზე? თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ვაშინგტონი მოსკოვს სწორედ იმაში ადანაშაულებს, რომ ის უკრაინის შიდა საქმეებში ერევა, ღიმილისმომგვრელია, როდესაც თავად ვაშინგტონი ანალოგიური ჩარევით დაკავებული. მაგალითად, სენატორმა ჯონ მაიკკეინმა ახლახან თქვა:

„ბოლო თვეებში პრეზიდენტი პუტინი იყენებდა ყველა ბერკეტს უკრაინის შესაშინებლად და მის ჩამოსაშორებლად ევროპისაგან. ქცევის ეს მოდელი ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უნდა ერთგვარი იმპერიული ბატონობა მეზობლებზე. რუსეთის ახლადშეძენილ თვითდაჯერებულობას სერიოზულად უწყობს ხელს ის გაუბედაობა, რომელსაც ადმინისტრაცია მსოფლიოს სხვა ადგილებში, განსაკუთრებით სირიაში ავლენს“. 

მაგრამ, უკრაინელებმა საკუთარი ბედი თავად არ უნდა განსაზღვრონ? სწორედ ამაზე არ იყო ლაპარაკი თავიდანვე? ნუთუ ამერიკის ელჩი ადგილობრივი მონარქივით უნდა იქცეოდეს, და თავად ირჩევდეს იმას, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას კოალიციურ მთავრობაში და ვინ არა?
არავითარ შემთხვევაში.

მეორეც, ის, რომ რუსებს, როგორც ჩანს, შეუძლიათ ამერიკელი დიპლომატების კერძო საუბრების მოსმენა, ობამას ადმინისტრაციას სერიოზულად უნდა აღელვებდეს. შეიძლება, ნულანდი და პაიეტი ერთმანეთს დაუცველი ხაზით ელაპარაკებოდნენ, მაგრამ შეკითხვები აქაც ჩნდება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ობამა მთელი ძალით ეწინააღმდეგება ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (CIA) რეფორმირებას. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, ამერიკული დაზვერვა მით უფრო არაკომპეტენტურად გამოიყურება. მას არ შეუძლია არც უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება, რომელსაც აგროვებს, არც სამთავრობო საუბრების დაცვა მოსმენისაგან.

ნულანდის რეპლიკების ირგვლივ ატეხილი ხმაური ნელ-ნელა ჩაცხრება. თუმცა, ეს რეპლიკები ცხადყოფს, თუ როგორ წარმოებს ამერიკული საგარეო პოლიტიკა. და რაც უფრო ხმამაღლა აცხადებს ობამას ადმინისტრაცია, რომ ის არ ერევა უკრაინის საქმეებში, მით უფრო მტკიცედ შეიძლება ითქვას, რომ ის ერევა. 


foreignpress.ge