ვაშინგტონი 2013 წელს საქართველოში, ხოლო 2011 და 2012 წლებში რუსეთის ხელისუფლებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის. ამის შესახებ საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ მომზადებულ ანგარიშში. ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 16 თებერვალს წარსდგა.
მოხსენებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დაზვერვის კომიტეტს წარედგინა, თავში „კავკასია და ცენტრალური აზია“ საუბარია, რომ მართალია მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სამომავლო გეგმებს არ განსაზღვრავს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით მისთვის ხელმისაწვდომია ყველა პარამეტრი, რომელიც მას 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, კვლავ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, ამჯერად - პრემიერ-მინისტრის რანგში.
მოხსენებაში ცალკე თავი ეთმობა რუსეთს. ანგარიშში საუბარია, რომ მიუხედავად ოპოზიციის საპროტესტო აქციებისა, ოპოზიციის ლიდერთა რეიტინგის ზრდის ტემპი დაბალია და მმართველი პოლიტიკური სისტემა საკმაოდ მყარია. ამიტომ არც დუმას 2011 წლის და არც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას რუსეთში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოსალოდნელია არ არის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტობას ან დიმიტრი მედვედევი შეინარჩუნებს, ან ამ პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქტები და ცენტრალური აზიის ზოგიერთი სახელმწიფოს სიმყიფე რეგიონში ახალი ცხელი კერებისთვის საფუძველს ქმნის.
მოსკოვის გახანგრძლივებული სამხედრო ყოფნა და საქართველოს სეპარატისტულ (დოკუმენტში ზუსტად ეს ტერმინია გამოყენებული) რეგიონებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ეკონომიკური კავშირები, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არსებული სტატუს-კვოთი უკმაყოფილოა, დაძაბულობის საფუძველს ქმნის.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი მცდელობა, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებთან ერთობლივად იმოქმედოს, ამ დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
დოკუმენტის მიხედვით 2011 წელს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ გამოწვევად. საუბარია ირანის მიერ გაეროს მოთხოვნების იგნორირებაზე და იმაზე, რომ თეირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას. დოკუმენტის მიხედვით, აზიის აღმოსავლეთისთვის ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ფხენიანის ხელთ არსებული ბირთვული იარაღი და სარაკეტო პროგრამები. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებია დასახელებული.