პუტინის ოკუპაციური ოლიმპიადა

პუტინის ოკუპაციური ოლიმპიადა

ბუნებრივია, რომ კარს მომდგარი სოჭის ზამთრის ოლიმპიადა გვიბიძგებს კრიტიკული თვალით შევხედოთ მასპინძელ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც განსაკუთრებით ჰომოსექსუალებისა და ჟურნალისტების მიმართ ვლინდებოდა. 

ამის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ოლიმპიადის მეშვეობით კვლავ განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას - ფარულად იყენებს რა ოლიმპიადას საქართველოს ტერიოტორიაზე ოკუპირებულ აფხაზეთზე კონტროლის გასაძლიერებლად. მეზობელი ქვეყნის დაპყრობის ფაქტის მიუხედავად - ამის ანალოგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის არსად არის და ასეთი ქმედება გაეროს ქარტიით პირდაპირ არის აკრძალული - საერთაშორისო თანამეგობრობას თითქმის არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს.

რუსეთმა ოლიმპიადის ჩატარების ადგილი თავისი ბოლო „მონაპოვრის“ განსამტკიცებლად გამოიყენა - აფხაზეთის მთავარი ქალაქი სოხუმი სოჭს მხოლოდ მოკლე საავტომობილო გზითაა დაშორებული. ოლიმპიური მშენებლობისათვის აუცილებელი მასალების ნაწილი - მაგალითად ცემენტი და ქვა - აფხაზეთიდანაა წამოღებული. ათასობით მშენებელი სოხუმში იქნა ჩასახლებული - რითაც საქართველოს ტერიტორიასა და რუსეთის საკუთრებას შორის ზღვარი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი და საქართველო ზემოთხსენებული ზღვარის გამო ერთხელ უკვე შეეჯახნენ ერთმანეთს. 2008 წელს რუსეთმა თავის პატარა მეზობელ საქართველოსთან გაჩაღებული მოკლევადიანი ომის შედეგად მთლიანად დაიპყრო ორი რეგიონი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეს ტერიტორიები ოკუპირებულია.

ომის შემდეგ, რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი "დამოუკიდებელ" სახელმწიფოდ აღიარა. "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს" მსგავსად, რუსეთი შეეცადა სიტუაცია აგრესიული დაპყრობის ნაცვლად აფხაზების დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის და რუსეთისადმი შეერთების სურვილის კუთხით წარმოეჩინა.

მაგრამ სხვა ქვეყნებმა ეს ანკესი არ გადაყლაპეს და აფხაზეთს კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებენ. აფხაზეთი რუსეთის მიერ მართული მარიონეტია. მის მოქალაქეებს რუსული პასპორტები დაურიგეს, მისი ეკონომიკა რუსული გრანტებით ფუნქციონირებს, ხოლო ტერიტორიას რუსული ჯარი აკონტროლებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა დეფაქტო დაპყრობა - და რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საზღვრების საერთაშორისო ნორმების დარღვევა.

2008 წლის ომის შემდეგ დასავლეთის სახელმწიფოები რუსებს კრემლის ოკუპაციური პოლიტიკის გამო სხვადასხვა დიპლომატიური სასჯელებით დაემუქრნენ - მაგალითად, დიდი რვიანის წევრობის ჩამორთმევით და ა.შ. თუმცა არცერთი ზემოთხსენებული ზომა რეალურად არ განხორციელებულა. სინამდვილეში, დიპლომატიურ რეალობაში (რომელიც ძალიან ჩამოჰგავს ალისას რეალობას საოცრებათა ქვეყანაში) რუსეთი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო კვარტეტის წევრია, რომლის მიზანიც ისრაელის "ოკუპაციის" (როგორც ამას რუსები ხედავენ) დასრულებაა. ხოლო სადამსჯელო სანქციების ნაცვლად, რუსეთს ოლიმპიადის არა მარტო მასპინძლობის, არამედ მისი ახლად დაპყრობილი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარების უფლებაც კი მიეცა.

მეტიც, რუსული რეჟიმი ახლა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც დასავლეთი ყველა სხვა შემთხვევაში დანაშაულად მიიჩნევს - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალმოსახლენი შეჰყავს, რათა კიდევ უფრო გაამყაროს დემოგრაფიული ბალანსი დარჩენილი ერთი მუჭა ქართველების წინააღმდეგ.

რუსეთის მიერ ტერიტორიის კონტროლის უპირობო გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ რუსების მიერ ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე აფხაზეთის სიღრმეში საზღვრის 7 მილით გადაწევა. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ზუსტად ეს დრო აირჩია ამ ქმედებისათვის, პირდაპირ მიუთითებს, რომ მათი წარმოდგენით მსოფლიო მათ ერთგვარ ნებართვას აძლევს მეზობლების დასაპყრობად.

საერთაშორისო დუმილი, რომელსაც მსოფლიო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით შეხვდა, უფრო ჩუმ თანხმობას ჰგავს - თუ გავითვალისწინებთ იმ დიპლომატიურ მძვინვარებას, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი ოკუპაციის სხვა ფაქტების მიმართ იჩენენ.

მაგალითად, ევროკავშირის მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, არალეგალური ხდება იმ ებრაულ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე ოპერირებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სტანდარტით, მათ სოჭის ოლიმპიადაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა ეკრძალებათ - კორპორატიული სპონსორობიდან დაწყებული, უბრალო კონტრიბუტორობით დამთავრებული. ოკუპაციური ოლიმპიადის ჩატარება აშშ - ევროკავშირის "ოკუპაციის აღმკვეთი" საგარეო პოლიტიკის ფონზე იმის ნიშანია, რომ დასავლეთის მიერ კავკასიის საკითხზე საბოლოო კაპიტულაციამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი.

4 წლის წინ, ამერიკის ყოფილმა წარმომადგენელმა ნატოში, კურტ უოლკერმა დაწერა: "2014 წლის ოლიმპიადაზე ჩასვლა ყველა ჩვენგანს რუსეთის მიერ ევროპის საზღვრების ძალადობრივი შეცვლის თანამონაწილედ გვაქცევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამით რუსეთის მიერ ასეთი ქმედებების დაკანონება-ჩაცემენტებას შევუწყობთ ხელს". ახლა კი, ცემენტი უკვე ჩასხმულია - ცემენტი, რომელიც საქართველოდანაა წამოღებული.

მაშინ, როდესაც უკრაინელები კიევის რუსული გავლენის ქვეშ მოქცევას აპროტესტებენ, დასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა გაიგონ, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას თავისი მიზეზი აქვს. ამ რეგიონის ქვეყნები - მაგალითად უკრაინა და სომხეთი დიდი ხანია უკვე თვალს ადევნებენ მოსკოვის მიერ ძველი რუსული იმპერიის ძალისმიერი რეკონსტრუქციის პროცესს, რაც ყველა იმ ნორმის და პრინციპის დარღვევით ხდება, რასაც დასავლეთის ქვეყნები, მათივე განცხადებით ფუნდამენტურად მიიჩნევენ.


foreignpress.ge